"ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა..." - შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე
ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ თვალშისაცემია საგარეო დონეზე სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული ქმედება - ნახევარი სამყარო ტელეფონით შეწუხებული ჰყავს, ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა, ხან რას ამბობს და ხან რას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ან თქვას, რომ ჭორაობდა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები.
„სალომე ზურაბიშვილი უკვე საერთაშორისო დონეზე გახდა ცნობილი, რომ ბრალს დებს და შემდეგ მტკიცებულებებს არ წარადგენს. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანსაც მოუწია იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს დებთ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინოო.
იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოურ პრესას დღეში რამდენიმე ინტერვიუს აძლევს და ცილს წამებს ქართველ ხალხს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ თითქოს, მათი გაყალბებისთვის გამოყენება ხდება. ჩვეულებრივად, ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია საგარეო დონეზე სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციული ქმედება, ერთის მხრივ ამ ინტერვიუების სახით... ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო და ურეკავს, რომ ჩამოიქცა ქვეყანა, ხან რას ამბობს და ხან რას.
გუშინ ნახეთ, რომ ის არ აპირებს მისცეს ჩვენება. სისხლის სამართლის სისტემის ახალი განმარტება მოგვცა. ამბობს, რომ მე დავაბრალე და ეს მათი ამოცანაა, რომ გამოიძინონო. მე ვთქვი, რომ ვიღაცაა სპილო და ახლა მათ მოიძიონ მტკიცებულებები, რომ ოთახშია სპილოო. რატომ უნდა მოვიტანო რაიმე მტკიცებულებაო. ეს თქვა გუშინ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც წლები იყო პარლამენტის წევრი და წლებია არის საქართველოს პრეზიდენტი. ელემენტარულ სამართლებრივ საკითხშიც ვერ ერკვევა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „კარუსელიო“, ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელიო. ეს არის პირდაპირი ბრალდება. მან თქვა 17-ჯერო, არ თქვა 16, არ თქვა 18, არც 19 უთქვამს. 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ამიტომ გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? ეს ხომ არ არის ზოგადი განცხადება, ფიქრობ, რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს? თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალდება. ან თქვას, რომ ის ჭორაობდა და ამ ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები. მეორე ბრალდება იყო, რომ „ოცნებამ“, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარებაო. ხომ არ შეიძლება ასეთი ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი?!
გუშინ ვნახეთ ვიდეოპერფორმანსი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ძნელი იყო გარჩევა რაზე იყო საუბარი, მაგრამ, თითქოს ხდება რეგისტრატორის მიერ არაუფლებამოსილი პირის გატარება სიაში. სინამდვილეში, ვიდეოშიც ჩანს რა ხდება. ადამიანი არის მისული პასპორტით და არა პირადობის მოწმობით. ადამიანმა დასწამა ცილი ცესკო-ს, კომისიის წევრებს, თქვა რომ ეს უნდა გამოიძიონ, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და უარი თქვა მტკიცებულებების მიცემაზე, გამოვიდა პრესკონფერენციაზე ვითომ რაღაც მტკიცებულებები წარმოადგინა და იქაც ცილი დასწამა ყველას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"