"როცა მივხვდი, საკითხი უკვე სერიოზულად იდგა, ცოტათი შემეშინდა, მაგრამ დამამშვიდა - არ ინერვიულო, ყველაფერი გამოგივაო... ხელის წაკვრა ყველა ადამიანს სჭირდება, ნებისმიერი საქმე რომ მარტივად გააკეთოს" - კვირის პალიტრა

"როცა მივხვდი, საკითხი უკვე სერიოზულად იდგა, ცოტათი შემეშინდა, მაგრამ დამამშვიდა - არ ინერვიულო, ყველაფერი გამოგივაო... ხელის წაკვრა ყველა ადამიანს სჭირდება, ნებისმიერი საქმე რომ მარტივად გააკეთოს"

სალომე გოგიაშვილს საზოგადოება ტელეწამყვანად იცნობდა,

თუმცა მისთვის მსახიობის პროფესია ყოველთვის განსაკუთრებული იყო. წლების მერე, ახლა, სერიალში - "მარჯვენა სანაპირო" მონაწილეობს და ოცნების პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამს...

- ტელეწამყვანობიდან მსახიობის ამპლუაში გადასვლა როგორია?

- ფანტასტიკური, რადგან ფილმში მონაწილეობა მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო. ბავშვობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ოჯახს არ უნდოდა, მსახიობობა ამერჩია. ამიტომ ვცდილობდი, ისეთი პროფესია მომეძებნა, რაც საჯარო აქტიურობასთან "ახლოს" იქნებოდა. ჟურნალისტობა ამ მიზეზით ავირჩიე. მართალია, რამდენიმე ფილმში ვმონაწილეობ, მაგრამ ძალიან პატარა, ეპიზოდურ როლებს ვასრულებ, რომლითაც სამსახიობო შესაძლებლობებს ვერც წარმოვაჩენ. როცა სერიალის - "მარჯვენა სანაპირო" რეჟისორი გიორგი ჯაფარიძე დამიკავშირდა, ძალიან გამიხარდა. როცა მივხვდი, სერიალში ჩემი მონაწილეობის საკითხი უკვე სერიოზულად იდგა, ცოტათი შემეშინდა - არ ვიცი, ვერ გპირდები, რომ გამომივა-მეთქი. დამამშვიდა - არ ინერვიულო, ყველაფერი გამოგივაო.

- რა მეთოდი გამოიყენე, რომ შენი პერსონაჟისთვის გაგეგო?

- სიმართლე გითხრათ, დიდად არანაირი მეთოდი არ გამომიყენებია, რადგან მართლა საკუთარ თავს ვთამაშობ, ანუ რეალურად, როგორც თითქმის ყველა ქართველ ქალს, მუდმივად უკმაყოფილო სახე მაქვს - არ დალიო, იქ არ წახვიდე (იცინის)... ერთადერთი, რითიც ეს პერსონაჟი არ მგავს, ისაა, რომ მას კლუბური გართობა, დალევა, დროს ტარება უყვარს. უფრო არაოჯახური ტიპია. თავად კლუბი, დალევა არ მიყვარს. ერთადერთი, რაც განსხვავებული განვასახიერე, მთვრალი ნინუცას როლი იყო. ვერ ვიტყვი, ცხოვრებაში არ დამილევია-მეთქი, მაგრამ სულ ვცდილობ, ჩემი განსახიერებული როლი ხელოვნური არ იყოს, რაც ეკრანზე თავადაც მაღიზიანებს. არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების - მსახიობების, გარშემო მყოფების შეფასება მოვისმინე. სულ მინდა, კრიტიკულად შემაფასონ - ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა, რათა ვიცოდე, რა გამოვასწორო... ჯერჯერობით, ყველა მეუბნება, - ამ როლში ჩვეულებრივად, შენ ხარო. ჩემთვის ეს შეფასება დამაკმაყოფილებელია. იმედია, ნელ-ნელა უფრო დავიხვეწები.

- ტელეწამყვანის გამოცდილებიდან რამე თუ დაგეხმარა?

