„გვიკვირს, თავში ეს აზრი როგორ მოუვიდათ...“
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერებს სულელურ მოთხოვნად მიაჩნიათ ოპოზიციის ერთობლივი სამოქმედო გეგმის მთავარი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, არჩევნები საერთაშორისო იურისდიქციით უნდა ჩატარდეს. როგორია გახარიას გუნდის სტრატეგია, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე გვესაუბრება:
- საერთაშორისო იურისდიქციით არჩევნების ჩატარება ძალიან ვრცელი, ბიუროკრატიული პროცესია და ამისთვის წარმოუდგენლად დიდი რესურსია საჭირო. ამიტომ გვიკვირს, როგორ მოუვიდათ ეს აზრად. არჩევნები ისევ საქართველოს იურისდიქციით უნდა ჩატარდეს, ოღონდ იმაზე დიდი დაკვირვებით, რაც ახლა იყო. ცესკოს ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და სწორად დაკომპლექტდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა "ქართული ოცნების" ადმინისტრაციული რესურსებისგან განიარაღება.
- ოპოზიციონერი ლიდერების ერთი ნაწილი, მაგალითად, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თქვენი გუნდის კრიტიკას არ მიიღებს, რადგან მიუხედავად მრავალჯერ მიპატიჟებისა, ერთობლივ შტაბში კონსულტაციებზე არ მიდიხართ.
- ოპოზიციური ფლანგიდან არავის ვაკრიტიკებთ, ახლა ყველა ერთად ვართ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში - ქვეყანა დასაბრუნებელია განვითარების გზაზე. ბრიფინგებზე რომ არ ვდგავართ, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესებში არ ვმონაწილეობთ, ჩვენი წარმომადგენლები ყველგან არიან. ამასთან, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ძალიან სერიოზულ მასალაზე, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნების დელეგიტიმაციისთვის. ჩვენ აუცილებლად წარმოვადგენთ მტკიცებულებებს, რომ "ოცნებამ" არჩევნები მოიპარა. ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია. ასევე თავს არიდებს გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია "სმარტ მატიკთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ. ვგულისხმობთ დოკუმენტაციას, რომელიც არეგულირებს ელექტრონულ აპარატებში ხმის მიმცემ ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს. წესით, დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ცესკოს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე ინფორმაციის წაშლა.
თითოეული დაგვიანებული დღე ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ "ოცნების" ინტერესშია. ამიტომ უკვე მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, რომ უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება, და აიძულოს ცესკო, შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ოცნება" მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას.
- მამუკა მდინარაძემ ოპოზიცია აქეთ დაადანაშაულა არჩევნების გაყალბებაში. როგორც ამბობს, 81 იდენტიფიცირებული შემთხვევა აქვთ, თუ როგორ ცდილობდნენ ფულის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში.
- მდინარაძის განცხადება იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ ეშინიათ მტკიცებულებების წარმოდგენის. თავად ხომ მშვენივრად იციან, რომ 54% კი არა, 41%-იც კი ვერ მოაგროვეს? სხვებს ადანაშაულებენ იმაში, რაც თავად აქვთ ჩადენილი, რათა საზოგადოებაში შექმნან განცდა, თითქოს არჩევნები "ოცნებამ" კი არა, ოპოზიციამ წააგო. მოცემულობის იმგვარად წარმოჩენა სურთ, თითქოს საქართველოს ყოველმა მეორე მოქალაქემ მათ მისცა ხმა. მედიამანიპულაციისა და პროპაგანდისტული მედიანიუსის შესაქმნელად უკადრებელს კადრულობენ. შესაბამისად, არ მიკვირს მდინარაძის ეს ბრალდება. მტკიცებულებები, ყველას, მათ შორის "ოცნების" მხარდამჭერებსაც უნდა ვაჩვენოთ და გავაგებინოთ, რომ ამ პოლიტიკური ძალის 54% მხოლოდ მატყუარების შექმნილი ბუტაფორიაა და სხვა არაფერი.
- როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, "ქართული ოცნება" ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების გახსნაზე თანახმაა, თუმცა საკუთარი პირობებით - ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს პროკურატურასთან, ან პარლამენტში უნდა შევიდნენ და საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
- მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილისთვის უარის თქმის უნარი რომ ჰქონოდა და სახელმწიფო ინსტიტუტები ბუტაფორიად არ ექცია, ნამდვილად განვიხილავდით ამ იდეას, მაგრამ როდესაც ბატონ მდინარაძეს დამოუკიდებელი აზრის გამოთქმის უნარი დაკარგული აქვს, მის ამ წინადადებას სერიოზულად ვერ აღვიქვამთ. იმ პირებმა, რომლებსაც დამოუკიდებელი აზრის გამოთქმის უფლება არა აქვთ, რა უნდა გამოიძიონ. სირცხვილიც არის იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებმაც საკუთარ სახელმწიფოს უღალატეს. ასეთი ღალატი არც ერთი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ უკადრია 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე.
- ღალატში რას გულისხმობთ?
- ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობა გაგვაშვებინეს ხელიდან. ამაზე მეტი ღალატი რა შეიძლება იყოს?!
- შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა ამწუთიერი პოლიტიკურ კონიუნქტურაზე აყოლა.
- სინამდვილეში ევროინტეგრაცია არის გეოპოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენება და ეს კარგად გამოიყენეს 90-იან წლებში ბალტიისპირეთმა და აღმოსავლეთ ევროპის შვიდმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ მათ ივანიშვილი, მდინარაძეები და კობახიძეები არ ჰყავდათ.
- ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე თქვა, თუ ვერ მიხვდებიან თქვენი "ტოპტვინები", რომ არიან გარე "ტოპტვინები", რომლებიც რჩევას მოგცემენ და ისინი, ბევრად მალე შევლენ პარლამენტში, ვიდრე შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოსო.
- არ ვიცი, ეგენი ვის აღიარებენ "ტოპტვინებად", მაგრამ ის კი დაზუსტებით ვიცი, რომ მათი ერთადერთი "ტოპტვინი", ივანიშვილია. ასე თავხედურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ მე არ მეგულება ოპოზიციაში ვინმე, ვინც ახლა პარლამენტში შევა.
ხათუნა ბახტურიძე