რას ამბობს საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულების ადვოკატი?
მხარეების პოზიციაა ასეთი, რომ არ ცნობენ თავს დამნაშავედ, რაც შეეხება სასამართლოს დღევანდელ განჩინებას, აუცილებლად გავასაჩივრებთ დადგენილ ვადებში, მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, - ამის შესახებ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, როვშან ისკანდაროვისა და მისი ბიძაშვილის, ექბარ ისკანდაროვის ადვოკატმა, ზურაბ დალაქიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბ დალაქიშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, კადრები, რომელიც გავრცელდა, კონტექსტიდანაა ამოღებული და „ამ კადრებამდე რა ხდება, ესაა საინტერესო“.
"ამ კადრებამდე რა ხდება ესაა საინტერესო. აუცილებლად გაიგებს ამას საზოგადოება, გპირდებით. ყველა გაიგებს რეალურად რასთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი, რაც იმ კადრებში ჩანს, ნამდვილად არ უკავშირდება გაყალბების საკითხს, ხოლო რასაც უკავშირდება აუცილებლად გაიგებთ შესაბამის ეტაპზე“, - განაცხადა ზურაბ დალაქიშვილმა.
მისივე განცხადებით, წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს და ამ დროისთვის შედარებით მეტ დეტალზე იქნება საუბარი შესაძლებელი.
"არჩევნების გაყალბებას, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან, რაც შეეხება დეტალებს, ამ ეტაპზე სხვა დეტალების გახმაურებისაგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და პარალელურად ჩვენ, დაცვის მხარეც ვაწარმოებთ გამოძიებას. წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, უკვე ამ პერიოდისათვის შეიძლება ბევრ რამეზე საუბარი და ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ“, - განაცხადა ზურაბ დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) გუშინ წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ინტერპრესნიუსი"