- რა თქმა უნდა: როდესაც წლებია, კამერასთან მუშაობ, ფაქტობრივად, კომპლექსი აღარ გაქვს. ახალბედები სულ ჰყვებიან, - აი, როცა კამერა ჩაირთო, დავიძაბე, დავკომპლექსდი, ტექსტი დამავიწყდაო. ამის პრობლემა თავად მართლა არა მაქვს. ძალიან სასაცილო იყო, რომ პირველი სცენა პირველივე დუბლზე ჩავწერე. შემდეგ ყველა მსახიობს ვაშაყირებდი - ჩემგან ისწავლეთ-მეთქი. რა თქმა უნდა, მერე მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორებულა - ბევრი დუბლის ჩაწერა გვიწევს, მაგრამ ისეთი კარგი გუნდია, მათთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ფანტასტიკური, მეგობრული ხალხია... პანდემიის პერიოდში, როცა "ტიკტოკის" ბუმი იყო და მეც მაშინ დავიწყე ვიდეოების გადაღება, ამბიციის გარეშე ვამბობ, მაგრამ "ტიკტოკზე" კოსტიუმირებული ვიდეოების გადაღების იდეა პირველმა მე განვახორციელე - მართლა ჩანახატებივით გამოდიოდა. ვინც უყურებდა და მერე გარეთ მხვდებოდა, ყველა მადლობას მიხდიდა - რა მაგარია! ვიცინით, ვიდეოების გადაღება განაგრძე, არ გაჩერდეო. გარკვეული გულისტკენაც მქონდა: "ტიკტოკის" თემას დიდი გადაცემა მიეძღვნა. გადაცემაში მიწვევას არ ვხარბდები, პირიქით - ბოლო პერიოდში ტელეეკრანებზე არ ვჩნდები, რადგან ძალიან მომბეზრდა. ალბათ, ერთი და იმავე სახეების ყურება მაყურებელსაც მობეზრდა. ვიფიქრე, მეც დავისვენებ და ისინიც-მეთქი. შესაბამისად, როცა გადაცემებში მეპატიჟებიან, უარს ვამბობ. როცა გარკვეული თემით პირველი ხარ, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებულ გადაცემაში არ გიწვევენ, მაგრამ იმასაც ხედავ, შენგან გადაღებული ვიდეოების ავტორებს უხმობენ, გული გწყდება და ფიქრობ - არ გამომდისო. სულ კონკურენცია, შური არსებობს, ვიღაცები "გბლოკავენ"... როცა რაღაც კარგად გამოგივა, იმის ნაცვლად, რომ ხელი გაგიმართონ, პირიქით გექცევიან. მერე მივხვდი, რომ "ტიკტოკის" გვერდი ჩემთვის გავაკეთე. გიორგი ჯაფარიძე ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც მითხრა, - რაზე ნერვიულობ? ყველა შენი ვიდეო ვნახე. როგორც რეჟისორისთვის, საინტერესო აღმოჩნდი და ვიცი, გარდასახვა როგორ შეგიძლია. მინდა ჩვენთან, სერიალში იყოო. ამან საკუთარი თავის იმხელა რწმენა მომცა, რომ ახლა მგონია, მეათე ფილმია, რომელშიც ვმონაწილეობ. ხელის წაკვრა ყველას სჭირდება, ნებისმიერი საქმე მარტივად რომ გააკეთოს. ალბათ, გიორგის მიერ ამ სერიალში ჩემი მიპატიჟება არასოდეს დამავიწყდება, რადგან მან ყველაზე მნიშვნელოვანი - ბავშვობის ოცნება ამიხდინა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მას. საერთოდ, არც ერთი ადამიანი არ მავიწყდება, ვინც ხელი გამიმართა, თუნდაც ერთწუთიანი სიხარული მომანიჭა. როგორც ცუდი არ მავიწყდება (სამწუხაროდ), ასევეა კარგიც...

- შენს პერსონაჟთან საერთო თვისებების შესახებ აღნიშნე, მაგრამ როგორია ისეთი ქალის როლის შესრულება, რომელიც ქმრისგან უყურადღებობას განიცდის? მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- იცი, რა? ვინც იტყვის, უყურადღებოდ არასდროს ვყოფილვარო, მგონია, რომ ცრუობს, რადგან როცა ოჯახში ცოლიც და ქმარიც თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულები, გამორიცხულია, უყურადღებობა ერთხელ კი არა, ბევრჯერ არ ეგრძნოთ. როგორ არ მიგრძნია?! ჩემს ქმარს აბსოლუტურად სხვა პროფესია აქვს, სხვანაირი დატვირთულობა, ვიდრე მე. შეიძლება 1-საათიანი გადაღების შემდეგ დავიღალო და სახლში მისულს ყურადღება მინდოდეს მაშინ, როცა მეუღლე დილიდან ღამემდე სამსახურშია. მისთვის ბევრჯერ დამირეკავს, - ვერ გავიგე, არ შეგიძლია, ერთხელ დამირეკო-მეთქი? ჰოდა, მეუღლემ სერიალს პირველად რომ უყურა, მითხრა, - პრინციპში, საკუთარ თავს თამაშობ. არა მგონია, გაგიჭირდესო. "სადა ხარ?" "რას აკეთებ?" "არ შეგიძლია, დამირეკო?" - ძირითადად, ჩემი და ჩემი პერსონაჟის ტექსტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. უბრალოდ, პერსონაჟი მომთმენი და მშვიდია, ჯერჯერობით. ჩემმა ახლობლებმა მითხრეს, ზუსტად "მანდ" არ გგავსო (იცინის), მაგრამ მომთმენი, ჭკვიანი ქალის როლის მორგება ძალიან საინტერესოა.

- შენთვის ეს უბრალოდ როლია, რომლითაც ბავშვობის ოცნება აიხდინე თუ საზოგადოებისთვის გარკვეული მესიჯის გაგზავნის საშუალებაც?

