"ახალი თაობის ომი": პუტინის ფარული სპეცოპერაციები - როგორ ცდილობენ რუსული სპეცსამსახურები სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას?
ათი დღის წინ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, თუ როგორ თავისუფლად „აფათურებდნენ ხელებს“ რუსეთის სპეცსამსახურებთან (ეფ-ეს-ბე და გე-ერ-უ) დაკავშირებული ჰაკერები წლების მანძილზე საქართველოს სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტრატეგიული ობიექტების, ცესკოს და სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიის ელექტრონულ ფოსტაში არსებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებში. პუბლიკაცია 2017-2020 წლებში განხორციელებულ ჰაკერულ შეღწევებს ეხება, თუმცა ჩვენ ხომ კარგად ვიცით: ამგვარი სპეცოპერაციები მანამდეც იყო, ამჟამადაც ტარდებდა და სანამ რუსეთის იმპერია იარსებებს, მანამდეც იქნება.
ვინ წარმოიდგენდა, რომ 1965 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში დაბადებული ბიჭუნა მილიარდერი და მსოფლიოში ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა? რა თქმა უნდა - ვერავინ! მას ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს აღმოაჩნდა მათემატიკის დიდი ნიჭი, რასაც საოცარი შრომისმოყვარეობა ემატებოდა, ამიტომ მისი მომავალი თავიდანვე განსაზღვრული იყო: მათემატიკა და ინფორმატიკა/გამოთვლითი ტექნიკა (გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დეფინიცია - „კომპიუტერული ტექნიკა“ საბჭოთა კავშირში ჯერ არ იყო ფართოდ გავრცელებული).
1982 წელს მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი დაამთავრა და... კა-გე-ბეს კადრების სამმართველოს დაინტერესების ობიექტიც გახდა და იმავე წელს ჩაირიცხა „კა-გე-ბეს უმაღლესი სკოლის“ მე-4 ფაკულტეტზე (საბჭოთა რეჟიმი ასე ნიღბავდა კრიპტოგრაფიისაა და რადიოელექტრონული დაზვერვისთვის კადრების მომზადების ფაკულტეტს), რომელიც 1987 წელს დაამთავრა „ინჟინერ-მათემატიკოსის“ სპეციალობითა და უფროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდებით. რა გასაკვირია, რომ 22 წლის ნიჭიერი ახალგაზრდა სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიავლინეს, სადაც მან კომპიუტერული ვირუსების შესწავლა დაიწყო.
აქედან მოყოლებული, ის დღემდე საბჭოთა/რუსეთის იმპერიის ინტერესებისთვის იღწვის. ეს ვუნდერკინდი დროებით თავის „ვირუსებთან“ დავტოვოთ და მცირე ხნით ისტორია გავიხსენოთ.
1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ტერმინები: კიბერთავდასხმა, ჰაკერი, კიბერშპიონაჟი, კიბერომები, კიბერტერორიზმი და ა.შ. ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა კიბერჯაშუშობის შემთხვევები და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული საინფორმაციო სივრცე გახდა სპეცსამსახურების ფარული სამიზნე. დღეს ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრება (ჭორაობა, საქმიანი მიმოწერა, გადასახადების გადახდა, ბანკთან ანგარიშსწორება და ა.შ.), არამედ პარლამენტისა და მთავრობის ნორმალური ფუნქციონირებაც. ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელის გარეშე შეუძლებელია სატრანსპორტო, თავდაცვის, კავშირგაბმულობის, საბანკო-საფინანსო და ა.შ. უწყებების ნორმალური მუშაობა. სწორედ ინტერნეტის შეუცვლელობამ აქცია კიბერსივრცე სპეცსამსახურებისა და ტერორისტების მთავარ სამიზნედ. თუ ადრე ჰაკერები იოლად გამდიდრების მსურველი ავანტიურისტები ან სათვალიანი ახალგაზრდა გენიოსები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ, საკუთარი „ეგო“ ყველაზე საიდუმლო სახელმწიფო სამსახურების საიტების გატეხვით დაეტკბოთ, დღეს “კომპიუტერული ომები” და ჰაკერების მცირე "ხულიგნობა" უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. გასულ წლებში მათი ძირითადი მიზანი კომერციული ბანკების, ტოტალიზატორებისა და სამორინეების ვებგვერდების "გატეხვა" და ფინანსური აფერის დატრიალება იყო. მადა ჭამაში მოდისო და ჰაკერებმა თავიანთი შესაძლებლობების უფრო სერიოზულ ასპარეზზე გამოცდა მოინდომეს და... სპეცსამსახურების „ბადეში“ აღმოჩნდნენ. სწორედ მათი დავალებით (სხვა გზა არც ჰქონდათ: პატიმრობა ან კიბერჯაშუშობა) მალევე შეძლეს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების, სპეცსამსახურების, საიდუმლო კვლევითი ცენტრებისა და სამეცნიერო ლაბორატორიების სერვერებზე შეღწევა.
