"ქართული ოცნების“ მომხრეები სიიდან იყვნენ ამოღებული - გაირკვა, რომ ისინი „ნაცმოძრაობის“ კლასტერის სხვადასხვა პარტიის მიერ სხვა საარჩევნო უბნებში წარმომადგენლად იყვნენ დანიშნული"
კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც დაიდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეები, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ თავისი თავი სიიდან ხვდებოდათ ამოღებული. ირკვეოდა, რომ ისინი „ნაცმოძრაობის“ კლასტერის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში, ხშირ შემთხვევაში მოშორებით, მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი საარჩევნო უბნიდან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ ხმები მოჰპარეს და მათ მომხრეებს ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს.
მდინარაძემ პროკურატურას მიმართა, გამოიძიონ აღნიშნული საკითხი, რადგან „საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც ხელი ეშლება მოქალაქეს თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს“.
„ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ, რომ ხმა მიეცათ. ბევრმა მათგანმა მოახერხა, ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა. მაგალითად, თბილისის შემთხვევაში: დიდუბეში მცხოვრები ნონა ნემსაძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა 27-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც მივიდა, იქ აღმოაჩინა, რომ დანიშნული იყო „ევროპული საქართველოდან“ ნინოწმინდაში წარმომადგენლად 25-ე საარჩევნო უბანზე. ასევე, მაგალითად მაყვალა ხატიაშვილი, რომელსაც ხმა უნდა მიეცა, რეგისტრირებულია დიდუბეში და ხმა უნდა მიეცა დიდუბის 30-ე საარჩევნო უბანზე, მივიდა და გაირკვა, რომ ის იყო დანიშნული 53-ე საარჩევნო უბანზე ალეკო ელისაშვილის პარტიიდან. ნინო დვალი მივიდა სამგორში თავის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც ჩაწერილია და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმა ვერ მისცა მანაც იმის გამო, რომ აღმოჩნდა ამბროლაურში მეათე საარჩევნო უბანზე დანიშნული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ასევე, ბორჯომში მაცხოვრებელი ელენე ელიოსიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა მე-4 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა დანიშნული „ლელოდან“ საბურთალოს მე-3 საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა. ნუკრი დოლაბერიძე, რომელსაც ხმა უნდა მიეცა წყალტუბოში 24-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა ქუთაისში დანიშნული 59-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოდან“. ნუგზარ ირემაძე ადიგენში ხმა უნდა მიეცა მე-15 საარჩევნო უბანზე, იქ ცხოვრობს და აღმოჩნდა ხულოში დანიშნული ალეკო ელისაშვილის პარტიიდან 23-ე საარჩევნო უბანზე. ასეთი გვაქვს 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მოჰპარეს ხმა და ამ კონკრეტულ ადამიანებს არ მისცეს საშუალება, რომ ხმა მიეცა იქ, სადაც არის ჩაწერილი და სადაც უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ისინი ამოღებულები იყვნენ საარჩევნო სიიდან იმიტომ, რომ სპეც.სიაში იყვნენ შეყვანილები მოტყუებით, მათი პირადი მონაცემების მოპოვებით. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ბუნებრივია ამ სიას გადავუგზავნით საქართველოს პროკურატურას და დეტალურად ვთხოვთ მათ, რომ გამოიძიონ ეს საკითხები. ვინ, რა ნომრით, როგორ მოიპოვა მათი პირადი მონაცემები და როგორ დანიშნა სხვაგან მათი პარტიის წარმომადგენლად, „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ეს არის გამოძიების საქმე და საქმე გვაქვს სავარაუდო დანაშაულთან, როდესაც ხელი ეშლება მოქალაქეს თავისი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. სხვათა შორის, 162-ე მუხლია სისხლის სამართლის კოდექსში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
IPN