"აფხაზები უარზე იყვნენ - კეკელიას მკვდარსაც არ გაგატანთო... აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მამუკა ცუდად იყო, თავის ტკივილი ტანჯავდა, ზოგჯერ ისევ ტყვეობაში ეგონა თავი. დიდი ბრძოლა დამჭირდა მის გონზე მოსაყვანად"
"ვიცოდი, სიცოცხლეს ბრძოლის ველზე რომ დაასრულებდა, უბრალოდ, ასე მალე თუ დავდგებოდი ფაქტის წინაშე, არ მეგონა"
მამუკა კეკელია 22 წლის იყო, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო და იარაღის ხელში აღებამ მოუწია. სამწუხაროდ, ვერც სახლი დაიცვა და ვერც დედა, ის რუსულ-აფხაზური ბანდფორმირების წევრებმა ორი თვის განმავლობაში აწამეს, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს. იმ დღიდან, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მამუკა კეკელიას მტრის ჯავრი არ განელებია. დედის ფოტოსა და თილისმაში გახვეულ მისივე ფერფლს მკერდით ატარებდა. ბრძოლა სოხუმის დაცემის შემდეგაც არ შეუწყვეტია - წლების განმავლობაში იყო ჩართული პარტიზანულ ბრძოლებში ჯერ "თეთრი ლეგიონის", შემდეგ კი "ტყის ძმების" წევრად. როგორც საუკეთესო და გამოცდილი მებრძოლი ირიცხებოდა ტყიბულის სამხედრო ბაზაში განლაგებულ სწრაფი რეაგირების ბატალიონშიც. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელი მებრძოლის სამხედრო კარიერა, სოხუმის უშიშროების იზოლატორში, 44-დღიანი სასტიკი წამების შემდეგ დასრულდა. როგორც მისი მეუღლე, ხათუნა დალაქიშვილი გვიამბობს, მისი გამოჯანმრთელებისთვის ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსის გავლა იყო საჭირო. ყველაფრის მიუხედავად, როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეულ ქვეით ბატალიონს "კარპატსკი სიჩს" შეუერთდა. ერთ-ერთი ბრძოლისას დაიჭრა და უკრაინელი მეგობრების დახმარებით საფრანგეთში გაიარა რეაბილიტაციის კურსი. ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, რომ კვლავ უკრაინაში დაბრუნდა, ქართულ ბატალიონ „"შერეკილებში". როგორც თანამებრძოლები ამბობენ, მისი ოცნება და მიზანი სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობის თავზე ქართული დროშის აფრიალება იყო.„55 წლის მამუკა კეკელია 26 ოქტომბერს, კახოვკა-პაკროვსკის მიმართულებაზე დაიღუპა.
უფრო მეტს ქართველი მეომრის შესახებ მისი მეუღლე, ხათუნა დალაქიშვილი გვიამბობს:
- მამუკა ნიჭიერი ადამიანი იყო და არაერთ პროფესიაში შეეძლო წარმატების მიღწევა, მაგრამ მისი მოწოდება სამშობლოსათვის ბრძოლა იყო. გაგიკვირდებათ, ახლა ისეთ რამეს გეტყვით - ვიცოდი, სიცოცხლეს ბრძოლის ველზე რომ დაასრულებდა, უბრალოდ, ასე მალე თუ დავდგებოდი ფაქტის წინაშე, არ მეგონა.
- როგორც გავიგე, ოჯახი უკრაინაში მისი წასვლის წინააღმდეგი იყო.
- დიახ, ჩვენი შვილები. ერთი ვაჟი და ორი გოგონა გვყავს. შვილებს ვეუბნებოდი, დაანებეთ თავი, მაინც თავისას გაიტანს, ეგ მაგ საქმისთვის არის დაბადებული, მამათქვენს სიბერით, ლოგინში სიკვდილი არ უწერია-მეთქი. მართლაც, თავისი გაიტანა და წავიდა. ძალიან მძიმეა მისი დაკარგვა, მაგრამ ვიცი, რომ მას ასეთი სიკვდილი უნდოდა - ბრძოლის ველზე უნდა დაცემულიყო. ამას გარდა, ის გულით გაუსაძლის ტკივილს ატარებდა. ვერაფრით ვერ მოინელა დედა, რომელიც ორი თვის განმავლობაში აწამეს და მერე ცოცხლად დაწვეს. მამუკას დედა მედიცინის მუშაკი იყო, სახლში დაჭრილებს უვლიდა. ალბათ, ეს არ აპატიეს და კიდევ ის, რომ მისი შვილი საუკეთესო მებრძოლი იყო.
