„ამ კონტინგენტით შეუძლებელია მილიონი ხმა აეღო ოპოზიციას“
რამდენად სწორად და წინდახედულად მოქმედებდა ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ამ საკითხზე ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ.
- არის რაღაც მოცემულობები, რისი განეიტრალებაც ვერ მოხდებოდა. მაგალითად, ის, რომ არსებობს "ნაციონალების" ფაქტორი. არის საზოგადოების ნაწილი, და როგორც გაირკვა, არც ისე ცოტა, რომელზეც პროპაგანდა, "ნაციონალები" მობრუნდებიან და ომი იქნებაო, მოქმედებს. ეს ობიექტური მოცემულობაა და არა ჰაერიდან მოტანილი - რომ "ნაციონალები" არსებობენ და ბევრ მათგანს აქვს რევანშისტული განზრახვები. როდესაც უკრაინაში რუსეთმა დაიწყო ომი, მათ ნაწილს საკმაოდ აგრესიული განცხადებები ჰქონდა. მე ისეთი კომენტარებიც მახსოვს, ახლა აფხაზეთის აღებაც იქნება შესაძლებელიო და ა.შ. ეს "ოცნებამ" გამოიყენა. ბოლოს კი აღარ ამბობდნენ, მაგრამ ეს პროპაგანდა უკვე ამოქმედებული იყო. ამიტომ იმის დაშვებას, რომ შეიძლება მთავრობაში ისევ ეს აგრესიული ნაწილი მოვიდეს, არაფერი ეშველა. სანამ ეს ფენომენი არსებობს საქართველოში, ეს მიდგომაც იქნება.
მეორე მოცემულობა - ომი და მშვიდობა. რატომ ეშინია ხალხს ომის? იმიტომ, რომ ფიქრობენ, მოვა "ნაცმოძრაობა", გაბრაზდება პუტინი და დაგვიწყებს ომსო. შეცდომა იყო, რომ ოპოზიციამ ამ კითხვებს არ გასცა საფუძვლიანი პასუხი, თუმცა, რა პასუხი უნდა ჰქონოდათ, როცა ჩვენი ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი. ფაქტია, "ნაცმოძრაობა" და მათგან გამოსული პარტიები ჯერ კიდევ არიან წამყვან პოზიციებზე. ამ კონტინგენტით შეუძლებელია მილიონი ხმა აეღო ოპოზიციას. უნდა იყოს ძალა, ვიღაც ფიგურა, ბელადი, ვისაც დაუჯერებს ხალხი, ბრმად ენდობა და გაჰყვება. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება თვითონ ვერ აკეთებს არჩევანს...
2012 წელსაც იყო შიში, მაგრამ იყო იმედიც - ბიძინა მოვა, მოიგებს და ყველაფერი კარგად იქნებაო. ლიდერის სწამდათ. ახლა ასეთი ლიდერი არავინ იყო. რა ვქნათ, ასეთი საზოგადოება ვართ, ლიდერი გვინდა, ბიძინას საპირწონე.
ხელისუფლებას ხალხზე დიდი კონტროლი აქვს. მოახერხეს მისი მაქსიმალური მობილიზება, პლუს გაყალბების მეთოდები გამოიყენეს. თუმცა ფაქტი ერთია - ოპოზიციამ 784 ათასზე ოდნავ მეტი ხმა აიღო. ეს ხმები ხომ არ მოუკლია ოპოზიციისთვის ხელისუფლებას? 800 ათასი ხმით ხომ ვერ მოიგებდა?
მე არ მჯერა, რომ "ოცნებამ" ამდენი ხმა მოიპარა - ვიღაცებმა მართლა მისცეს ხმა, ზოგმა მოსყიდვით, ზოგმა დაშინებით. როგორც ჩანს, ამ საზოგადოებას ურჩევნია ეს პოსტსაბჭოური წუმპე.
- ოპოზიციამ ყველა რეგიონში წააგო. ეს იმან ხომ არ განაპირობა, რომ მათ რეგიონებში მოსახლეობამდე ხმა ვერ მიიტანეს?