გავიდა წლები, უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ, გლობალიზაციამ და ჩვენი პლანეტის მოსახლეობის სწრაფვამ სოციალური ქსელებით ურთიერთობისა და ელექტრონული მედიით სარგებლობისკენ, უფრო გააიოლა და გაამარტივა სპეცსამსახურების საქმიანობაც. თუ აქამდე შეტევების მთავარი მიზანი, ძირითადად, სახელმწიფო სტრუქტურების (უპირველესად კი - სამხედრო და სპეცსამსახურების) საინფორმაციო კომპიუტერული სისტემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება იყო, ამჟამად სოციალური ქსელები (ფეისბუქი, x-ტვიტერი, ტიკ-ტოკი, „ვქონტაქტე“, „ოდნოკლასნიკი“ და სხვ.) და “ფორუმები” გახდა ინფორმაციის მოპოვებისა და დეზინფორმაციული ოპერაციების მთავარი ობიექტი. ასეული მილიონობით ადამიანი ყოველ დილას ფინჯანი ყავით (ჩაიც შეიძლება ხანდახან) და სოციალური ქსელების გაცნობით იწყებს. ეს კი მართლაც, რომ საუკეთესო შესაძლებლობაა “ფეიკნიუსების” გასავრცელებლად. უფრო მეტიც: სოციალურ ქსელებში “ტროლ-ბოტების” გამოყენებით უკვე სავსებით რეალურია ნებისმიერი, თვით მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების განვითარების გეოპოლიტიკური მიმართულების შეცვლა, საპრეზიდენტო/საპარლამენტო არჩევნებში ფარული ჩარევა, სეპარატისტული მოძრაობებისა და რეგიონების წახალისება ან საზოგადოებრივი განხეთქილების პროვოცირება. 21-ე საუკუნის დასაწყისიდან რუსეთი გახდა “ახალი თაობის ომის” ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, სადაც უმთავრეს იარაღს ჰაკერული შეტევები და სოციალური ქსელებით დეზინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს. რუსეთი ცდილობს, ერთმანეთს დაუპირისპიროს სამიზნე ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა ფენა და მათ შორის გააღვივოს პოლიტიკური, სოციალური, რასობრივი და რელიგიური შუღლი. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს უკვე რეალობაა და ვერსად გავექცევით, უბრალოდ, გასაკვირია, რომ დასავლეთის ქვეყნები ძალზე გვიან გამოფხიზლდნენ. მათთვის ნუთუ უცნობი იყო საბჭოთა სპეცსამსახურების დეზინფორმაციისა და ფსიქოლოგიური ომის მრავალფეროვანი ოპერაციების შესახებ?!
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში დაძაბულ ფონზე ჩატარდა
ჰაკერული შეტევებითა და სოციალური ქსელების ფარული მანიპულირების საშუალებით, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის მცდელობის გამო, რუსეთის ხელისუფლება რამდენიმე სერიოზულ დანაშაულშია მხილებული. რუსეთის ხელისუფლების მიერ ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენების პირველი ფაქტი ჯერ კიდევ 2007 წლის გაზაფხულზე დაფიქსირდა. მაშინ არც ევროპელ და არც ამერიკელ ლიდერებს არ გამოუთქვამთ სერიოზული პროტესტი და ეს “ცელქობა” რუსეთს შერჩა. 2007 წლის აპრილამდე არასოდეს ყოფილა, რომ ერთი ქვეყნის ელექტრონული სივრცის წინააღმდეგ ვინმეს უზარმაზარი ფინანსური და ტექნიკური რესურსები გამოეყენებინა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში პირველი სერიოზული კიბერომი ერთი სახელმწიფოს (კერძოდ ესტონეთის) წინააღმდეგ, ორგანიზებული იყო 2007 წლის აპრილ-მაისში, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და მათი “საერთო რეჟისურით” მიმდინარეობდა. ინტერნეტის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ამ პროცესში შემდგომ აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები/მყოფი რუსი ეროვნების ჰაკერები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან იყვნენ დაკავშირებული. მაშინ კიბერტერორისტების მიერ შექმნილი და ინტერნეტით გავრცელებული სპეციალური პროგრამების საშუალებით დავირუსებული კომპიუტერები უბრალო “ზომბირებულ ყუთებად” იქცნენ და მფლობელებისგან დამოუკიდებლად ჰაკერების დავალებებს “უსიტყვოდ” ასრულებდნენ.
