"დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე, გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში"
დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მან ბრიფინგზე ასევე ისაუბრა რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის, ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შესახებ.
იოსელიანის თქმით, რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე.
„გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, მედიასა და სოციალური ქსელებში ინტენსიურად მიმდინარეობს. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე მიუთითებენ რუსეთთან.
გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს - საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულ კომპანიასთან და მათ შორის, არცერთ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულებაში მითითებულ შესყიდვის საგანთან დაკავშირებით არასოდეს უთანამშრომლია.
მეორე საკითხი რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის, ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შეეხება. დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პირის აკრედიტაციით კანონი დაარღვია და ამის საფუძველი ცესკო-ს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკო-ს არ აქვს წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
მანიპულაციურად არის წარმოჩენილი ამასთანავე ის ფაქტი, რომ თითქოს, აღნიშნული პირის მიერ აკრედიტაციისთვის მომართვა პირადად ცესკო-ს თავმჯდომარეზე განხორციელდა და თითქოს, ეს წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას იმისა, რომ მათ შორის კავშირები არსებობს, მაშინ, როდესაც კორესპონდენციის წარმოების პროცესში მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რომ მიმართვა ინსტიტუციის ხელმძღვანელის სახელზე კეთდება და ამითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხორციელდება. ნებისმიერი ადგილობრივი, თუ უცხოური მედიის წარმომადგენელი აკრედიტაციას გადის მარტივი პროცედურით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გამოგზავნით. თუ გამოგზავნილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის აკრედიტაციას.
აღნიშნული კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის, და ალბათ სწორედ ამიტომ, ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად ონლაინ სივრცეში დამატებით გაავრცელეს დოკუმენტები, თითქოს, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუსეთში სწავლობდა ვინმე ალექსანდრ მალკევიჩთან ერთად. ჩვენთვის უცნობია ეს დოკუმენტი ფალსიფიცირებულია თუ სხვა გიორგი კალანდარიშვილზეა გაცემული, თუმცა, დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე - ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში.
ნათელია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის, მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ.
მაშინ როდესაც ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება უშუალოდ საარჩევნო პროცესში არსებით დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები პროცესის დაზიანებას დეზინფორმაციითა და ფალსიფიცირებული, გაურკვეველი დოკუმენტების გამოქვეყნებით ცდილობენ. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას და საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.