- თბილისის და რუსთავის გარდა არსად არ მოუგია ოპოზიციას. სოფლებში იმდენად ცენტრალიზებულია ხელისუფლება, იმდენად დიდია კონტროლი და ბევრი ბერკეტი აქვს, ვერ მოუგებ. ხელისუფლებას ჰყავს აქტივში, ასე ვთქვათ, ავტორიტეტები - ფულს უხდიან, უამრავი აიპები შეიქმნა. 2012 წლიდან დღემდე ასე გრძელდება, პროცესი უფრო ღრმავდება, კონტროლი გაიზარდა... ერთადერთი, ასეთ დროს არის ვარიანტი, რაც 2012 წელს მოხდა, ხალხი დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ცუდია და უნდა წასულიყო. ასეთ დროს იმ სახის კონტროლი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, აღარ მოქმედებს. ამჯერად, სხვაგვარად მოხდა, როგორც ჩანს, ხელისუფლების პროპაგანდამ იმაზე მეტად იმუშავა, ვიდრე ველოდი.
თუმცა უნდა ითქვას, რომ გაყალბების ხარისხი მაღალი იყო და შედეგიც - არარეალური. შეიძლება ხელისუფლებას მაინც მოეგო, თუმცა ძალიან მცირე სხვაობით. ახლანდელი დიდი სხვაობა გაყალბების ნაწილი მგონია, მაგრამ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამის პრევენცია. არჩევნების დროს ოპოზიციის კოზირი ქალაქებია. 2012 წელს თბილისში ოპოზიციის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რეგიონებში გაყალბების ხარისხმაც ვერ უშველა. ახლა ყველგან წააგეს.
- ოპოზიციამ არჩევნების დღის შემდეგ რეაგირება ხომ არ დააგვიანა?
- საყვედურის თქმა არ მინდა, რადგან ყველანი ძალიან შოკირებული ვიყავით. "გორბიმ" რომ დაწერა 56 პროცენტი, გაგვეცინა, საბოლოოდ კი დაიწერეს თითქმის 54 პროცენტი. საჭიროა მყარი მტკიცებულებები, თუ როგორ გაბერეს ამდენად ხმები. არჩევნების დღეს მოსახლეობის მაღალი აქტივობა ყველას მოსწონდა, მაგრამ მე ცოტა შიშით ვუყურებდი. მე ახლოს ვცხოვრობ საარჩევნო უბანთან და ახალგაზრდობა არ იყო ბევრი. ძირითადად, უფროსი და საშუალო თაობის წარმომადგენლები მიდიოდნენ. აქტივობა ხელისუფლების მიერ მიყვანილი ხალხის ხარჯზე გაიზარდა.
კიდევ არის ერთი გაყალბების მეთოდი - ხალხი სოფლებიდან გადმოწერეს ქალაქში ანუ ერთი ამომრჩეველი დარეგისტრირებულია როგორც რაიონში, ასევე, თბილისში. ჩამოვიდნენ თბილისში, აქ მისცეს ხმა და მათ მაგივრად რაიონში სხვამ მისცა ხმა ისე, რომ ვერც გაიგო ვერავინ. როგორც წესი, ასეთი ხალხი ისეთი სოფლებიდან მოჰყავთ, სადაც დიდი კონტროლი არ არის და 4-5 ხმის მიმატება არ არის პრობლემა. ვფიქრობ, ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი იქნებოდა, თუმცა ამის დამტკიცება რთულია.
ასევე, დიდია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა, რამდენიმე ათეული ათასი. მათი დიდი ნაწილი ხელისუფლებას აძლევს ხმას, იმიტომ, რომ ეუბნებიან, შესაძლოა მოგიხსნათ დახმარებაო. ამას დაუმატეთ კრიმინალური სამყარო, ე.წ მეტადონშიკები - მხოლოდ თბილისში 200 ათასამდეა და ჩათვალეთ, რომ ყველა ხელისუფლების მხარდამჭერია. მე არ ვამბობ, რომ "ოცნებას" ალალად მისცა ხმა მილიონ 100 ათასმა ამომრჩეველმა. ძალიან მაღალი იყო გაყალბების ხარისხი, მათ შორის მოსყიდვის, დაშინების, დამუშავების, სხვისი პირადობის მოწმობების გამოყენების, დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, ბიულეტენის მანქანაში შეცურებამდე ჩანდა, ვის მიეცი ხმა და ეს ცალკეული პირების გარდა, არავის გაუპროტესტებია. თუმცა დასავლეთი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები რამდენად ჩათვლიან ამას იმდენად სერიოზულ დარღვევად, რომ არჩევნების შედეგი ეჭვქვეშ დადგეს, უცნობია.
სიმართლე გითხრათ, იმაშიც არა ვარ დარწმუნებული, ხვალ რომ ხელახლა ჩაატარონ არჩევნები, უფრო მეტი სხვაობით არ მოიგებს ხელისუფლება.
