4 დღე მოვლენამდე, რომელმაც, შესაძლოა, მსოფლიო ამოატრიალოს - ამერიკული ფინალი: ტრამპის უშნო ხუმრობები და ჰარისის შანსები - კვირის პალიტრა

4 დღე მოვლენამდე, რომელმაც, შესაძლოა, მსოფლიო ამოატრიალოს - ამერიკული ფინალი: ტრამპის უშნო ხუმრობები და ჰარისის შანსები

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „მამაკაცები ქალების წინააღმდეგ: როგორ შეუძლია გენდერობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედის გადაწყვეტა? რა დგას რეალურად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების უკან?“ (ავტორი - ქეთი ქეი), რომელშიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გენდერული საკითხია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საზოგადოებრივი გამოკითხვები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჩვენებენ, რომ მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ დონალდ ტრამპს, ქალები კი - კამალა ჰარისს. ასეთი მკაფიო გენდერული რღვევა ქვეყანაში ათწლეულობით მიმდინარე სოციალური რყევების შედეგს წარმოადგენს და მას შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე.

კამალა ჰარისი - პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსს მიაღწია და მხოლოდ მეორე ქალი, რომელიც ოდესმე ამერიკის მეთაურის პოსტზე ბალოტირებდა (ჰილარი კლინტონის შემდეგ). მაგრამ იგი გულმოდგინედ არიდებს თავს საუბარს თავის გენდერობასა და ეროვნულ წარმოშობაზე.

„მომისმინეთ... მე პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ, ამიტომ ვთვლი, რომ შემიძლია, პრეზიდენტის მოვალეობა საუკეთესოდ შევასრულო ყველა ამერიკელისათვის - რასისა და სქესის მიუხედვად“, - თქვა კამალა ჰარისმა „სი-ენ-ენის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს.

და მაინც, მისი ყველა მცდელობის მიუხედავად, რომ თავი აარიდოს გენდერულ-რასობრივ საკითხებზე ლაპარაკს, ეს თემა თანდათანობით მისი საარჩევნო კამპანიის განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება.

„ქალბატონი პრეზიდენტი“ - ეს ამერიკისათვის რაღაც ახალია და შესაძლოა, ბევრ ამომრჩეველს მოსწონს კიდეც, მაგრამ ბევრისთვის ეს სიახლე საკმაოდ გამაღიზიანებელია.

კამალა ჰარისის შტაბი ამაზე არაფერს ამბობს, მაგრამ ერთ-ერთი თანამშრომელი პირად საუბარში გამომიტყდა, რომ ფარული სექსიზმის არსებობამ ამომრჩეველთა თავში შეიძლება ზოგიერთს ქალი-კანდიდატისათვის ხმის მიცემისაგან თავი შეაკავებინოს.

მართალია, 2024 წელში ვცხოვრობთ, მაგრამ დღეს ძალიან ცოტა თუ გაუმხელს სოციოლოგებს თავის აზრს, რომ ქალს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის შესაფერის ბინადრად არ თვლის. მათ ერიდებათ ამის თქმა, თუმცა სოციალური ქსელებში უამრავ ირონიულ და ქალთმოძულე ფრაზებს ნახავთ. დემოკრატთა ბანაკის ერთ-ერთმა სტრატეგმა ივარაუდა, რომ ასეთი ქცევა თავისებურ კოდს წარმოადგენს: როცა ამომრჩევლები ეუბნებიან სოციოლოგებს, რომ კამალა ჰარისი „პრეზიდენტობისთვის მზად არ არის“, „არ აქვს შესაფერისი ხასიათი“, „არ ფლობს შესაბამის მანერებს“, სინამდვილეში ისინი იმას გულისხმობენ, რომ იგი ქალია და ის პრეზიდენტი არ უნდა იყოს.

დონალდ ტრამპის შტაბში ამბობენ, რომ გენდერობას საპრეზიდენტო არჩევნების დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „უბრალოდ, კამალა ჰარისი სუსტია, თანამდებობისათვის შესაფერისი და ღირსეული ქალი არ არის და - სახიფათოდ ლიბერალურია. ამიტომ ამერიკელი ხალხი 5 ნოემბერს მის კანდიდატურას უარყოფს“, - განაცხადა ექსპრეზიდენტის შტაბმა გასულ კვირას, თუმცა, როგორც მე მომწერა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის უფროსმა მრჩეველმა ბრაიან ლანზამ, იგი დარწმუნებულია ტრამპის გამარჯვებაში - „იმიტომ, რომ გენდერობას მამაკაც ამომრჩევლებში მნიშვნელობა აქვს - ისინი უპირატესობას უფრო მეტად მამაკაც კანდიდატს ანიჭებენ“.

როცა ჰილარი კლინტონი - ქალი-კანდიდატი - პირველად ბალოტირებდა პრეზიდენტის პოსტზე, პენსილვანიელი კონგრესვუმენი მადლენ დინი იხსენებს, რომ მოსახლეობასთნ შეხვედრის დროს იგი სკეპტიკურ დამოკიდებულებას აწყდებოდა. რასაკვირველია, ახლა პესიმიზმი შედარებით ნაკლებია, მაგრამ ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ: „კამალა - გავლენიანი ქალი? არა, ეს უკვე გადაჭარბებულია“.

