კიმ ჩენ ინმა ნადირაძის რაკეტის კლონი კოსმოსში „გაისროლა“ - ის ამერიკაში - ვაშინგტონს, ხოლო ევროპაში - ბრიუსელსაც სწვდება - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინმა ნადირაძის რაკეტის კლონი კოსმოსში „გაისროლა“ - ის ამერიკაში - ვაშინგტონს, ხოლო ევროპაში - ბრიუსელსაც სწვდება

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკვე ჩაყვანილია 8 ათასამდე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო, რომლებიც დღე-დღეზე ჩაერთვებიან იმ მასშტაბიან კონტრიერიშში, რომლის დაწყება დაგეგმილი აქვს კრემლს უკრაინის საექსპედიციო კორპუსის კურსკის ოლქიდან საბოლოოდ გასაძევებლად...

მაგრამ მარტო ჯარისკაცები როდი გამოაგზავნა აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა?! - გუშინ მისმა ქვეყანამ კოსმოსში რაკეტაც „გაისროლა“...

საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გაშვება, რომლებიც სუბორბიტალური ტრაექტორიით 100-200 კმ სიმაღლეზეც გადიან, დღეს აღარავის უკვირს, მაგრამ 31 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეიდან სტარტაღებულმა „ჰვასონ-19“-მა, არც მეტი და არც ნაკლები... 7687,5 კმ სიმაღლეს მიაღწია და სტარტის ადგილიდან 1001,2 კმ-ის სიშორეზე, კორეის ნახევრკუნძულის აღმოსავლეთით, ღია ზღვაში ჩავარდა, ფრენის ხანგრძლივობამ 85,9 წთ შეადგინა, რაც ასევე რეკორდად იქცა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამისთვის...

მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს - სულ რაღაც ათასი კმ მანძილზე გაფრენა, როგორ აქცევს „ჰვასონ-19“-ს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტად?

1-xva-1730447749.jpg
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სარაკეტო და ბირთვული პროგრამების სწრაფი ტემპებით განვითარებას, რაც მის რეჟიმს ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს, მსოფლიო დონეზე...

საქმე ის არის, რომ ჩრდილოეთკორეელმა სამხედროებმა ეს რაკეტა სპეციალურად გაუშვეს თითქმის 90-გრადუსიანი კუთხით კოსმოსში, რადგან იმავე რუსეთისგან განსხვავებით, არ აქვთ იმხელა ტერიტორია, რომ ეს შორსმფრენი რაკეტა მთელ მანძილზე გამოსცადონ, მაგრამ თუკი „ჰვასონ-19“-ს ყველაზე ოპტიმალური კუთხით (45-60 გრადუსებს შორის) გაუშვებენ, მაშინ მისი ფრენის მაქსიმალური მანძილი 14-16-ათას კმ-ს (დამოკიდებული იქნება, თუ რა მასის საბრძოლო ქობინი ეყენება რაკეტას) მიაღწევს...

ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ ფხენიანს ამ რაკეტით, რომელზეც ბირთვული ქობინის (ქობინების) დაყენებაა განსაზღვრული, ჩრდილოეთ კორეიდან შეეძლება, აღმოსავლეთით მიაღწიოს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე 10 800 კმ-ით დაშორებულ ვაშინგტონამდე და დასავლეთით, ევროპაში მდებარე, 8 500 კმ-ით დაშორებულ ბრიუსელამდეც...

2-xva-1730447928.png
„ჰვასონ-19“-ის საგამოცდო სტარტი -მისი სახით, კიმ ჩენ ინს ხელში ჩაუვარდა „გრძელი ბირთვული ხელკეტი“, რომლითაც აშშ-საც სწვდება და ევროპასაც...

ჩრდილოეთ კორეას, რომელიც ბოლო სამი ათეული წელი თითქოს მკაცრი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების ქვეშ იყო, გამოუჩნდა სრულფასოვანი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება, ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების სახით, მაგრამ როგორ მოახერხა მან ეს?

ჩრდილოეთკორეული მობილური სარაკეტო დანადგარები ძალიან წააგავენ ჩინურებს და დიდი ეჭვია, რომ აქ პეკინის დახმარება აშკარად ჩანს, მაგრამ უშუალოდ ბალისტიკურ რაკეტებში კი უკვე რუსული კვალიც შეინიშნება...

საქმე ის არის, რომ გუშინ გამოცდილი ჩრდილოეთკორეული „ჰვასონ-19“, რომელმაც კოსმოსში თითქმის 8-ათას კმ-ზე „შეაღწია“, აღჭურვილია მყარი საწვავის სარაკეტო ძრავებით და ის ძალიან წააგავს საბჭოთა/რუსულ „ტოპოლს“, „ტოპოლ-მ“-სა თუ მოდერნიზებულ „იარს“...

3-xva-1730447869.jpg
ალექსანდრე ნადირაძის „ტოპოლები“ და მისი მოდერნიზებული ვარიანტები კრემლს საბჭოთა პერიოდიდან აქვს დამიზნებული აშშ-ზე, რასაც ახლა მისი ჩრდილოკორეული კლონებიც დაემატებიან...

არადა, „ტოპოლის“ - 1988 წელს შეიარაღებაში მიღებული საბჭოთა მობილური საკონტინენტთაშორისო სარაკეტო კომპლექსის შემქმნელი, ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ...

როგორც ჩანს, მიუხედავად მრავალი საერთაშორისო სანქციისა, რომელიც კრძალავდა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისთვის სარაკეტო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას, კრემლმა ფარულად მაინც განახორციელა ფხენიანის ამ მხრივ დახმარება, რის შემდეგაც კიმ ჩენ ინს გამოუჩნდა საშიში „სათამაშო“, ნადირაძის მყარსაწვავიანი „ტოპოლის“ კლონის სახით.

ეს კი დღევანდელ მსოფლიოში გლობალურად ბევრ რამეს ცვლის - ჩრდილოეთ კორეას, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს „მრისხანე“ რეზოლუციებს, ამ საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი რაკეტებით თავისი აქტიური და დამაშინებელი პოლიტიკის წარმართვა შეეძლება, აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ მეზობელ სამხრეთ კორეაზე, რომლისთვისაც ფხენიანს ათასობით სხვა, უფრო ახლოს მფრენი რაკეტა აქვს შემონახული...