როგორი იქნება ქუჩის პროტესტი?! - კვირის პალიტრა

როგორი იქნება ქუჩის პროტესტი?!

"ვის გინახავთ, რომ დანაშაულის ჩამდენი თავად იძიებდეს დანაშაულს? ჩვენი მოთხოვნა ჩატარებულ მასობრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა", - ამგვარად პასუხობს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველი გუნდის მოწოდებას, პროკურატურას მისცენ ჩვენებები, ვისაც არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები აქვთ.

- საზოგადოებამ იცის ჩვენი მთავარი მოთხოვნა - ეს არის ხელახალი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო ადმინისტრირებით უნდა ჩატარდეს. უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას და არჩევნებს აღიარება არა აქვს.

"ქართულმა ოცნებამ" სწორედ ფარულობის არქონა გამოიყენა იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ნების გამოხატვაზე ეძალადა. ეს არის საფუძველი იმისა, რომ არჩევნები გაუქმებულად, არალეგიტიმურად, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გამოცხადდეს. ახალი არჩევნები საერთაშორისო ადმინისტრირებით უნდა ჩატარდეს. ჩვენ ასევე ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო იურისდიქციით არჩევნების ჩატარებაზე, იქვე ვამბობთ, რომ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და გვინდა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ ყველა დოკუმენტზე წვდომისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება. ეს მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. მე არ ვიცი, რატომ ამბობს გახარია, რომ შეუძლებელია არჩევნების ჩატარება საერთაშორისო იურისდიქციით. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ ამ საკითხზე ჩვენს პარტნიორებს და განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას.

- არჩევნების საერთაშორისო იურისდიქციით ჩატარებას შესაბამისი კანონი და დიდი დრო სჭირდება, რაც ოპოზიციას ახლა არა აქვს.

- პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კანონში შეიძლება ისეთი ცვლილებები შევიდეს, რომ ეს ყველაფერი სწრაფად, დაჩქარებული წესით გაკეთდეს.

- ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი იმედგაცრუებული და გაბრაზებულია.

- მე აბსოლუტურად მესმის უკმაყოფილო და გაბრაზებული ამომრჩევლის. მათ სურთ სწრაფად მოიშორონ თავიდან "ქართული ოცნება". ორშაბათიდან პროტესტის ახალი ეტაპი იწყება. ქუჩაში პროტესტი ხან მრავალრიცხოვანი იქნება და ხან მცირერიცხოვანი. მთავარია, ჩვენ ერთად ვართ და შედეგს აუცილებლად მივიღებთ.

- ირწმუნებოდით, რომ ახალი ტექნოლოგიებით ჩატარებულ არჩევნებს "ოცნება" ვერ გააყალბებდა.

- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ საარჩევნო ბიულეტენი ასეთ სიფრიფანა ფურცელზე დაიბეჭდებოდა და "ოცნება" თითოეული ხმის აღრიცხვას მოახერხებდა პირდაპირ საარჩევნო უბანზე. არსებობს საია-ს წერილი, სადაც წერია, რომ ასეთი ფურცლით არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ასევე არსებობს ცესკოს პასუხი, რომ არჩევნები ასეთი ბიულეტენებით არ ჩატარდება, ეს მხოლოდ სატესტო ფურცელიაო. არადა, ზუსტად ეს ბიულეტენი გახდა ტოტალური კონტროლის მთავარი მექანიზმი.

- პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ ყველაფერი კარგად იცოდა, ფურცელიც მათი შერჩეული იყო და ფლომასტერიცო.

- პაპუაშვილი იტყუება. ჩვენ ზეპირად კი გვაქვს პრეტენზია გამოთქმული ამ ფურცლის გამო, მაგრამ საია-ს ხომ აქვს ოფიციალური წერილი მიწერილი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის? იქიდანაც ოფიციალური პასუხია მოსული, რომ ეს მხოლოდ სატესტო ფურცელია. ამ დოკუმენტებს სად წაუვლენ?

ჯერ ერთი, ოპოზიციას არც ტენდერებში ახედებდნენ და არც საარჩევნო ბიულეტენის სისქეს ეკითხებოდა ვინმე. ჩვენ პროცედურებშიც კი არავინ გვახედებდა, უფრო მეტიც, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ცეესკოს საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრმა ანა კობახიძემ სიების ჩატვირთვაზე პასუხისმგებელი პირების სიები მოითხოვა, ასევე სცადა გარკვეულიყო, აპარატების ვიდეოკონტროლი არაუფლებამოსილ პირებს ხომ ევალებოდა და ყველაფერზე უარი უთხრეს.

- პარლამენტში ნამდვილად არ შეხვალთ?

- გამორიცხულია.

- დასავლელმა ლიდერებმა რომ გირჩიონ?

- 2020 წელს არჩევნები დასავლეთმა უპრობლემოდ აღიარა, ოპოზიციას კი არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ახლა ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილია.

ხათუნა ბახტურიძე