„ჩვენ ვერ ვიპოვეთ იდეა, რომლის გარშემო მთელი საზოგადოება გაერთიანდებოდა“ - კვირის პალიტრა

„ჩვენ ვერ ვიპოვეთ იდეა, რომლის გარშემო მთელი საზოგადოება გაერთიანდებოდა“

იდეოლოგია მთავარი იარაღია მიზნის მისაღწევად და გავლენის სფეროების მოსაპოვებლად. აქვს თუ არა იდეოლოგია ჩვენს ქვეყანას? - ამ თემაზე პოლიტოლოგ უჩა ბლუაშვილთან ვსაუბრობთ.

- ბევრი თეორეტიკოსის აზრით, იდეოლოგია რწმენის სფეროა და არა სინა­მდვილის, მას არ შეიძლება ობიექტურობის პრეტენზია ჰქონდეს და ამ დროს ამა თუ იმ იდეოლოგიურ გავლენაში უფრო მეტი ხალხი ექცევა. იდეოლოგიური ბრძოლები საზოგადოებას სტრესს აყენებს. კომუნიზმის კრახის შემდეგაც ბევრს ეგონა, რომ ლიბერალურმა იდეოლოგიამ მთავარი მეტოქე დაამარცხა და იდეოლოგიური ბრძოლების საჭიროება აღარ იქნებოდა, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რაც ხდება ჩვენ გარშემო.

ჩვენ იდეა გვქონდა მაშინ, როდესაც ვიყავით რუსულ და საბჭოთა იმპერიებში - ეს იყო დამოუკიდებლობის მოპოვება. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ კი ჩვენ იდეოლოგია ვერ შევიმუშავეთ, ვერ ვიპოვეთ იდეა, რომლის გარშემო მთელი საზოგადოება გაერთიანდებოდა. არადა, იდეოლოგიური უზრუნველყოფის გარეშე არც ერთი განვითარებული საზოგადოება არ ყალიბდება, უამისოდ ვერ ავიცილებით სხვა სახელმწიფოების იდეოლოგიურ გავლენებს­. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ დასავლეთიც, რომლისკენაც ასე მივისწრაფოდით, ყველასთვის ისეთი თეთრი და ფუმფულა როდია, როგორც წარმოედგინათ, მეორე ნაწილი კი აგრესიულად, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ყალყზე შემდგარი ხვდება დასავლეთის ნებისმიერ კრიტიკას, რაც ძალზე მიაგავს ჩვენი წარსულის იმ სიუჟეტებს, როდესაც ერთი დამპყრობლისგან უკუქცეულნი, მეორესთან ვინაცვლებდით და ბატონის გამოცვლა თავისუფლება გვეგონა.

- ჩვენს ისტორიაში არის მსგავსი მაგალითები. დროდადრო ჩვენი არისტოკრატიაც მზად იყო მთელი საზოგადოების ცხოვრების წესი შეეცვალა უცხო ქვეყნის გავლენით. იყო დრო, როდესაც სპარსულ ენაზეც ვწერდით და ვკითხულობდით. თუმცა ეს, ალბათ, მიმბაძველობის დიდი ნიჭის დამსახურებაც არის.

- ჩვენი გენეტიკური თავისებურებები­დან მართლაც მოდის მიმბაძველობა. ქარ­თველი კაცი ბუნებით თეატრალია. ის არ ცხოვრობს, არამედ ცხოვრებას თამაშობს­. მისი ქცევები ხშირად სხვათა შეფასებაზეა გათვლილი. ამიტომ არის სპექტაკლი ჩვენი­ სუფრა, ქორწილისა თუ დაკრძალვის რიტუალი. ეს წესები პოლიტიკაშიც გადაგვქონდა.

