„სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება“
ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს და აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა. ხელისუფლება პარლამენტის სხდომის ჩასატარებლად ემზადება, რათა კენჭი უყაროს არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებას. თავის მხრივ, არჩევნებში დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. რამდენად არის სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ არჩევნების შედეგები გაუქმდეს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე იურისტი ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება:
- როცა საუბარია არჩევნების კონსტიტუციურობაზე, მნიშვნელოვანია, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, გნებავთ საარჩევნო თუ სამართლის, დაცული იყოს. სამართლებრივი დავა შეიძლება ორი მიმართულებით გაგრძელდეს: საერთო სასამართლოების სისტემაში - პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ყველა ეტაპის გავლა. გააჩნია, რაზეა დავა, ბიულეტენების გადათვლაზე, საოლქო კომისიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე, შემაჯამებელ ოქმებზე და აშ. - ამ ყველაფერზე სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა შესაძლებელია. ამავე დროს შესაძლებელია დავა წარიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც არჩევნების კონსტიტუციურობას შეეხება, რა თქმა უნდა, იმ ნორმასთან ერთად, რომლის დარღვევაც დაფიქსირდა, იქნება ოქმი, სამართლებრივი აქტი თუ სხვა. კონსტიტუციური და სასამართლო დავების შემთხვევაში, ერთი შეხედვით, შეიძლება ერთი და იგივე საკითხი იყოს მსჯელობის საგანი, თუმცა რეალურად ეს ორი შინაარსობრივად სხვადასხვა პროცედურაა, რომელიც ერთ შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტულ გადაწყვეტილებას შეეხება.
უზენაეს სასამართლოში დავის საგანი შეიძლება იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო კოდექსის კონკრეტული ნორმა, მის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები და მიღებული გადაწყვეტილებები. ამ დროს მთლიანად მათი კონსტიტუციურობაა დავის საგანი. დავა შეიძლება იყოს ინფორმაციის მიწოდების, ბაზებზე წვდომის, ამომრჩეველთა სიის გამო.
მკითხველისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს, 2003 წლის ნოემბრის შემთხვევას გავიხსენებ. ნოემბრის არჩევნების შემდგომ საარჩევნო კანონმდებლობის ტოტალურად დარღვევის გამო დავა ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შემდგომ კი გადაინაცვლა უზენაეს სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა დამკვირვებელი ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" მოთხოვნა. შესაბამისად, იმ მასობრივი დარღვევების გამო, რასაც მაშინ ცესკო-ც დაეთანხმა, შეუძლებლად ჩათვალა არჩევნების შედეგების ხელახალი გადამოწმება და ამიტომ ბათილად გამოაცხადა შედეგები. სხვათა შორის, 2003 წელს ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ქადაგიძემ მიიღო. ის ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.
- არის ოპოზიციის მტკიცებულებები საკმარისი, რომ არჩევნების შედეგები გაბათილდეს?
- მხოლოდ კრიტიკული ანუ პროცესში ჩართული პარტიების ამარა არ არის ეს დარჩენილი. არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს სამართლებრივად არანაკლებ მეტი შეუძლიათ გააკეთონ. 2003 წლის მაგალითი სწორედ ამიტომ მოვიყვანე. მაშინ "სამართლიანი არჩევნების" სარჩელი დააკმაყოფილა მოსამართლე ნინო ქადაგიძემ. გარდა ამისა, სხვადასხვა დარღვევაზეც შეიძლება ჰქონდეთ არგუმენტები და მტკიცებულებები, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა შეჯამდეს და ამ მტკიცებულებებიდან გამოიკვეთება, რომელი მიმართულებით წავა ეს დავები, უზენაეს თუ საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთი, რაც ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სწორედ ფარულობის ტოტალურად დარღვევის გამო ყველა საარჩევნო უბნის ბათილად ცნობას ითხოვს. სარჩელები ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციაში და შემდგომ სასამართლოში გადაინაცვლებს. ჯერ არაფერი გვსმენია საკონსტიტუციო დავის პერსპექტივაზე, ეს შედარებით რთული სამუშაოა. იმედია და ვფიქრობ, პროფესიული ორგანიზაციები, "სამართლიანი არჩევნები", "გამჭვირვალობა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამაზე ფიქრობენ.
რაც შეეხება პერსპექტივას, საფუძველი ნამდვილად არის, რომ სარჩელები შევიდეს სასამართლოში. ეს რამდენად იქნება საკმარისი სასამართლოსთვის და მტკიცებულებებით გამყარებული, სხვა საკითხია.
ამ ეტაპისთვის რაც საჯაროდ ვრცელდება, ის მონაცემები საკმარისია იმ დარღვევებზე სამართლებრივი დავისთვის, რომლებმაც გავლენა მოახდინა შედეგებზე.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ცალკეულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების სამართლებრივ, ასევე მთლიანი შედეგების რევიზიას. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევები იმდენად მასშტაბურია, რომ კენჭისყრის შემდგომ ის შეიძლება არსებითად შეცვლილიყო, ბუნებრივია, ამის წარმოჩენა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. იგივე ითქმის ფარულობის თუ სხვა დარღვევებზე. დარღვევები არა მარტო საქართველოში ყოფილა სამართლებრივი მსჯელობის საგანი. შემიძლია გაგახსენოთ, რომ მსგავსი დავის საგანი იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში - "ვარდების რევოლუციის" შემდგომ გაზაფხულზე ჩატარებული პროპორციული არჩევნების შედეგები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა ლეიბორისტულმა პარტიამ და ეს ერთადერთი საქმეა, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა აჭარის ორ დიდ საარჩევნო ოლქში. თუმცა ეს გადაწყვეტილება სტრასბურგმა 2008 წელს გამოაცხადა.
ახლა იმ პერიოდში ვართ, როდესაც მხარეები სრულად არ ასაჯაროებენ ყველა მტკიცებულებას. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიის ნაწილია, რათა მოწინააღმდეგისთვის არ იყოს ცნობილი წინასწარი მიმართულება. საარჩევნო დავები არ არის ხოლმე ძალიან გაჭიანურებული და უახლოეს დღეებში ვნახავთ როგორც ცალკეულ უბნებთან, ისე ოლქებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს. მთლიანად არჩევნებზე გამოთქმული პრეტენზიები დამაფიქრებელია და შესაძლოა საფუძვლიანიც იყოს.
- განვიხილოთ დარღვევა, რომელზეც საია საუბრობს, რომ ფარულობა იყო დარღვეული და აშკარად ჩანდა, თუ ვის აძლევდა ხმას ამომრჩეველი. ამის დადასტურება შეიძლება?
- ნანახი მაქვს ვიდეოჩანაწერი, როგორ აცხადებს საუბნო კომისია არჩევნების შედეგებს და ჩანს, რომ პრაქტიკულად ყველა ბიულეტენის უკანა ნაწილი საშუალებას იძლეოდა, რომ გაგვეგო, თუ რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა. ის, რომ ბიულეტენი ამდაგვარი იყო, თუნდაც კომისიის წევრისთვის ეს დარღვევაა. კამერები იწერდა თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, ბიულეტენი გამჭვირვალე იყო, რაც უკვე ამყარებს არგუმენტს, რომ ფარულობა არ იყო დაცული. მმართველი გუნდის წევრები რომ ამბობენ, მერე რა, რომ გამჭვირვალე იყოო, ასე იოლად არ არის საქმე. კაბინიდან მოყოლებული, ჩემი შემოხაზვიდან ბიულეტენის ჩაგდებამდე მთელი პროცესი სრულად უნდა იძლეოდეს ფარულობის გარანტიას. ამ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ სწორედ საარჩევნო უფლების იმგვარ დარღვევაზე, რომელმაც გამოიწვია საარჩევნო უფლების დარღვევა როგორც ბარიერგადალახული, ასევე გადაულახავი პარტიებისაც. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, არჩევნები აღარ არის ლეგიტიმური, არა მარტო კონსტიტუციასთან, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებთან არ არის შესაბამისობაში და ეჭქვეშ დგება ლეგიტიმაცია. ეს თავისთავად ქმნის საფუძველს იმისა, რომ გაუქმდეს შედეგები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
- ასევე საუბარია მოქალაქეთა მოსყიდვაზე, დაშინებაზე, კარუსელზე, ამის დამტკიცება რამდენად რთული იქნება?
- თუკი ანალოგიური შემთხვევები იყო, ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებდა შედეგებზე. თუკი ეს ხდებოდა, ეს თავისთავად ნიშნავს ჩარევას არჩევანში და ეს შედეგების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. თუნდაც როცა საუბარია კარუსელზე და რა ვიდეოც გავრცელდა საჯაროდ, ადამიანებს რამდენიმე პირადი ნომერი ხელზე რომ ეწერათ, რამდენიმეს თავის პასპორტში ედო ფურცელი, სადაც სხვისი პირადი ნომერი ეწერა, ესეც იდენტიფიცირებადია და სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. საარჩევნო უბნებში ინფრასტრუქტურა ისე იყო მოწყობილი, რომ წარემართა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. პირდაპირ კედელთან მჯდომი რეგისტრატორის დაკვირვება ძნელი იყო. სავარაუდოდ, იმ რეგისტრატორმა იცოდა, რომ აყალბებდა მასთან მოსული პირი, როცა მას სხვისი პირადი ნომრით არეგისტრირებდა. გამოვლინდა კიდეც ერთი ფაქტი, ვიღაც მამაკაცი ქალის პირადობის მოწმობით აძლევდა ხმას. ასე რომ, დანაშაულის სისტემის პოტენციური თანამონაწილე რეგისტრატორებიც იყვნენ. ბოლო დღეებში ისიც გავიგეთ, რომ შეიცვალა წევრთა ფუნქციების განაწილების წესი და ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვინ იქნებოდა რეგისტრატორი, მათ შორის სახელმწიფომ.
დამნაშავე გარეთ რომ დგას და ხელში უჭირავს ვიღაცის მონაცემები, თუნდაც არ ჰქონდეს სხვისი პირადობის მოწმობა, ასევე რეგისტრატორი, საარჩევნო ადმინისტრაციის ადგილობრივი ხელმძღვანელი, რომელმაც არ უზრუნველყო გამჭვირვალობა, ეს კრავს წრეს, რომ ვთქვათ, ეს სისტემურად, სახელმწიფომ ჩაიდინა.
იმ დამნაშავეს, რომელსაც ასეთი ფურცლები ეჭირა ხელში, იმ რეგისტრატორს, რომელმაც ის დაარეგისტრირა, იმ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, უნდა ესმოდეს, რომ როცა ასეთ დანაშაულზე მიდიხარ, ამაზე რეაგირება იქნება. მეტსაც გეტყვით, ყოველივე სწორედ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ან სახელმწიფო ადმინისტრაციასთან დალაგებული სქემა იყო.
სპეცსამსახურების პოლიტიკურ პროცესში ჩარევა ახალი არ არის. 2014-2016 წლებში თვითონ "ოცნების" ყოფილი და მოქმედი წევრები, "თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკელები საჯაროდ ამბობდნენ, რომ არჩევნებში სუს-ი ერეოდა, თვითმმართველობის არჩევნებში არათუ ერეოდა ადმინისტრირებაში, არამედ პოლიტიკურ, მმართველი პარტიის სიების შედგენაშიც ის მონაწილეობდაო. ის სუს-ია დღესაც.
- ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს ყველა ხელისუფლება სათავისოდ იყენებდა და იყენებს. რამდენად შეიძლება ეს დარღვევად ჩაითვალოს?
- 2003 წელს სწორედ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში იყო უამრავი დარღვევა და ამის გამო გაბათილდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული ნაწილი. ყოველთვის აჭარა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი იყო ე.წ სამთავრობო საარჩევნო ხმების ყულაბა და დღესაც ასეა.
- პროცენტულად რამდენი უნდა იყოს დარღვევა, რომ საჭირო გახდეს არჩევნების ბათილად ცნობა?
- მათემატიკური სიზუსტით რამდენი უნდა იყოს, ვერ ვიტყვით, მაგრამ როდესაც არის 5-პროცენტიანი ბარიერი, ნებისმიერმა პროცენტულმა ცვლილებამაც, 2-3-მა პროცენტმაც, შეიძლება სურათი შეცვალოს. არა მხოლოდ მათი, ვისაც გადალახული აქვს 5-პროცენტიანი ბარიერი, არამედ მათიც, ვინც ვერ შევიდა.
- ითქვა ისიც, რომ ამომრჩეველთა სიები სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ადგილას იყო ჩატვირთული. ამ სახის დარღვევის გამოვლენა თუ არის შესაძლებელი?
- თუ არ შედარდა საარჩევნო სიები, არაფერი გამოვა. უნდა გაირკვეს, იმ სიაში ვინც იყვნენ, არსებობენ თუ არა.
ამის გამოცდილება გვაქვს - 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მხარდამჭერმა ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგამ" სწორედ სიების გადამოწმება დაიწყეს და აღმოაჩინეს მმართველი პოლიტიკური ძალის, იმდროინდელი "ნაცმოძრაობის", ე.წ. ქერის ორმო - ეს იყო ემიგრანტების ხმები და არარსებული მისამართები. დღეს რატომ არ არის დაინტერესებული ამით მთავრობა, რომელმაც 2012 წელს თვითონ გაიარა იგივე და იცის, რაც იყო?
ყველანი ხომ დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ ლეგიტიმურ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. სახელმწიფო აკონტროლებს, ვინ არ არის საქართველოში, ვინ გადაკვეთა საზღვარი. შესაბამისად, ამ პირთა ქაღალდზე დაწერილი პირადი ნომრები შეიძლება გახდეს საარჩევნო მანიპულაციის საგანი. ეს ვის შეუძლია გააკეთოს? რა თქმა უნდა, იმან, ვინც იცის, რომ ის ხალხი წასულია ქვეყნიდან და არც არასდროს გადაამოწმებს ამას. მილიონამდე ემიგრანტი გვყავს და მხოლოდ 95 000-მა გაიარა საკონსულო აღრიცხვა, ის 500 000 სად არის, მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა? ამ კითხვაზე ვინ გაგვცემს პასუხს?
- ამის დადგენას რა დრო სჭირდება?
- რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, ღირს ამაზე მუშაობა. ის კითხვის ნიშნები, რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, უნდა მოიხსნას. ყველა უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ეს საკითხი სტრასბურგში არ წავიდეს.