500-წევრიანი „ტროპიკული ოჯახი“  შინდისში - კვირის პალიტრა

500-წევრიანი „ტროპიკული ოჯახი“  შინდისში

"ნებისმიერ ადამიანს თავისი ინტერესისა და კომფორტის ზონა აქვს - ჩემთვის კომფორტის ზონა ეს არის. არ ვთვლი, რომ მცენარეებზე დახარჯული ენერგია დაკარგულია. ის მათი სილამაზის სახით მიბრუნდება. ჩემი თვალი ამას ყოველდღიურად აღიქვამს, თითოეული ახალი ფოთოლი მიხარია", - ამბობს თათია კუჭუხიძე, ჟურნალისტი, ტროპიკული მცენარეების კოლექციონერი და ლანდშაფტის დიზაინერი. მის სახლში 500-მდე მცენარე ხარობს - მონსტერას 12, სინგონიუმის 42 სახეობა, ჰოიას - 18, სანსივიერების 28 ჯიში, ანგლოანემას - 11 და ბევრი სხვა. რატომ მაინცდამაინც ტროპიკული მცენარეები, როგორ უვლის მათ და რა შემოიტანეს ყვავილებმა მის ცხოვრებაში, ამაზე დიდი სიყვარულით გვესაუბრება.

qcdoe-kg-1730636870.jpg

თათია კუჭუხიძე:

- ბავშვობიდან ვიზრდებოდი სახლში, სადაც ბევრი სიმწვანე იყო. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ეზოს მცენარეების მოყვარული იყო. ბებო უფრო იებსა და ოთახის ყვავილებზე ზრუნავდა. ერთ ცივ საღამოს მთხოვა, მცენარეები შემომატანინეო, და მაშინ დავინახე, რა ლამაზი ყვავილები ჰქონდა პაწაწინა იებს. სტუდენტობისას ბებოსთან ხშირად ვერ მივდიოდი, მაგრამ იქაურობა სულ მენატრებოდა. ერთხელაც მასთან ვიყავი სტუმრად და დილით ახალგაღვიძებულს ბებოს ეზოში დაკრეფილი ვარდისფერი იორდასალამების უზარმაზარი თაიგული დამხვდა. ჩემთან ყვავილების სიყვარული იმ დღეს მოვიდა. იორდასალამების სურნელი ჩემში ისე შემოიჭრა, რომ სულ მახსოვს, ბებოსაც ეგ სუნი აქვს...

vgioolsi-1730636872.jpg

- დღეს მცენარეები თქვენთვის უკვე დიდი ზრუნვის საგანია.

- ერთხანს არ მქონდა ისეთი პირობები, რომ მცენარეები გამეზარდა, და არც იმაზე მიფიქრია, რომ შინ მომეტანა. როცა ჩემი ოჯახით (მეუღლე და შვილები) საცხოვრებლად ცალკე გადავედით, სავაჭრო ცენტრში ჯუჯა ვარდები ვიყიდე. ის ვარდები მართალია გაფუჭდა, მაგრამ ინტერესი გამიჩინა გამეგო, რა დაემართა, რა დავაკელი და დავიწყე ინფორმაციის მოძიება. მაშინ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოვაჩინე, რაზეც არასოდეს დავფიქრებულვარ, გარდა იმისა, რომ ვიცოდი, მცენარე ნათელ ადგილას უნდა ყოფილიყო განთავსებული. მოკლედ, შევიტყვე, რა ზომის უნდა იყოს ქოთანი, როგორი უნდა იყოს ნიადაგი, მისი რა ტიპები არსებობს. ერთ მცენარეს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. სანამ ისინი გამრავლდებოდა, ინტერნეტში ჯგუფი შევქმენი, რათა მოძიებული ინფორმაცია განმეთავსებინა და გამოცდილება სხვებსაც გაეზიარებინათ. ჯგუფი პოპულარული სწრაფად გახდა, მერე კი კოლექციონერობაზე გადავერთე.

- პირველი კოლექცია რისი იყო?