საერთოდ, განმეორებითი არჩევნები და მეორე ტურები არ მთავრდება ოპოზიციისთვის სასურველი შედეგით, რადგან ამისთვის საჭიროა მობილიზების რესურსი, რაც ხელისუფლებას ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. მეორეჯერ ხალხის ენთუზიაზმის გაღვივება ძნელია, მით უმეტეს, როდესაც ერთხელ წაგებული გაქვს.
- არსებობს შანსი, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს?
- რა უნდა შეიცვალოს, არ ვიცი. რევოლუციის ნიშნებს ვერ ვხედავ, არ არის. სხვა რა უნდა შეიცვალოს?! ბევრი რამ ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული ანუ რა უნდა ხელისუფლებას. ევროპა დაგვიწესებს სანქციებს, მერე მთავრობა იტყვის, აღარ ვუნდივართ ევროპას, მოვიგეთ არჩევნები, თუმცა დასავლეთს ქვეყნის სათავეში ისევ "ნაციონალების" მოყვანა სურს, ომში უნდათ ჩაგვითრიონო, და მსგავსი პროპაგანდა. თუმცა არა მგონია, ხელისუფლებამ ჯერ ასეთი რამ მოიმოქმედოს, არა მგონია, რომ მისი მიზანი ეს იყოს. ამაზე წამსვლელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გაუჭირდა, თუ მართლა იზოლაციაში მოექცა ქვეყანა. ჩემი აზრით, ბიძინას მიზანია და უნდა რუსეთთანაც კარგად იყოს და, ასე თუ ისე, ევროპასთანაც. ისე დაალაგოს სიტუაცია, რომ შიდა დემოკრატიაში დასავლეთი არ ერეოდეს. ხელისუფლების ქმედებები შეერთებული შტატების არჩევნებზეც არის დამოკიდებული. თუ ტრამპმა გაიმარჯვა, იმედი აქვთ, რომ უკრაინაში სწრაფად დაასრულებს ომს, ამის შემდეგ კი დასავლეთს მეტი ინტერესი ექნება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან გამონახოს საერთო ენა. ამ შემთხვევაში ევროკავშირში შევალთ თუ არა, კაცმა არ იცის, შეიძლება გადავადდეს, თუმცა დასავლეთთან ურთიერთობა ასე თუ ისე, გაუმჯობესდება. თუ ჰარისმა გაიმარჯვა, შესაძლოა უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს "ქართული ოცნება". დასავლეთმა თუ ჩათვალა, რომ ოპოზიციას არაფერი შეუძლია, პირდაპირ ხელისუფლებასთან დაიჭერენ საქმეს. ამიტომ სინქრონიზება დასავლეთსა და მის მოთხოვნებთან ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, ნაადრევია პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა. პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს პარლამენტისა და არჩევნების ლეგიტიმაციას. რატომღაც ამ ორ რაღაცას უკავშირებენ ერთმანეთს. ეს შეცდომაა. ოპოზიციის ხმები ხომ ნამდვილია, პარლამენტში შენი ამომრჩევლის გამო ხარ. ოპოზიციის დეპუტატი ხალხის წარმომადგენელია. გარდა ამისა, პარლამენტს აქვს ბერკეტები საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, პარტიების დაფინანსებისთვის. თუ პარტიების შენარჩუნება სურთ, დაფინანსება ხომ სჭირდებათ? ამიტომ მე არ ვიჩქარებდი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გადაჭრას. დასავლეთის აზრიც, არა მგონია, ბოიკოტისკენ მოწოდება იყოს, უფრო პირიქით.
რეალობა ასეთია - გაიმარჯვა სახელისუფლებო ძალამ. ვიღაცას არ უნდა ამის მიღება და, კი ბატონო, ვიბრძოლოთ, გავიდეთ ქუჩაში, მაგრამ მერე რა? თუ არა გაქვს დაგეგმილი რას აპირებ და რის მიღწევას ცდილობ, არაფერი გამოვა. პირველად ხომ არ ვუყურებთ ამ სიტუაციას?! თუ ვერ მიაღწევ წარმატებას, ეს დიდ იმედგაცრუებას იწვევს, ხდება ემოციური ვარდნა და ხელისუფლება უფრო მეტს იგებს...
- ახლა რომ ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა დასახოს, ჯერ უნდა ჰქონდეს გააზრებული, ერთი მხრივ, რა მოხდა და მეორე, ამ რეალობაში რას უნდა მიაღწიოს...
- მაშინ რა მოხდათი დავიწყოთ. საზოგადოების დიდი ნაწილი ვლაპარაკობთ უპრეცედენტო გაყალბებაზე და რისთვის დასჭირდა ეს ხელისუფლებას? ბოლოს და ბოლოს, მცირე უპირატესობის მოპოვება ხომ ასეთი საკამათო არ გახდებოდა?
