„არ შეიძლება თქმა, რომ ელექტრონული არჩევნები არ ვარგა, თუმცა...“
ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა რა გამოწვევის წინაშე დააყენა ქართველი ამომრჩეველი და შესაძლებელია თუ არა აუდიტის ჩატარებამ არჩევნების შედეგები შეცვალოს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე გვესაუბრება:
- იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით ტექნიკური მტკიცებულებების სრული სურათი არა გვაქვს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციებმა კრიტიკულად შეაფასეს. არჩევნებში ჩარევა არ არის მხოლოდ ჰაკერული ტექნოლოგიების საშუალებით შედეგების გაყალბება, არამედ ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო ოპერაციის მეშვეობით ამომრჩევლის ნებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, დაშინება, მოსყიდვა. შემთხვევითი არ არის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე მასობრივად მიმდინარეობდა ამომრჩევლის დარწმუნება, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გარდაუვალი იყო.
- რუსეთი ჰიბრიდული ომის ასეთ მეთოდებს ყველა მეზობელ და არამეზობელ ქვეყანაში იყენებს. კარგად გვახსოვს, რუსმა ჰაკერებმა ერთ-ერთ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როგორ გატეხეს პოლიტიკური პარტიების სერვერები და ათასობით კონფიდენციალური კორესპონდენცია გამოაქვეყნეს. მსგავსი შეტევების თავიდან ასარიდებლად შეიქმნა ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრიც.
- არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით, რუსული კიბერშეტევები სათავეს იღებს უკრაინაში, სადაც 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მწყობრიდან იქნა გამოყვანილი ცესკოს ოფიციალური საიტი, რის შედეგადაც არასწორი მონაცემები გამოქვეყნდა. შემდგომში რუსეთი აქტიურად ჩაერია გერმანიის ბუნდესტაგის, საფრანგეთისა და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, სადაც საიტებს კი აღარ შეუტიეს, არამედ ჰაკერული გზით მოპარული კონკრეტული კანდიდატის მადისკრედიტირებელი ინფორმაცია გამოაქვეყნეს. ამან გამოიწვია არა მხოლოდ ერთი რომელიმე კანდიდატის დისკრედიტაცია, არამედ პოლარიზაციის გაზრდა და დემოკრატიული არჩევნებისადმი რწმენის შერყევა. ყველაზე მტკივნეული შედეგი მაინც მანიპულირებული ამომრჩევლის მიერ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობის შტურმი აღმოჩნდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. ამრიგად,
რუსული კიბეროპერაციების აუცილებელი შედეგი სულაც არ არის ტექნიკური მოწყობილობების მწყობრიდან გამოყვანა ან ხმების რაოდენობის გაყალბება. არჩევნებში ჩარევის მიზანი უფრო თავად არჩევნების პროცესისა და დემოკრატიული წყობის ძირის გამოთხრაა.
- ოპოზიციონერი ლიდერები მუდმივად გვარწმუნებდნენ, რომ არჩევნები უახლესი ტექნოლოგიებით გაიმართებოდა და "ოცნებას" როგორც არ უნდა მოენდომებინა, გაყალბებას ვერ შეძლებდა. რა გამორჩათ, რა ვერ გაითვალისწინეს?
- ელექტრონული არჩევნები იმით არის კარგი, რომ ნებისმიერი გაყალბება ანუ არარეგლამენტირებული ცვლილება დოკუმენტირდება და ამისთვის თვალის მიდევნება შესაძლებელია. კომპიუტერულ სისტემაში ნებისმიერი მოქმედება ტოვებს კვალს, ლოგებს, ჩანაწერებს. იმის გარკვევაც არის შესაძლებელი, ჩანაწერები როდის წაიშალა, თუმცა სტანდარტში წერია, რომ არ უნდა წაიშალოს. წაშლა და დაფორმატება თავისთავად მტკიცებულებაა, ეს იგივეა, დანაშაული მოხდეს და პოლიციამ თქვას, კამერების ჩანაწერები წავშალე და ახლა რა გავიგოო?! ამგვარი ფაქტებიც არ არის იშვიათი, თუმცა კიდევ ვიმეორებ - კომპიუტერულ სისტემაში ნებისმიერი მოქმედება დოკუმენტირდება და უსასრულოდ ინახება.