- მონსტერების. მახსოვს, ერთ ჯგუფში დავწერე, მონსტერა მინდა-მეთქი და ნატა ასათიანმა, უნივერსიტეტის პიარმა მაჩუქა. გაიზარდა და გამახარა. დღეს უკვე ინტერიერს არ ვცნობ, სადაც სიმწვანე არ არის. მგონი, იმ სივრცეს, იმ კედლებს სიცოცხლე, ხასიათი, ემოცია აკლია, სიმწვანე კი სიმყუდროვეს, შინაარსს სძენს.

რაც მცენარესთან ურთიერთობაში მომწონს, დისციპლინაა. მას აქვს საკუთარი რეჟიმი, რომელსაც შენგანაც ითხოვს. გაიძულებს, მის პირობებს მოერგო და შეუქმნა. სხვა შემთხვევაში არ გაილაღებს და უსახური იქნება. ამიტომ უნდა შეურჩიო განათება, ტენიანობა, ადგილი, ნიადაგი, ქოთანი. ამ ზრუნვის შედეგსაც მალევე ნახავ - ყველაფერს უკან გიბრუნებს.

yqsywkcm-1730636871.jpg

- როგორც ვიცი, ქალაქიდან საცხოვრებლად შინდისში გადახვედით, სადაც თქვენს უსაყვარლეს მცენარეებს უვლით...

- ორწელიწად-ნახევარია, რაც შინდისში გადავედით. იქ სივრცემ მომცა საშუალება, რომ მცენარეების მრავალფეროვანი ნაკრები მქონოდა. ეს სახლი ადრეც გვქონდა, პანდემიისას დავასრულეთ დიდი ხნის წინ დაწყებული მშენებლობა და გადავედით. ახლა იქ ყველგან, სადაც სინათლეა, მცენარე დგას ან დაკიდებულია. უმეტესად სამზარეულოა ათვისებული, მერე ნივთებიც მოვარგე და დეკორატიული ფუნქციები შევძინე. ამიტომაც ჩვენთან სტუმრობა ყველას მოსწონს. ეს მცენარეების დამსახურებაა. მერე მათზე შენი ემოციური მდგომარეობაც აისახება.

სამსახურიდან როცა ვბრუნდები ან დილით როცა მივდივარ, ვცდილობ ყველას დავუარო, მოვრწყა, დავათვალიერო, გადავაადგილო. ეს კარგ განწყობაზე მაყენებს - საუკეთესო ანტისტრესია. მათთან ურთიერთობა არ მღლის.

68241f2a-4d88-466b-920e-ad645d4623b2-1730380221.jpg

- ტროპიკული მცენარეებით დაინტერესება რატომ გაგიჩნდათ?

- რადგან მონსტერა პირველი ტროპიკული მცენარე იყო, რომელსაც სხვადასხვა ჯიშის მონსტერა მოჰყვა, მერე სხვა ფოთლოვანი მცენარეებიც მომინდა, ოღონდ ფერადები. აღმოვაჩინე, რომ არსებობს აგლაონემა, რომელიც რამდენიმე ფერისაა და მათი შეგროვება დავიწყე. ისე გამოვიდა, რომ ფერადფოთლოვანი მცენარეები უფრო მომწონს.

- მოგვიყევით ორანჟერეაზე იისფერი განათებით - რა პრინციპით მუშაობს?

- ჩემი ოცნებაა ეზოში ორანჟერეა მქონდეს, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე... რაც შეეხება სახლის სათბურს, ამაზე ზრუნვა და ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა მივხვდი, რომ ჩემი ფანჯრები მცენარეებს ვეღარ იტევდა, განათების გარეშე კი მათი ყოფნა წარმოუდგენელია. ერთ საიტზე აღმოვაჩინე სახლის სათბური. მარტივი კონსტრუქციაა, თაროების მსგავსი, რომელსაც პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი აქვს შემოხვეული. ეს შესაბამის პირობებს ქმნის მცირე მასშტაბში. შემდეგ განათებები თაროებზე სათანადო დისტანციით დავამაგრე. ასე გადავაქციე მისაღები ოთახი მცენარეების ინკუბატორად.