მე მაქვს ორი ვარიანტი: ერთი ცუდი და მეორე უფრო ცუდი. დავიწყებ უფრო ცუდით, რომელიც, ჩემი აზრით, ის არის, თუ რა მიზანი აქვს ივანიშვილს. თუ მიზანი ის არის, რომ ჩვენ ჩამოვცილდეთ დასავლეთს, დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად შეწყდეს და გადავიდეთ რუსეთის გავლენის სფეროში, მე ვიტყოდი, რომ ეს მიზანი უკვე მიღწეულია და მხოლოდ გაფორმება სჭირდება. ამისთვის საკმარისია არ შეასრულო არაფერი, რასაც დასავლეთი გეტყვის და ოპოზიციის ნებისმიერი გამოსვლა ჩაახშო. ამის რესურსი ხელისუფლებას აქვს. თუ ივანიშვილის სურვილი და მიზანი ეს არის, ამას გააკეთებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სანქციები, ქართული ეკონომიკის ჩამონგრევა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, მანამდე ეს ყველაფერი მომხდარი იქნება - სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი იგრძნობს, რომ ეს კურსი თურმე ცუდი ყოფილა, მანამდე ის გაფორმდება და ჩაბეტონდება. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ დასწრებასაც კი. მაგრამ იმედია და არა მგონია, ივანიშვილის მიზანი ეს იყოს. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისიც სწორედ ამას ასახელებს მიზნად. და თუ მიზანი ეს არის, მაშინ არ მესმის, რას აკეთებენ, მაშინ საომრად უნდა ემზადებოდნენ... თუ მიზანია, რუსეთში შეგვათრიონ, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილი არ დათანხმდება არაფერს, არანაირ კანონს არ გააუქმებს, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებასაც, მედიასაც დახურავს, ოპოზიციის ლიდერებსაც დაიჭერს, ყველაფერს იზამს. აბა, სხვას რას გააკეთებს, უყურებს, ვიდრე ესენი გადააგდებენ?! კარვებს რომ გაშლიან, ივანიშვილი ამას მშვიდად შეხედავს და იტყვის, კი, გავაყალბე და ახლა წავალ, აღარ მინდა ხელისუფლებაშიო? ამის მოლოდინი ხომ გულუბრყვილობაა? ამიტომ ვამბობ, თუ ასეთი მიზნიდან გამოდიხარ, მაშინ იმაზე ლაპარაკს, რომ ხელისუფლებას რაიმე დაათმობინო, აზრი არა აქვს. დასავლეთსაც ამას უნდა ეუბნებოდე, ლაპარაკს აზრი არა აქვს, პირდაპირ სანქციები დაუწესეთ, შემოიყვანეთ აქ ჯარი და გვიშველეთო. ვიმეორებ, თუ ასე გჯერა, მაგრამ პრობლემა ის არის, მიზნად ამას ასახელებენ და ასე არ იქცევიან. გასაგებია, რომ დაბნეული არიან, მაგრამ დაბნევის დრო არა გვაქვს.
- ცუდი ვარიანტი რომელია?