- საერთოდ, მგონი, აბსოლუტურად ყველა ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში გარკვეული მესიჯი "დევს". შესაბამისად, ამ სერიალში ჩემი პერსონაჟი ვიღაცისთვის საკუთარი თავის ამოცნობის საუკეთესო საშუალებაა, რადგან ზოგადად, ეს პრობლემა დგას, რომ კაცები ძალიან ურეაქციო, უყურადღებოები გახდნენ. შეიძლება ეს სოციალურმა ქსელმაც გამოიწვია, შეიძლება - ქალის დიდმა აქტიურობამ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით ურთიერთობებში ქალი უფრო აქტიურია, ვიდრე კაცი, რასაც მეგობრები მიყვებიან და რასაც ვხედავ. შესაბამისად, ეს უყურადღებობა სერიალიდან სიახლე არ იქნება. შეიძლება, ბევრმა ნახა და საკუთარი თავი ამოიცნო. მგონია, რომ პროდიუსერები, რეჟისორი, სცენარისტები სცენარს ისე მოატრიალებენ, რომ ჩემი პერსონაჟი ძალიან დაჩაგრულ ქალად არ გამოჩნდეს, რადგან ეს ისე მაღიზიანებს, რომ მათ სულ ვეუბნები, - ხალხო, გავგიჟდები! მითხარით, რომ სხვა სერიაში ნინუცა უფრო მაგრად "დადგება"-მეთქი: ქმარს, რომელიც ჩემი პერსონაჟის სახლში ცხოვრობს, მამამისის სამსახურში მუშაობს და საარსებო წყარო ცოლის მეშვეობით აქვს, ნინუცა არ უყვარს, ყურადღებას არ აქცევს და სხვებს ეპრანჭება. ეს სიტუაცია ჩემგან ისე "შორსაა", რომ - აი, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება...ყოველ შემთხვევაში, ნინუცას ძალიან ვგულშემატკივრობ.

- ტელესივრციდან პაუზის პერიოდში თუ გქონდა დრო სხვა ინტერესებისთვის, ახალი საქმიანობის წამოწყებისთვის?..

- ტელეეკრანზე გამოჩენა მართლა ძალიან მომბეზრდა, რადგან ამას არაფერი მოაქვს... ამიტომ გადავწყვიტე, მთელი ჩემი დადებითი ენერგია საკუთარ თავს მოვახმარო. არაერთი მაღაზია გავხსენი, ახალ ბიზნესსაც ვიწყებ, რომლის გახმაურებაც ჯერ არ მინდა, რადგან როცა წინასწარ ვსაუბრობ, მერე არ გამომდის. ბევრი გეგმა მაქვს. სასიამოვნოა, როცა საქმეს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მოაქვს. თან, დაღლა არ მჩვევია. თავიდან ბოლომდე, ჩემი ენერგია ახალ პროექტში მაქვს "ჩადებული". იმედია, კარგი გამოვა. კიდევ რამდენიმე იდეის განხორციელება მსურს... რაც გულით მოვინდომე, გამომდის.

- სალომე, ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერობის გამო კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?

- დიდი თხოვნა მაქვს, რომ ის ადამიანები, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, შემდეგ სოციალურ ქსელში შევიდნენ და ნახონ, ნეგატიურ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს ვინ მიწერს. როგორც კი შევლენ, აუცილებლად დახვდებათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარები. ეს ჩემს კი არა, მათ დაბალ დონეზე მეტყველებს. გამორიცხულია, რომ 60-70 წლის ქალბატონებს ზნეობა, ზრდილობა ვასწავლო. ბებიაჩემის ტოლ ქალს ვერც ვეუზრდელები, რადგან სხვანაირად გამზარდეს. ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი, რომ ხნიერ ადამიანებს შეურაცხყოფა არ მიაყენონ, ადგილი დაუთმონ და ა.შ. ალბათ, ასეთი დამოკიდებულების შესახებ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს საგვარეულოშიც არ სმენიათ, რადგან სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია, შვილიშვილის ტოლ გოგოს, თუნდაც პოლიტიკური შეხედულების გამო (არათუ გარეგნობასთან დაკავშირებით) შეურაცხყოფა მიაყენონ. ყველას გვაქვს უფლება, ესა თუ ის პარტია, პარტიის ლიდერები მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ყველას არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, სწორია თუ არასწორი. ოპოზიციური პარტიის მომხრე მეგობრებიც მყავს. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩვენ ჩვენი სიყვარული ცალკე გვაქვს, შეხედულებები - ცალკე. ასე რომ, ყველას აზრს პატივს ვცემ... ერთადერთი, რაზეც შეიძლება ნერვები ამეშალოს, თუ ჩემი ოჯახის წევრი რამე ისეთს მეტყვის, რაც გულზე მომხვდება, რადგან იმისგან მწყინს, ვინც მიყვარს, თორემ ვინც არ მიყვარს, არ ვიცნობ და საერთოდ არ ვიცი, ვინაა, მით უმეტეს, როცა მის "პროფილზე" გადავალ, მის სოციუმს, განვითარების დონეს ვნახავ, როგორ შეიძლება, მისგან რამე მეწყინოს?.. არაადეკვატურ ადამიანებზე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. მათი ნეგატიური კომენტარები ჩემთან კომპლიმენტის, ქების სახით მოდის და მხოლოდ მაძლიერებს (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"