ნათია მეზვრიშვილის სკანდალური განცხადება - "ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ინფორმაციის წაშლა"
„გახარია საქართველოსთვის“ სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვთ ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
„ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.
ცესკო ასევე თავს არიდებს გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია „სმარტ მატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ, ვგულისხმობთ დოკუმენტაციას, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, სიის შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს.
დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ცესკო-ს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში.
ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია.
ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა.
წინააღმდეგ შემთხვევაში „ოცნება“ მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"