ქართველი ემიგრანტის „სიმშვიდის ფორმულა“ ვაშინგტონში
"ეს სახლი ამერიკაში სიკეთის, სათნოების, სიყვარულის, ბედნიერებისა და მუსიკის სახლია, სადაც ძალიან გულწრფელი და სუფთა ხდები. გარედან როგორი ლამაზიცაა, იმაზე საოცარია სულიერად. აქ ოთხშვილიანი ქართული ოჯახი ცხოვრობს, ამერიკაში ჩამოსული ყველა ქართველის მომფერებელი და მასპინძელი", - ეს ცნობილი მომღერლის, ლაშა ღლონტის სიტყვებია ვაშინგტონთან ახლოს მცხოვრები გოგიტა გოგიბერიძისა და თამუნა ელბაქიძის ოჯახის შესახებ. გოგიტა გოგიბერიძე 30 წელიწადზე მეტია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, აქედან 20 წელი მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებში. ქართველ ემიგრანტთან, თამარ ელბაქიძესთან ინტერვიუს ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც სოციალურ ქსელში მის ეზოში ულამაზესი ბაღის ვიდეო ვნახე. "სიმშვიდის ფორმულა", - 4 შვილის დედამ ასე დაასათაურა "ფეისბუკზე" სტატუსი. მასპინძელი გვიამბობს, როგორ მოაწყო ამერიკის დედაქალაქში სივრცე, სადაც საქართველოდან ჩატანილ ქართულ მცენარეებთან ერთად, კედელზე მოხატულ ძველ თბილისსაც ნახავთ...
- როცა წლების წინ მეუღლის სამსახურის გამო საცხოვრებლად ვაშინგტონში გადმოვედით, ერთ-ერთი, რამაც აქ მომხიბლა, ულამაზესი ეზოები იყო. ჩემს მეზობლებს საოცარი ეზოები აქვთ. როცა გარშემო ასეთი მეზობლები გყავს, შენც გიჩნდება სურვილი, სახლთან ლამაზი ბაღი გქონდეს. ასე შეიქმნა ჩვენს ეზოში ბაღნარი, რომელსაც ხშირად ჩემი სიმშვიდის ფორმულას ვუწოდებ.
- რამდენად რთული იყო შუაგულ ამერიკაში ასეთი ბაღის მოწყობა.
- რამდენად ხშირადაც არ უნდა სტუმრობდე საქართველოს და უცხოეთში როგორი გადატვირთული გრაფიკი ან საინტერესო ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს, ნოსტალგია მუდმივად გტანჯავს. გენატრება სამშობლო, ქალაქი, სადაც გაიზარდე, საყვარელი ადამიანები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ... ჩემს ბაღში ქართული ელემენტების შემოტანის შთაგონება სწორედ ეს მონატრება იყო. ყველაზე მეტად ის კუთხე მიყვარს, სადაც ძველი თბილისია მოხატული. ამ ნახატის შექმნის იდეა მაშინ დაიბადა, როცა სამშენებლო ცვლილებები გვქონდა. ეზოში პატარა სათავსი სახლი იდგა, რომლის გადაადგილება და რეკონსტრუქცია შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მისი ამგვარად დატვირთვა გადავწყვიტეთ. ძალიან მინდოდა ქართული ელემენტით ყოფილიყო ჩვენი ეზო გაფორმებული და ჩემმა უნიჭიერესმა მეგობარმა, თამი მოსულიშვილმა, შექმნა ძველი თბილისი, რომელიც საოცრად მოუხდა ამ სივრცეს და ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა.
- როგორც ვიცი, თქვენი ოჯახი გამორჩეულია სტუმარმასპინძლობითა და არაერთი წარმატებული ქართველი, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს ან უბრალოდ, სტუმრობს ამ ქვეყანას, თქვენი ხშირი სტუმარია. როგორია მათი რეაქცია, როცა თქვენს ბაღში "ძველ თბილისს" აღმოაჩენენ?
- რა თქმა უნდა, ძალიან მოსწონთ და სამახსოვრო ფოტოებსაც სიამოვნებით იღებენ. უცხოელი სტუმრებიც ყოველთვის გაოცებას გამოხატავენ. მეც დიდი სიამაყით ვამცნობ მათ, რომ ეს საქართველოს დედაქალაქი თბილისია.
- საქართველოდან წაღებული მცენარეები თუ გაქვთ ბაღში?
- წლების წინ საქართველოდან თხილის, ატმის, შინდისა და ლეღვის პატარა ნერგები ჩამოვიტანეთ და გავახარეთ. ჩემი ბაღი გამოირჩევა მცენარეების მრავალფეროვნებით, მაგრამ საქართველოდან ჩამოტანილი ხეების დანახვა ყოველთვის განსაკუთრებით მახარებს და მაბედნიერებს.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბაღი არის ჩვენი მეგობრების, საყვარელი ადამიანების თავშეყრის ადგილი. დაბადების დღეებსაც აქ ხშირად ვიხდით და მიხარია, რომ ჩემი ბაღი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი არაერთი მეგობრისთვის იქცა "სიმშვიდის ფორმულად". ვნატრობ, საქართველოში მყოფ ჩემს ყველა მეგობარსა და ახლობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც მესტუმროს, სიამოვნებით ვუმასპინძლებდი.
- ბაღს თავად უვლით და საამისო გამოცდილება გქონდათ?
- აქ ჰავა საკმაოდ ნესტიანია და მცენარეები ადვილად ხარობს. ყოველ წელს ვამატებ ახალ ნერგს ან ყვავილებს. განსაკუთრებული მოვლა არც ერთ მცენარეს არ სჭირდება. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფორმების კორექტირებაა საჭირო. ბაღში ხშირად გვსტუმრობენ სხვადასხვა ცხოველი - მელია, ენოტი, ციყვი, კუ, ირემი... ბავშვებს მათი დანახვა ძალიან სიამოვნებთ. მიხარია, რომ ჩემს შვილებს ბუნება უყვართ და ვფიქრობ, ამას ხელი ამ ბაღმაც შეუწყო.