ამერიკული ტელეარხის - CBS-ის მონაცემებით, მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ აშშ-ში გენდერული თანასწორობის (ქალების კაცებთან გათანასწორების) მცდელობა ძალიან შორს წავიდა. ისინი უკმაყოფილონი არიან და ამიტომ ყველაზე ხშირად მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ. თავის მხრივ, ქალები აცხადებენ, რომ პირიქით, გენდერული თანასწორობისთვის ხელისუფლების ძალისხმევა არასაკმარისია და უპირატესობას კამალა ჰარისის მხარდაჭერას აძლევენ.

მამაკაცები იშვიათად ამბობენ, რომ კამალა ჰარისი ძლიერი პრეზიდენტი იქნება. ისინი თვლიან, ძლიერი ლიდერის როლს უფრო კარგად და წარმატებულად სწორედ დონალდ ტრამპი შეასრულებს.

ასეთი თვალსაზრისების შედეგად ზოგიერთი ამომრჩევლისათვის 5 ნოემბრის არჩევნები ერთგვარ გენდერულ რეფერენდუმად გადაიქცა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტობის ქალი-კანდიდატი მათზე არ ფიქრობს. ისინი უყურებენ დემოკრატი კანდიდატის - კამალა ჰარისის პრიორიტეტებს - ქალების მდგომარეობა, აბორტების უფლება, „ლგბტ-კულტურა“ და მათ კითხვა ებადებათ - „თქვენ პროგრამაში ჩვენს სტატუსზე და პერსპექტივაზე ზრუნვა რატომ არ არის?“.

შეიძლება ითქვას, რომ ამგვარ სიტუაციას გენდერულ განხეთქილებამდე მივყავართ. ბოლო შვიდ წელიწადში ახალგაზრდა მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვა ძალიან შორს წავიდაო, ორჯერ გაიზარდა.

დონალდ ტრამპი, რომელიც ინტუიციით გრძნობდა ამგვარ უკმაყოფილებას, ისარგებლა მამაკაცური ფრუსტრაციით (დამთრგუნავი დაძაბულობა, გამოუვალობა და სასოწარკვეთილება) და არჩევნების წინ, ბოლო კვირებში თავისი ძალისხმევა გააორმაგა. მან თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში გაფრთხილება გამოაქვეყნა: „მამაკაცურობა საფრთხეშია!“. ამას წინათ ექსპრეზიდენტმა ლეგენდარული გოლფისტი, 2016 წელს გარდაცვლილი არნოლდ პალმერი გაიხსენა და გაიხუმრა: „ეს ბიჭი ყოველთვის და ყველანაირად ნამდვილი მამაკაცი იყო. როცა იგი თავისი გუნდის მოთამაშეებთან ერთად შხაპს იღებდა, ისინი გაოცებულნი გამოდიოდნენ საშხაპედან და ამბობდნენ: „ღმერთო ჩემო, ეს რა ვნახეთ... ეს წარმოუდგენელია“.

დონალდ ტრამპმა მამაკაცთა გასახდელისათვის დამახასიათებელი საუბრები გასახდელის გარეთ გამოიტანა, რაც მის აუდიტორიას მოეწონა. რეპლიკა პენისის ზომის თაობაზე პოლიტიკური მიტინგის დროს - ეს, მართალია, ზოგიერთს შეიძლება ამორალურად მოეჩვენოს, მაგრამ მამაკაცები ცდილობენ და პოლიტკორექტულობას თავს არიდებენ.

დემოკრატები თავიანთი მიტინგების დროს და ტელეეთერშიც, როგორც ჩანს, იმედგაცრუებულ მამაკაცებს „სიყვარულის მკაცრ დოზას“ სთავაზობენ: ბარაკ ობამა უკმაყოფილოდ ლაპარაკობდა, რომ ზოგიერთ მამაკაცს „ქალი-პრეზიდენტის იდეა არ მოსწონს და ისინი საკუთარი თავის მართლებას სხვადასხვანაირად ცდილობენ. ახალ სარეკლამო რგოლში მსახიობი ედ ო’ნილი ასეთი მამაკაცებისათვის პირდაპირ და სწორხაზოვნად ამბობს: „თუ კაცი ხარ და ქალები მოგწონს, მაშინ კაცობა გამოიჩინე და ხმა ქალს მიეცი“.

საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში გენდერული პრობლემატიკა ყველგან და... არსად არ არის. დონალდ ტრამპს სურს, რომ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტისათვის რბოლაში მამაკაცურობა პირველ ადგილზე იყოს. კამალა ჰარისი ცდილობს, რომ არავის შეახსენოს, რომ იგი ქალია და მას პრეზიდენტობა უნდა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მამაკაც ამომრჩევლებს შორის დონალდ ტრამპი 14%-იანი გასწრებით ლიდერობს, ვიდრე - კამალა ჰარისი, ხოლო ქალ-ამომრჩევლებს შორის კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს 12%-ით უსწრებს.

ქალბატონები და ბატონები, ბიჭები და გოგონები... მათ სრულიად შეუძლიათ იმის რეალიზება, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მათთვის სასურველი იყოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო