რა განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ?
შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს დარღვევებსა და გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა ასევე საერთაშორისო გამოძიებასა და პროტესტის შესახებ, რომელიც ოპოზიციამ ორშაბათს, 4 ნოემბერს დააანონსა.
„შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. ეს ეხება დარღვევებს, გაყალბების სქემებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე და რომელიც ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები - ეს გადაგზავნილიც აქვთ და ნანახიც, აქ იყო ანგარიში, პრეზენტაცია სლაიდებზე დაჯამებული ინფორმაციის, მათ შორის, სტატისტიკური ანალიზი და იყო დაბეჭდილი სახით დარიგებული.
საუბარი იყო, ძირითადად, ამ საკითხებზე, თუმცა, კითხვები დაისვა ასევე პროტესტთან დაკავშირებით - რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ და ამაზეც პასუხები გავეცით. ვუთხარით, რომ იქნება ქუჩის აქციები, როგორც წავა პროცესები, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს იქნება უწყვეტი, ყოველ მეორე დღეს თუ როგორ იქნება, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
საერთაშორისო გამოძიების შესაძლო მექანიზმებზე, რა ფორმით შეიძლება მოხდეს, ამაზეც იყო დისკუსია, მათ შორის, მათგანაც იყო კითხვები. დისკუსია იყო იმაზე, თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის, განხილული იყო სხვადასხვა დროში გამოყენებული პრაქტიკები”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
"ინტერპრესნიუსი"