„განსაკუთრებით შუაშისტურმა ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები“ - კვირის პალიტრა

„განსაკუთრებით შუაშისტურმა ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები“

ოპოზიციამ უწყვეტი აქციები დააანონსა - "ბრძოლა იქნება ბოლომდე", - აცხადებენ ლიდერები და აქციების პარალელურად აგრძელებენ მტკიცებულებების მოპოვებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში გაყალბდა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასა და ოპოზიციის ბრძოლის მეთოდებზე გვესაუბრება.

- ოპოზიციური პარტიები­ სამი მიმართულებით მუშაობენ­: ქუჩის აქციები,­ საერთაშორისო ასპარეზზე და სამართლებრივი­ ბრძოლა. გაართმევს თავს ოპოზიცია ამ ამოცანას?

- იმთავითვე ნათელი იყო, რომ ოპოზიციას სამი ძირითადი მიმართულება უნდა აერჩია, ეს იყო: საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, იმ მტკიცებულებების შეგროვება, რამაც გამოიწვია არჩევნების გაყალბება, და ქუჩის აქციები. ოპოზიცია სამივე ამ მიმართულებით მუშაობს. მან უნდა გააგრძელოს პარტნიორებთან ურთიერთობა, მაგრამ არა მხოლოდ შეხვედრა-ლაპარაკით, პარალელურად უნდა მიდიოდეს მუშაობა იმ დოკუმენტზე, რითაც ნათელი გახდება, ხელისუფლებამ გააყალბა თუ არა არჩევნები. ამ დოკუმენტში მნიშვნელოვანია გადმოცემული იყოს ანალიზი, თუ რა მოხდა არჩევნების დღეს, რა იყო არჩევნებამდე და როგორ გრძელდება­ ეს პროცესი. უნდა დაიწყოს იქიდან, თუ როდის ემზადებოდა ხელისუფლება - მაგალითად, როდესაც შეიტანა­ საარჩევნო კანონში ცვლილებები. ოპოზიციამ ჩვენს პარტნიორებსა და საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რომ ხელისუფლება მანამდეც ქმნიდა ნიადაგს საჭიროების შემთხვევაში გაყალბებისთვის. საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს მოჰყვა ცესკოს დაკომპლექტების ცვლილებები. ამან გამოიწვია ის, რომ საოლქოში, საუბნოში და, ფაქტობრივად, ყველა ოლქში­ და ყველა უბანზე კომისიებში ხელისუფლებას აქვს უმრავლესობა, რაც ნიშნავს, რომ საოლქო კომისიები დაწერილ საჩივრებს ერთმანეთზე მიყოლებით ან არ განიხილავენ,­ ან განიხილავენ და არ აძლევენ­ მსვლელობას. ამას უნდა მოჰყვეს, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები - ვიდეო, მობილურით გადაღებული, ფაქტობრივი, დოკუმენტური მასალა, იმ საჩივრების სისტემატიზაცია, რომლებიც უბნების მიხედვით დაწერეს დამკვირვებლებმა. ეს დეტალური­ და შრომატევადი სამუშაოა...

არსებობს იმედგაცრუება, ვინაიდან ასეთ შედეგებს არავინ ელოდა - საქართველოში 5%-იანი გაყალბება გაყალბებად არ ითვლება, მაგრამ აქ უფრო დიდ მასშტაბთან გვაქვს საქმე. სანამ გულგატეხილობა­ გადაივლის, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს პერმანენტული აქციები. ხსენებული სამივე მიმართულებით მუშაობა უნდა იყოს პარალელურ რეჟიმში. ოპოზიციას აქვს ამის გამოცდილება. თუნდაც 2003 წლის მოვლენები გავიხსენოთ. მაშინაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას თავიდან მცირე პროტესტი მოჰყვა, მაგრამ შემდეგ ძალა მოიკრიბა და ვნახეთ, რითაც დასრულდა. თუ ოპოზიცია ვერ ახერხებს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არჩევნები გაყალბდა­, მაშინ პროტესტს მხარდაჭერა არ ექნება.

screen-shot-2024-07-30-at-0927-1730641812.25.jpg

- ოპოზიცია და არასამთავრობოები ამბობენ, რომ ხელთ აქვთ მრავალი მტკიცებულება.