- ცუდი ანუ უფრო ცუდზე შედარებით "ლაითი" ვარიანტია, რომ ივანიშვილის მიზანი არ არის, გახდეს რუსეთის ნაწილი და დასავლეთში იყოს პერსონა ნონ გრატა. მისი მიზანია იყოს დასავლეთსა და რუსეთთან დაბალანსებულ სიტუაციაში, ძალაუფლების აბსოლუტური მონოპოლიზაციით - აქ კონკურენტი არ ჰყავდეს და, ასე თუ ისე, ამას დასავლეთიც და რუსეთიც იყვნენ შეგუებული. ჩემი აზრით, ეს მიზანი უფრო ჩანს და თუკი ასეა, მაშინ პრობლემები აქვს. პირველ ვარიანტში მას მიზანი მიღწეული აქვს ამ არჩევნებით, მე ვიტყოდი, მანამდეც შეეძლო ამის მიღწევა. უბრალოდ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, ჰარისს აირჩევენ თუ ტრამპს სულ ცალ ფეხზე მკიდიაო, და დედას შეაგინებდნენ. მაგრამ ფაქტია, არ ამბობენ და არჩევნებს ელოდებიან. ამიტომ მე მგონია, მეორე ვარიანტი. თუმცა ოპოზიციის პრობლემა, ჩემი აზრით, სწორედ ის არის, რომ ამ მეორე ვარიანტს სამსჯელოდაც კი არ განიხილავს. ეს მეორე ვარიანტი, თუ ბიძინას მიზანი ეს არის, და მგონია და ჩანს კიდეც, არის, მაშინ მას ჰაერივით სჭირდება ამ არჩევნების დასავლეთიდან ლეგიტიმაცია. ეტყობა კიდეც, რომ სჭირდება და სურს. აქ კი პრობლემა აქვს - რა თქმა უნდა, არჩევნების გაყალბება სერიოზული პრობლემაა (თუმცა საკითხავია, ოპოზიციასა და საერთაშორისო საზოგადოებას ეს მტკიცებულებები აქვთ თუ არა), მაგრამ გაცილებით სერიოზული პრობლემაა ის, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ დასავლეთის გინებაში მეტისმეტად გადააჭარბა. ამიტომაც პერსონალურად ჩვენი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება ძალიან ნეგატიურია მთელ დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში. თითქოს ეს სუბიექტური ფაქტორია, მაგრამ ძალიან ართულებს ვითარებას, რადგან ამათი სანდოობა ნულის ტოლია - დღეს ერთს ამბობენ და ხვალ მეორეს, რაღაც კონსპირაციის თეორიებს აგებენ და ამ მხრივ ძალიან გადააჭარბეს, ზედმეტი მოუვიდათ. ხელისუფლება გაჭედილია, ერთი მხრივ, ძალიან უნდა ლეგიტიმაცია, მაგრამ სანაცვლოდ რა უნდა შესთავაზოს, დასავლეთმა რომც უთხრას, გიღიარებ ამ არჩევნებსო? არაფერი აქვს შესათავაზებელი. ერთადერთი, ლეგიტიმაციის საკითხს თუ გადაიტანს პოლიტიკურ ვაჭრობაში - უთხრას, აგენტების კანონს გავაუქმებ, ოჯახის სიწმინდის კანონს რომ ეძახიან, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არ ავამოქმედებო... დასავლეთის დედის გინებასაც მოუკლებენ და ამით ფასადურ დემოკრატიას შეინარჩუნებენ. მეტი არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ და არ ვიცი, ამაზე დასავლეთი რამდენად დათანხმდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს არ აწყობს ქართულ ოპოზიციონერ საზოგადოებას, რომელიც დღეს, ჩემი აზრით, იმაშიც კი არ არის ჩამოყალიბებული, იბრძვის გამარჯვებისთვის თუ ზარალის მინიმიზებისთვის. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ინერციით მაინც გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებენ, რომ ხელისუფლება დაამარცხონ, მაგრამ პრობლემა ის არის, არ ჩანს, როგორ უნდა დაამარცხონ...
- ეს რა საფრთხეს ქმნის?
- თუ დასავლეთსა და ხელისუფლებას შორის გარიგება დაიდო, დასავლეთი ოპოზიციას მოსთხოვს პარლამენტში შესვლას და წინააღმდეგობის შეწყვეტას. თუ ოპოზიცია ამაზე წავა, დაკარგავს ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც რადიკალურ ქმედებებს ელის, არ წავა და, დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას... თუ ხელისუფლებამ ლეგიტიმაციის სანაცვლოდ რაღაცები დათმო, და მგონი, ივანიშვილს სწორედ ეს მიზანი აქვს, ოპოზიცია ძალიან წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ზარალის მინიმიზებაზე არ არის ორიენტირებული. ისინი შინაგანად არ აღიარებენ, რომ დამარცხდნენ... ამიტომ შესაძლოა ძალიან რადიკალურ ქმედებებზე წავიდნენ, რომ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი შეცდომა დააშვებინონ და დასავლეთიც აიძულონ ხელისუფლებას მკაცრად მოექცეს. თუკი ამას მოახერხებენ, მერე ხდება ის, რაც ცუდზე უფრო ცუდი სცენარია - წავალთ მთლიანად რუსეთისკენ და დიქტატურისკენ...
ძალიან მაინტერესებს, ვინმე სერიოზულად ფიქრობს, თუკი ლეგიტიმურობა არ იქნა ცნობილი, ხელისუფლება ამის გამო სახლში წავა? შეიძლება ივანიშვილს სულ არ უნდა რუსეთთან, მაგრამ მეტი გზა არ დარჩება. ოპოზიციას არა აქვს ეს გააზრებული და მით უმეტეს, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოება და ოპოზიცია რადიკალური ბრძოლისთვის მზად არიან.
სოფო კაჭარავა,
რუსა მაჩაიძე