ისტორიაში ცნობილია ფაქტები, როდესაც ქართველი მხედრობა მონღოლ ნოინებს ბრძოლის დაწყების უფლებას სთხოვდა, უარის შემთხვევაში კი საშინლად სწყინდათ. არადა, სხვის ომში, მით უმეტეს, დამპყრობლის ომში ძალად გაწვეულებს, რატომ უნდა ნდომოდათ ბრძოლის ქარცეცხლში პირველად გადაშვება და სიკვდილი?! ასეთ შემთხვევებში, სავარაუდოდ, მთავარი წარმოდგენის შექმნა და მონღოლთა შეფასება იყო. მათ უნდა ეთქვათ, რამდენად თავგანწირული და უებრო მეომრები არიან ქართველები... მაგრამ ეს თვისება ხელს უშლიდა ჩვენს კონსოლიდაციას, ისევე როგორც საკუთარ ინტერესებზე ქვეყნის ინტერესების გადახურდავება.

კარგად ვიცნობ გასული საუკუნის 90-იან წლებში ოპოზიციური პარტიების ქმედებას ჯავახეთში, სადაც ეთნიკურად სომეხ ჩვენს მოქალაქეებს ავტონომიასაც კი ჰპირდებოდნენ ხმების მიღების სანაცვლოდ. გასაგებია, რომ ეს იყო იაფფასიანი პოლიტიკური ფანდი, მაგრამ პოლიტიკური დივიდენდებისთვის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა ღალატის ტოლფასია. ასეთი პოლიტიკური კულტურით მოვედით დღემდე და ამიტომაც ვერ დავარქმევთ­ არაბუნებრიობას, რომ ვიღაცას მსხვილი­ სახელმწიფოების უსიტყვო მორჩილება მოსწონს. თუმცა ჩვენ გვაქვს სრული თანასწორუფლებიანობის იდეა, რომელიც ილია ჭავ­ჭავაძეს ეკუთვნის, რომელმაც თქვა, - ჩვენ უნდა ვიყოთ ყველასთან თანასწორუფლებიანი და არა ქვეშევრდომი და ამას უნდა მივაღწიოთ საზოგადოებაში განათლების შეტანით.

- ილიას სიტყვებია: "დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის" ანუ ვერავინ უნდა გაგვიბედოს იმის თქმა, რომ ვინმეზე ნაკლები ვართ.

- ცხადია. ჩვენ ბევრი ნაკლი მოგვყვება ისტორიიდან, თუმცა ჩვენი ნაკლი არ არის იმის საფუძველი, რომ ვინმეს თანასწორად არ უნდა ვიგრძნოთ თავი. ნაკლის გამოსწორებას ნებისმიერი ერი ცდილობს და ჩვენც უნდა ვიმუშაოთ. სხვებისგან გვაქვს სასწავლი კანონის პატივისცემა, საზოგადოებაში­ ქცევის ელემენტარული წესები, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ ის ინდივიდუალიზმი, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს და ჩვენი ღირსებაა. ჩვენ შეგვიძლია "სხვა ერთა შორის" თანასწორნი ვიყოთ, რადგან გვაქვს საამისო ენერგია. ჩვენს ისტორიაშიც ბევრჯერ ვიდექით გადაშენების პირას, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოგვიყვანა გონიერებამ და თავგანწირვამ, რა დროსაც ხდებოდა ჩვენი ეროვნული ენერგიის მობილიზება, რომელსაც ისტორიის ამ საბედისწერო მოსახვევიდან გამარჯვებული გამოვყავდით. ამის მაგალითად თუნდაც იმერეთის სახელოვანი მეფე სოლომონ პირველი მინდა გავიხსენო. მან სრულიად ყმაწვილმა დაქცეული ქვეყანა ჩაიბარა, სადაც ტყვე ბავშვების გაყიდვა ეროვნული ტრაგედია იყო. ამ ბოროტებაში ახალგაზრდა მეფის დედა და ბიძაც კი იყვნენ ჩართული. 22 წლის სოლომონმა შეძლო ერთგული პატრიოტების გამოძებნა და 1757 წლის დეკემბერში ხრესილის ველზე თურქთა ბევრად ჭარბ ჯარს გაუმართა ბრძოლა. როგორც ვიცი, ბრძოლის წინ სოლომონმა და მისმა მეგობრებმა ფიცი დადეს: ბრძოლიდან ან გამარჯვებული გამოვალთ, ან ბრძოლის ველზე დავიხოცებითო, და გაიმარჯვეს. იმ ომში 78 წლის აფხაზეთის მთავარი ხუტუნია შარვაშიძეც მონაწილეობდა, რომელიც ახალგაზრდა მეფის გვერდით ლომივით იბრძოდა.

- დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და არჩევნებსაც მინდა შევეხო. ხელისუფლებამ ხმების დიდი რაოდენობით გაიმარჯვა. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამომრჩევლის ნაწილი შედეგით სასოწარკვეთილია - ქვეყნიდან ემიგრაციის ახალი ტალღა აპირებს გასვლას.

- ქართველები ინდივიდუალისტები ვართ. ეს, ცხადია, ღირსებაა, მეორე მხრივ, ხელს გვიშლის ეროვნული ენერგიის მობილიზებაში. გაცილებით იოლია მილიარდ-ნახევარი ჩინელის ენერგიის ერთი მიზნისკენ წარმართვა, ვიდრე სამი მილიონი­ ქართველის ძალისხმევის გაერთიანება. საკმარისია ბელადმა ბრძანოს, მარჯვნივ შემობრუნდითო და ჩინეთში მყისვე ყველა მარჯვნივ შეტრიალდება, ჩინელებს ესმით, რომ ბელადი, თუნდაც მათთვის არასასუ­რველი, მაინც უფროსია და მისი ბრძანების შეუსრულებლობა დაუშვებელია. ეს სიბრძნე მათ აღმოსავლური დესპოტიის სასტიკ საუკუნეებში შეითვისეს, საქართველოში კი უფროსის ბრძანებას აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვება. ერთი იტყვის: რატომ მარჯვნივ, მარცხნივ უკეთესიაო, მეორე, მაგას ვინ ჰკითხავსო, მესამე, რა დროს ტრიალიაო და ა. შ. არადა, თუნდაც მარჯვნივ შებრუნების ბრძანება მცდარი იყოს, ერთი მიმართულებით წარმართული ერის ენერგია მაინც ბევრად სჯობს ყველას ჭკუაზე მიტრიალ-მოტრიალებული გათითოკაცებული ერის ენერგიას!

- ჩინეთი ახსენეთ და არც ერთი ჩვენგანისთვის არ არის უცხო, რომ ჩინეთის გამოჩენამ შესაძლოა ჩვენი ისედაც მძიმე დემოგრაფიული სიტუაცია უფრო დაამძიმოს.

- მართალი ბრძანდებით. იმ ეკონომიკურ ეფექტს, რომელიც ჩინეთის ინვესტიციებს შესაძლოა მოჰყვეს, ჩინელების დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხეც უეჭველად ახლავს. ჩვენ პატარა ერი და ქვეყანა ვართ და ამ გარემოების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა ჩვენთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.

აქ ისევ ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის ავტორს, დენ სიაო პინს დავესესხები. ჩინურ ეკონომიკაში კერძო საკუთრების და კონკურენციის ელემენტების შეტანას ჩინელი კომუნისტების პროტესტი მოჰყვა: დენმა კი ისინი ამ ახსნით დაამშვიდა: წარმოიდგინეთ, რომ ვიმყოფებით ჩახუთულ ოთახში, სადაც ჰაერის უკმარისობაა. გავაღეთ ფანჯარა და შემოვუშვით ჰაერი, რომელსაც შემოჰყვა კოღო. ისევ დავხურეთ ფანჯარა და ისევ ცუდად გავხდით. ამიტომ უნდა შევძლოთ, რომ გავაღოთ ფანჯარა და ვებრძოლოთ კოღოებსო. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ეკონომიკურ აღზევებაზეა საუბარი, შეგვიძლია ქართველებმაც იგივე გავაკეთოთ: შემოვუშვათ ეს ახალი ინვესტიცია და ვიფხიზლოთ დემოგრაფიაში. ეს არის ჩემი პირადი აზრი.