- თუკი გაყალბების მტკიცებულებები შეგროვებულია, ამის დამადასტურებელი მასალები უნდა გავრცელდეს. ერთია, როცა პოლიტიკოსებისგან გესმის, რომ გაყალბდა, და მეორე, როცა ხალხი საკუთარი თვალით ხედავს გაყალბების ფაქტებს. ოპოზიციამ ხომ ჩვენზე უკეთ იცის, რა მდგომარეობა იყო უბნებზე, რა გაყალბდა და როგორ. ყოველ შემთხვევაში, მათ ამის მასალა აქვთ და თუ მასში ისე არ ჩანს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გააყალბა არჩევნები, მაშინ პროტესტს აზრი არა აქვს, ბრძოლის სხვა ფორმა უნდა მოიძებნოს.

- მოვისმინეთ დასავლელი ლიდერების განცხადებები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს და ახლა ბევრი რამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაზეა დამოკიდებული. ეუთო/ოდირს საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაუდია და რა გახდის მათთვის თვალნათელს, რომ არჩევნები სისტემურად გაყალბდა?

- ვფიქრობ, ის დოკუმენტი, რომელიც შესადგენია, არა მარტო ელჩებს, არამედ ეუთო/ოდირსაც უნდა მიაწოდონ. სინამდვილეში, ეს დასკვნა რეალური თუ იქნება, ისინი გადახედავენ თავიანთ პოზიციას და საბოლოო დასკვნაში ასახავენ. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამდენად მასშტაბური აქციების ორგანიზებას შეძლებს ოპოზიცია. ვინც არ უნდა ილაპარაკოს, თუ საზოგადოებაში არ გაჩნდა იმის ძალიან მძაფრი განცდა, რომ არჩევნები მართლა გააყალბეს, რამდენი ფულიც არ უნდა დაიხარჯოს, საპროტესტო აქციები მასშტაბური ვერ იქნება. ზღაპარია, რასაც ხელისუფლება ამბობს, ფული შემოვიდა დასავლეთიდანო. მრავალათასიანი აქციები თუ გაიმართა, აუცილებლად ექნება შედეგი. ამასთანავე, ოპოზიციამ უნდა შეავსოს სიცარიელე - მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა სახელოვნებო სფეროდან, ამიტომ ეს აქციები არ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური თემებით შემოიფარგლოს, რაღაც მეტი უნდა და ამას ორგანიზება სჭირდება.

- ზოგი ამ ბრძოლაში ხედავს ლიდერის გამოკვეთის აუცილებლობას, რომელიც დაამტკიცებს, რომ ძალუძს ცვლილებების მოტანა.

- ლიდერს რა სჯობია, მაგრამ აბა, სად არის? თავის დროზე განსაკუთრებით შუაშისტურმა ოპოზიციამ დაუშვა შეცდომები. გახარია და "ლელო" რომ არ გაერთიანდნენ, ამან გამოიწვია ის, რომ შუაშისტური ნაწილი ან არ წავიდა არჩევნებზე, ან "ოცნებისკენ" წავიდა. ძალიან მარტივია მიღებული ხმების რაოდენობის განსაზღვრა - "ნაცმოძრაობის" ხმები, ფაქტობრივად, არ დაკარგულა, მიუხედავად იმისა, რომ ორად გაიყო. შუაშისტური ხმები პრეტენზიული ამომრჩევლის იყო და რომ არ გაერთიანდნენ, შეცდომაა. არც სალომე­ ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პრემიერობის კანდიდატს დავასახელებო. შეთანხმებული თუ არ იყო, მაშინ არ უნდა შეხებოდა ამ თემას, და თუ შეეხო, მაშინ უნდა დაესახელებინა... აქციებზე შუაშისტური ამომრჩეველი თუ არ მივიდა, ჩათვალეთ, რომ აქციები იქნება მილევადი. "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი, ერთიანი თუ გაყოფილი, აქტიური ამომრჩეველია და მივა. მთავარი პრობლემა ის არის, ოპოზიციამ როგორ მოიყვანოს შუაშისტური ამომრჩეველი აქციებზე. მან უნდა დაუმტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა.

- საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნაც დგას ოპოზიციის დღის წესრიგში. თუ ოპოზიციამ ამას მიაღწია და საერთაშორისო გამოძიება დაადგენს, რომ არჩევნები გაყალბდა, ავტომატურად ინიშნება ხელახალი არჩევნები, არა?