რაც შეეხება ოპოზიციასა და მის განცხადებებს ელექტრონული არჩევნების საიმედოობაზე, მათ პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს და სწორადაც მოიქცნენ. გაყალბების შესაძლებლობებზე რომ ელაპარაკათ, შეიძლება ოპოზიციის ამომრჩეველი არც მისულიყო ხმის მისაცემად. ოპოზიცია ამბობს და ეს დამკვირვებლების საჩივრებშიც ჩანს, რომ არჩევნების გაყალბებაში მთელი სახელმწიფო სისტემა იყო ჩართული. ასეთ შემთხვევაში არჩევნებს გაყალბებისგან ვერანაირი აპარატი ვერ დაიცავს. ამას გვეუბნებიან საერთაშორისო აქტორები. თუ მმართველ ძალას ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენა სურს, არჩევნების გაყალბებას ელექტრონული აპარატების კი არა, კოსმოსური ტექნოლოგიების პირობებშიც მოახერხებს, იმიტომ, რომ ნებისმიერ აპარატსა და ტექნოლოგიას ადამიანი მართავს. ამ აპარატებში ამომრჩეველთა ბაზები ხომ ადამიანებმა შეიყვანეს? ელექტრონული არჩევნების დადებითი მხარე ის არის, რომ გაყალბებაზე თვალის მიდევნება შეიძლება. თუ არჩევნები არ გაყალბებულა, ამის დამტკიცება მმართველ გუნდს ძალიან მარტივად შეუძლია.
არჩევნების შეფასებისას საერთაშორისო ორგანიზაციები არ ხელმძღვანელობენ მხოლოდ არჩევნების დღეს მომხდარი ფაქტებით. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად თავისუფალ გარემოში მისცა ამომრჩეველმა ხმა, იყო თუ არა მოსყიდვის ან დაშინების ობიექტი. ამ ყველაფერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები შეაფასებენ და შესაბამის დასკვნებსაც დადებენ. ამის შემდეგ საკუთარ პოზიციას გამოხატავენ ჩვენი პარტნიორებიც. მათი განცხადებები, სამწუხაროდ, ჩვენთვის დამაიმედებელი ნამდვილად არ არის.
- შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული არჩევნები ვერ გამოდგა გაყალბების პრევენციად?
- დიახ, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ ელექტრონული არჩევნები არ ვარგა. ასეთი მეთოდები კარგია იმით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა არჩევნების ღამეს - საარჩევნო კომისიებში ვაჭრობა, ძალადობა, ბიულეტენების გატაცება და ა.შ.
ელექტრონული არჩევნები კარგია, უბრალოდ სადამკვირვებლო მისიები ისე უნდა იყვნენ მომზადებული, რომ გაყალბების არც ერთი მეთოდი არ გამოეპაროთ და აუდიტმაც შესაბამისი შედეგი უნდა დადოს.
- თქვენ რა გამოცდილება გქონდათ საარჩევნო უბანზე?
- მე ჩემი პოზიცია საჯაროდ მაქვს გაცხადებული. ვფიქრობ, პრობლემები შეექმნებოდათ იმ პირებს, რომლებიც მალავდნენ საკუთარ არჩევანს - საჯარო სამსახურში ყოფნის, სოციალური დახმარების ან კიდევ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
აქ კიდევ ერთი საკითხია - ამომრჩეველს, რომელიც საარჩევნო ბიულეტენიდან გამოჟონილ მელანს დაინახავდა, გადაწყვეტილება უკვე დაფიქსირებული ექნებოდა და ვეღარაფერს შეცვლიდა, მაგრამ თუ ის წინასწარ იქნებოდა გაფრთხილებული, რომ მისი არჩევანი ფარული არ იქნებოდა, ის აუცილებლად მოექცეოდა გავლენის ქვეშ. არჩევნების ფუნდამენტური საფუძველი ფარულობაა და მისი დარღვევა უკვე განაპირობებს არჩევნების შედეგების გადასინჯვის აუცილებლობას.
თუკი საერთაშორისო საზოგადოება არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს, ეს კატასტროფული შედეგებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, პოლიტიკურ ცხოვრებასა და უსაფრთხოებაზე. შედეგად, სახელმწიფო დაზარალდება და არა რომელიმე კონკრეტული პარტია ან პირი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ძალებმა, უპირველესად კი მმართველმა პარტიამ, ამ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით მიიღონ შემდგომი გადაწყვეტილებები.
ხათუნა ბახტურიძე