ნათურები რამდენიმე ფერისაა, ძირითადად, იისფერია. ულტრაიისფერი სხივები ის კომპონენტია, რაც მცენარეს სჭირდება, რათა სრულყოფილად განაგრძოს ზრდა-განვითარება. ფოტოსინთეზისთვის, რაც მცენარისთვის აუცილებელია, საჭიროა განათება და ტემპერატურა. ზამთარში მზის სითბოს ნაკლებობა მცენარის მდგომარეობაზეც აისახება. ამიტომ, რომ არ დეფორმირდეს, დაახლოებით 17-18 საათი მაქვს განათება ჩართული.

37277e62-0fb2-4889-a8b6-00687a1d063e-1730380221.jpg

- 500-მდე ტროპიკული მცენარე მაინც ძალიან ბევრია...

- ზოგი დიდ ქოთანშია, ზოგი პატარაში, ზოგიც ერთჯერად ჭიქაში. მათ ასეთი სპეციფიკა აქვთ, დეკორატიული ფოთლები რომ განივითარონ, ფესვი მჭიდროდ უნდა ჰქონდეთ. თუ ფესვი მჭიდროდ არა აქვთ, ეს დეკორატიულ ნაწილს აფუჭებს. ამიტომ პატარა ქოთნებშია მოთავსებული... ვატყობ, უკვე ჩემს შვილებსაც უყვარდებათ მცენარეები, გარემო და მათთან ურთიერთობა. სწავლობენ სახეობების გარჩევას. ამიტომაც მგონია, სწორ გზაზე ვდგავარ.

- რა მოიტანა ამ ყველაფერმა?

- სიმშვიდე, ამასთან, დიდი შრომა, მთელი ჩემი თავისუფალი დრო მათზე ზრუნვაში მიდის, მაგრამ არ ვთვლი, რომ ამ დროს ფუჭად ვხარჯავ. ყველას ვეუბნები, მცენარე მხოლოდ იმიტომ არ უნდა მოიყვანო, რომ მოგწონს, უნდა მოიძიო მასზე ინფორმაცია, შენი სახლის პირობები უნდა შეისწავლო, დღის განათება რომელი მხრიდან მოდის, მზე როგორი ინტენსივობითაა, როგორი ტემპერატურა გაქვს ზამთარ-ზაფხულ. როცა ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევ, მცენარე შენი ოჯახის წევრი ისე ხდება, ვერც კი იგებ.

x71eb-kn-1730636872.jpg

- როგორც ვიცი, მცენარეების სიყვარულით ამ დარგში მეტად გარკვევისთვის თბილისის მერიის პროგრამაში ჩაერთეთ...

- კი, დეკორატიული მებაღეობის კურსით ცოდნა და უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება შევიძინე, ამასთან, უკარგესი ადამიანებიც. ახლა დამოუკიდებლად შემიძლია პროექტების გაკეთება - ბაღის დიზაინი, მცენარეთა გეგმა და ბევრი ის დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინო ბაღის დაგეგმვისას.

kv9frbqs-1730636871.jpg

- მალე ზამთარი მოვა, რა არის საჭირო საზამთროდ მოსამზადებლად?

- ამ პერიოდში მცენარეებს სძინავთ, განსაკუთრებული, გარდა მორწყვისა, არაფერი სჭირდებათ - არც სასუქი, არც გადარგვა, მხოლოდ მორწყვა, ტენიანობა. გამათბობლები ჰაერს აშრობს, მცენარისთვის და განსაკუთრებით ტროპიკულისთვის, დამღუპველია, აჩენს უამრავ დაავადებას, რომელთა მოშორებაც მერე ძალიან რთულია. ამის თავიდან ასაცილებლად მარტივი მეთოდია ორ დღეში ერთხელ, ან როცა გაგახსენდებათ, წყლის რამდენიმე წვეთი ფოთლებზე მივასხუროთ. ჭრელფოთლოვანი მცენარეების შემთხვევაში ცოტა სიფრთხილეა საჭირო, ფოთლების ნაწილი ქლოროფილის გარეშეა, შესაბამისად, უფრო სუსტები არიან, ვიდრე მწვანე მცენარეები.

- რას ეტყვით მათ, ვინც ამბობს, მცენარე ჩემი საქმე არ არის, სახლში ერთიც ვერ გავახარეო?

- მხოლოდ ერთს ვეტყვი, მცენარეები გაახარონ მაშინ, როცა მათი მოვლისთვის მზად იქნებიან.