- ხელახალი არჩევნების მხოლოდ დანიშვნა საკმარისი არ არის. როცა დოკუმენტი მომზადდება, თუ რა ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა ის ხვრელი უნდა იყოს ამოვსებული, საიდანაც მოხდა გაყალბება - ცესკოს შემადგენლობის გადახედვით დაწყებული, იმით დამთავრებული, ვისით და როგორ კომპლექტდება კომისიები. ახლახან ითქვა, რომ საუბნო კომისიებში ძირითადად "ქართული ოცნების" ოჯახებისა და პარტიის წევრები იყვნენ. ამაზე უნდა იყოს აქცენტი, რათა მომავალში ეს აღარ დაუშვან. პირდაპირ კანონით უნდა იკრძალებოდეს, რომ პარტიის აქტივისტი არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.

საერთაშორისო გამოძიებას ოპოზიცია კი ითხოვს, მაგრამ ხელისუფლება არ დათანხმდება. ოპოზიციამ შეიძლება სარჩელი მოამზადოს და იმ შექმნილი დოკუმენტის საფუძველზე გაასაჩივროს საერთაშორისო სასამართლოებში. როცა საქართველოში ამოიწურება სარჩელები, შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიმართოს.

პრეცედენტი იმისა, რომ არჩევნები საქართველოში ბათილად იქნა ცნობილი, 2003 წელს იყო და მართალია, ნაწილობრივ (მაშინ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო­ სასამართლომ - პროპორციული ნაწილი გააუქმა და მაჟორიტარები დატოვა, თითქოს სხვადასხვა არჩევნები ყოფილიყოს), მაგრამ შედეგები გაუქმდა. აი, ამით უნდა იმუშაონ.

ხელისუფლებისთვის წნეხია საპროტესტო აქციები, საგარეო არაღიარება, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება. ყოველივე ეს პარალელურ რეჟიმში უნდა კეთდებოდეს.

- ხელისუფლება არც ამომრჩეველთა სიების გასაჯაროებას თანხმდება. ეს რაზე მიანიშნებს?

- ყველაფერი ის თუ მომზადდა, რაზეც ოპოზიცია მუშაობს, დიდია ალბათობა,­ რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მისცენ, მაგრამ ამის შემდეგ რა მოხდება? ბელარუსსა და საქართველოს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ მინდა, მაგრამ ბელარუსში ძალიან დიდი პროტესტიც იყო, მიტინგებიც, მაგრამ ლუკაშენკომ არაფერი აღიარა და ვნახეთ, რითაც დასრულდა. კი ბატონო, იქნება ზეწოლა, მაგრამ ხელისუფლება დათმობაზე­ თუ არ წავა, იქნება სანქციები. უბრალოდ, პროტესტი არ უნდა შეწყდეს და როცა ჩვენი საზოგადოება და შუაშისტური ნაწილი დაინახავენ, რა შედეგები მოჰყვება ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას, ალბათ, შედეგის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ ხელისუფლებამ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება და პოლიტიკა დატოვა ისეთივე, როგორიც ბოლო პერიოდში იყო, მაშინ ამას მოჰყვება სანქციები და ბევრი ცუდი რამ, მაგრამ ჩვენ არა ვართ ბელარუსი...

- ბოლო დღეებში საუბარია, რომ ხელისუფლებამ დასავლეთის დასამშვიდებლად შესაძლოა "ბარტყების გადმოყრა" დაიწყოს, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. რუსული კანონი (და არა მარტო) გააუქმებინოს. ასეთ შემთხვევაში რა იქნება დასავლეთის პასუხი და როგორ მოიქცევა ოპოზიცია?

- ეს რთული სათქმელია. კანონების გაუქმებას კი ითხოვენ პარტნიორები, მაგრამ ისინი გამოძიების ჩატარებასაც ითხოვენ. თუ ხელისუფლება დათანხმდება (ამ კანონებს გააუქმებს), მაშინ იძულებული გახდება დათანხმდეს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებასაც. თუ საერთაშორისო გამოძიება დაადგენს, რომ ყველაფერი მშვიდად იყო და არაფერი გაყალბებულა, მაშინ პრობლემა არ იქნება, მაგრამ სასამართლო თუ საპირისპიროს დაადგენს, მაშინ გვექნება რიგგარეშე არჩევნები - ანუ "ბარტყების გადმოგდების" გზით თუ წავა ხელისუფლება, იქნება მოთხოვნა და, დიდი ალბათობით, ის საერთაშორისო გამოძიებაზე უნდა დათანხმდეს. შემდგომ რას დააგენს სასამართლო, ესაა საქმე. თუ ხელისუფლებას მართლა არაფერი დაუშავებია, დათანხმდეს გამოძიებას, რა პრობლემაა, ხოლო თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. ეს იქნება კვანძის გახსნა ყველაზე უკეთეს შემთხვევაში.