მამუკა არეშიძის "აპოკალიფსური" პროგნოზი - "თუ არჩევნებს არ აღიარებენ, ქვეყანა სტაგნაციაში ჩავარდება, დაიწყება გაუთავებელი აქციები, ნგრევა...." - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძის "აპოკალიფსური" პროგნოზი - "თუ არჩევნებს არ აღიარებენ, ქვეყანა სტაგნაციაში ჩავარდება, დაიწყება გაუთავებელი აქციები, ნგრევა...."

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 28 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- თუ დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, რა მოხდება?

- რთული სათქმელია. არა მგონია, დასავლეთი წავიდეს ასეთ კატეგორიულ ნაბიჯზე. ასეთ დროს ამის ალბათობა 50:50-ზეა. ეს ნიშნავს, საქართველოს სხვა მიმართულებით უბიძგო ხელი. რუსეთის თემა აქ გამორიცხულია, იმიტომ, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის "ქართული ოცნება", დღევანდელ ვითარებაში პრორუსულ პოლიტიკას საქართველოში ვერ გაატარებს. განწყობა საქართველოში შექმნილია, ოკუპანტის ფაქტორი არსებობს და ვერ გაატარებს რუსულ პოლიტიკას. რუსული თემა დიდწილად ყურით მოთრეულია, როგორც ე.წ. რუსული კანონი.

პოლიტიკაში არსებობს მიზანშეწონილობის ფაქტორი. თუ საჭიროდ მიაჩნიათ, რომ სჭირდებათ გეოპოლიტიკური სივრცე სამხრეთ კავკასიაში, სადაც ერთ-ერთი დომინანტია საქართველო, მაშინ გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც მიიჩნევენ საჭიროდ. პოლიტიკა სავაჭრო სივრცეა, იმიტომაც ამბობენ, ბინძურიაო, მორალური პრინციპები კი არა, პოლიტიკური მიზანშეწონილობა მუშაობს. ბრიტანელი პოლიტიკოსების ფრაზა, ინგლისს არა ჰყავს მუდმივი მეგობრები, არც მუდმივი ინტერესებიო, ეს არის ზუსტი მაჩვენებელი იმისა, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში, მსოფლიოში.­ დღეს არაფერს ნიშნავს პარტნიორი, მთავარია, საკუთარი ინტერესების გატარება. დემოკრატია აბსოლუტურად პირობითი ცნებაა, ფარი იმისა, რა გადაწყვეტილების მიღება სჭირდება კონკრეტულ ძალას თუ ქვეყანას. ამის შესაფუთად გადასარევი იდეაა. აშშ-ის ბოლო არჩევნებმა კარგად აჩვენა, რა ხარისხის დემოკრატიაა დღეს მსოფლიოში. როცა სჭირდებათ, მაშინ არის ადამიანის უფლებები ცენტრალური მოცემულობა, როცა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარება უნდათ, მაშინ კი არავის აღარაფერი ახსოვს. მთავარია ფული და არა, ვთქვათ, მორალი. რასაკვირველია, ყველაფერი შედარებითია და ზოგიერთი ქვეყანა ისეთ დიქტატორულ რეჟიმში ცხოვრობს, ბუნებრივია, მათთან შედარებით დასავლეთი თავისუფლების სიმბოლოა. ამით მე მინდა ახალგაზრდობას ავუხსნა ის ფენომენი, რაც არის მსოფლიოში, როცა მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, როცა არ არსებობს ისეთი მორალური ბარიერები, რაც არსებობდა თუნდაც წინა მსოფლიო წესრიგის დროს. ახლა ყველა ცდილობს, რაც შეუძლია მეტი მოიხვეჭოს, იქნება ტერიტორია, გავლენა თუ სხვა ზემოქმედების საშუალება მომავალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებამდე. ჩვენც ასევე უნდა ვიმოქმედოთ. დასავლეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული პოლიტიკა. ამავე დროს დივერსიფიკაცია, თუნდაც იმისთვის, რომ განვავითაროთ სახელმწიფო, შევქმნათ ინდუსტრია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დასავლური პოლიტიკური ცენტრისთვის. მათ სჭირდებათ, რომ სამხრეთი­ კავკასია, საქართველო მათი გავლენის ქვეშ იყოს. აბსოლუტურად ლოგიკურია, გარკვეული გავლენების მიღება შესაძლებელია, პლუს სამხედრო-პოლიტიკური ქოლგა, მაგრამ არსებობს ჩვენი ინტერესებიც.

- რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, თუ დასავლეთი­ მხარს დაუჭერს?

- დასავლეთი არ არის კოლექტიური ცნება. ერთი შეხედვით, დასავლეთისთვის მიუღებელი იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის იმ ჩინური ფირმისთვის გადაცემა, რომელმაც მოიგო ტენდერი. მერე გაირკვა, რომ ამ კონსორციუმის უკან დგანან ძალიან სერიოზული ამერიკული და ბრიტანული საფინანსო ჯგუფები, დაბალი პროცენტით, მაგრამ ხომ დგანან? თავიდანვე აღშფოთებული იყო ოპოზიცია ფოთის პორტის საქმის გამო, მაგრამ დიდი ნაწილი ახლა აღარ ლაპარაკობს ამაზე. მსოფლიო­ არ არის ერთსახოვანი (მხოლოდ რუსეთია ერთ კაცზე ჩამოკიდებული), პარიტეტს ქმნიან და პარიტეტიდან გამომდინარე პროდუქტი იდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არსებობენ ფინანსური ჯგუფები, რომლებსაც სხვა ინტერესები აქვთ სამხრეთ კავკასიაში და შეიძლება სანქციების პოლიტიკა მათთვის მიუღებელი იყოს. უფრო სწორად, ვხედავ, რომ მიუღებელია. არსებობენ სხვა ჯგუფებიც, რომლებისთვისაც მისაღებია. თქვენს დასმულ კითხვაზე, რა პოზიციას დაიკავებს დასავლეთი, რთული სათქმელია. გააჩნია, როგორ იმუშავებს ქართული მხარე, გააჩნია, ვისი ინტერესები როგორია მთლიანად რეგიონში. შევხედოთ სომხეთის საკითხზე რა ხდება. ერთია სომხეთის მიმართ საფრანგეთის პოლიტიკა, ძალიან აქტუალური, და სხვა არის კრებსითი ევროპის, ბრიუსელის პოლიტიკა.

- ბევრს აწუხებს, როგორი იქნება ჩვენი კურსი, წავალთ თუ არა რუსეთისკენ?

- დარწმუნებული ვარ, დასავლეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გადაიდგმება ნაბიჯები. სულ მცირე, უფროსი და უმცროსი პარტნიორის ურთიერთობა უნდა იქნეს შენარჩუნებული. არ შეიძლება ყურმოჭრილი მონა იყო. ყველაფერი გაკეთდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომ ამ რეგიონში მყოფ სამივე ქვეყანას სხვადასხვა ორიენტაცია ჰქონოდა, რომ მათ ერთმანეთში ვერასოდეს მოელაპარაკათ. ამას აკეთებდნენ მსხვილი მოთამაშეები, არა მარტო რუსები, მაგალითად, თურქეთი და დასავლეთიც ამას ცდილობდნენ. ამ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს და ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს დიპლომატიურ კორპუსსა და პოლიტიკურ ელიტაზე. რამდენად მოაგვარებენ და როგორი ტიპის ურთიერთობა ექნებათ დასავლეთთან, ამის პროგნოზირება­ რთულია. დასავლეთში ამაზე ერთი პირი არა აქვთ. დასავლეთში არის სხვადასხვა ძალის ცენტრი, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ საჭიროა ყველასთან საერთო ენის გამონახვა. მარტო დასავლეთის გინება ან ქება შედეგს არ მოიტანს.

თუ ოპოზიცია ამ არჩევნებს არ აღიარებს, ქვეყანა სტაგნაციაში ჩავარდება, დაიწყება გაუთავებელი აქციები, ნგრევა, ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობას წყალი შეუდგება. მე მიმაჩნია, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში, სადაც საკმაოდ სერიოზული ძალა ექნებათ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თვითონ ოპოზიციის მხარდამჭერებს არა აქვთ იმედი, რომ ყველა ერთ აზრზე იქნება. "ქართულ ოცნებას" ვერ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა - ეს ისედაც პროგნოზირებადი იყო. კანონების რაღაც ნაწილი საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გადაწყდეს. მე მაინც მგონია, ოპოზიციას აქვს შანსი, რომ სიტუაცია დააბალანსოს. ჩვენ დაბალანსებული პარლამენტი გვჭირდება. ოპოზიციამ ისედაც რამდენი წელი გააცდინა პარლამენტში არშესვლით.

წაიკითხე ვრცლად: „არა მგონია, დასავლეთი თბილისთან მიმართებაში რადიკალურ ნაბიჯზე წავიდეს“