ერთი თვის მანძილზე დიდი შეფერხებით მუშაობდა ესტონეთის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, სამინისტროების, ბანკებისა და წამყვანი გაზეთების საიტები. მაშინ ესტონეთის უდიდესი ბანკი – “ჰანსაბანკი”, იძულებული გახდა, რამდენჯერმე მრავალი საათით შეეჩერებინა კლიენტთა საბანკო ოპერაციების ინტერნეტმომსახურება. ამ პერიოდში მისმა ზარალმა რამდენიმე მილიონ დოლარს გადააჭარბა. ესტონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის ერთი კვირის მანძილზე ელექტრონული ფოსტის გარეშე დარჩნენ. მაშინ, მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე, ესტონეთის ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას მიმართა, რათა კიბერტერორიზმი და ჰაკერების ორგანიზებული შეტევები გათანაბრებოდა ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ სამხედრო აგრესიას. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრი ესტონეთში. თუმცა ქართული ანდაზა: „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, – რუსეთის სპეცსამსახურებისთვისაცაა ცნობილი და ისინი სულ ახალ და ახალ კიბეროპერაციებს გეგმავენ და ახორციელებენ.
ბრექსიტის მომხრეები დიდ ბრიტანეთში
ნათქვამია „მადა ჭამაში მოდისო“ და ესტონეთზე კიბერშეტევებს სხვა ქვეყნებში რუსეთის ეროვნული ინტერესების გასატარებლად ჩატარებული სპეცოპერაციები მოჰყვა: 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუსმა ჰაკერებმა გატეხეს დემოკრატიული პარტიის სერვერები და ათასობით კონფიდენციალური კორესპონდენცია გამოაქვეყნეს. ამის საპასუხოდ, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოძიება დაიწყო... დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მიმართ. გარდა ამისა, რუსეთის სპეცსამსახურების „ტროლები“ და „ბოტები“ ახდენდნენ ამერიკის მოსახლეობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდ. “ტროლების” მიერ გაგზავნილი ტექსტები ეხებოდა აშშ-ის ყველაზე რთულ და საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკურ და ეთნორელიგიურ საკითხებს (ვითომდა აფროამერიკელების დისკრიმინაციას და მუდმივ ჩაგვრას; "ლგბტ”-ს უფლებებს; იარაღის ტარების უფლების გაუქმებას და ა.შ.). “ტროლები” უფრო აღვივებდნენ და ამწვავებდნენ იმ პრობლემურ თემებს, რომლებიც ამერიკის საზოგადოებაში დაპირისპირების საგნად ისედაც იყო ქცეული. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ტექსტების დიდი ნაწილი აშშ-ის კონკრეტულ რეგიონებსა და მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე იყო გათვლილი. “ტროლების” მიზანი იყო აშშ-ის საპეზიდენტო არჩევნების წინ ამერიკის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ და ეთნო–რელიგიურ ჯგუფში ურთიერთდაპირისპირების და შუღლის მაქსიმალური გაღვივება.
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა მიტინგი
ამას მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმზე და კატალონიის ესპანეთიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის მხარდასაჭერად სოციალური ქსელებით ფარული ზემოქმედება. ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჰაკერები ბრიტანეთის მედიასაშუალებების, ტელეკომუნიკაციისა და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედებდნენ. შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევაში და დემოკრატიული ფასეულობების განადგურების მცდელობაში. თავის მხრივ, ესპანეთის მთავრობამაც დაადანაშაულა რუსი ჰაკერები კატალონიის კრიზისში ჩარევაში: მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაშინ განაცხადა, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებული სეპარატისტების მხარდამჭერი გზავნილების ნაწილი რუსეთის ტერიტორიიდან, ნაწილი კი - ვენესუელიდან მოდიოდა და ჰაკერების კატალონიის კრიზისში ჩარევის მიზანი, ევროკავშირის ერთიანობის დარღვევა იყო.
(პირველი ნაწილი დასასრული)