- უკრაინაში ომის დაწყებამდე რას საქმიანობდა?
- მამუკა, როგორც ყოფილი სამხედროების დიდი უმრავლესობა, პოლონეთში მუშაობდა, მაგრამ ყველაფერი მიატოვა, ხელფასის აღებასაც კი არ დაელოდა, მოძებნა ძველი თანამებრძოლები და წავიდა ომში. მალევე მძიმედ დაიჭრა. კიევში უთხრეს, რომ ფეხს ვერ შეუნარჩუნებდნენ და საფრანგეთში გაუშვეს. გამოჯანმრთელდა და ისევ დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი. ვეხვეწე, ახლა მაინც გაჩერდი, აღარ გაქვს ძველებური ჯანი-მეთქი, მაგრამ ისევ არ მოგვისმინა. სამი ინფარქტი გადაიტანა, გულის ოპერაციაც აქვს გაკეთებული. ტყვეობის შემდეგ ძალიან დაუზიანდა ჯანმრთელობა.
ბოლოს რომ ველაპარაკე, შინ დაბრუნება ვურჩიე. უარი მითხრა, ისეთი რამე უნდა გავაკეთო, ჩემით რომ იამაყოთო. ვუთხარი, იმდენი რამე გაქვს გაკეთებული, შენით ისედაც ვამაყობთ, ცოცხალი გვჭირდები-მეთქი. ნუ გეშინია, ჩემი მოსაკლავი ტყვია რუსებს ჯერ არ ჩამოუსხამთო. იმ ავბედით დღეს ყველა შვილისთვის დაურეკავს, შუათანა ქალიშვილს ვერ დაუკავშირდა, თემოსთვის (ჩვენი ვაჟისთვის) უთქვამს, შენი ხმის გაგონება მინდოდაო.
ძალიან იღბლიანი იყო. არაერთხელ დაიჭრა, აფხაზეთში ომის დროს ტანკში აფეთქდა. ისეთი სიტუაციიდან გამოუღწევია ცოცხალს, რომ სხვას ვერაფერს მიაწერდი, თუ არა ღვთის სასწაულს. ვამბობდი კიდეც, ღმერთს განსაკუთრებულად უყვარს-მეთქი. 2001 წელს, როდესაც "ტყის ძმების" წევრი იყო, 5 ბიჭთან ერთად ტყვედ ჩავარდა. ხუთიდან ორი იქვე დახვრიტეს, სამი წაიყვანეს და 44 დღის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ. 7 აპრილი იყო, ტყვედ რომ აიყვანეს, ინფორმაცია ამის შესახებ 9 აპრილს გავრცელდა. ჩვენ მოგვივიდა ცნობა, რომ მამუკა დაღუპული იყო. სახელები და გვარები აერიათ და ეგონათ, დახვრეტილებში ერთ-ერთი მამუკა იყო. პირველად მაშინ გამოვიგლოვე. რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ცოცხალი ყოფილა. ისევ მისმა თანამებრძოლებმა დაინახეს, აფხაზეთის ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში. ვინ აღარ ჩაერთო მისი გათავისუფლების საქმეში, მათ შორის, ხელისუფლება და "წითელი ჯვარი". აფხაზები უარზე იყვნენ, ნებისმიერზე შეგვიძლია საუბარი, კეკელიას მკვდარსაც არ გაგატანთო. თანამებრძოლებმა ყველაფერი გააკეთეს მის გამოსაყვანად, ვიღაც სამხედრო მაღალჩინოსანში გაცვალეს. ყველაფერი დამტვრეული ჰქონდა - ნეკნები, ყბის ძვლები, თავიც გატეხილი. გარდა იმისა, რომ ყოველდღე სცემდნენ, დახვრეტის იმიტაციას უწყობდნენ - ეტყოდნენ, დასახვრეტად მიგვყავხარო, გაიყვანდნენ, კედელთან დააყენებდნენ და...
- აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა?
- აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მამუკა ცუდად იყო. ჯერ ხომ თავის ტკივილი ტანჯავდა, მერე იყო მომენტები, რომ თავი ისევ ტყვეობაში ეგონა. დიდი ბრძოლა დამჭირდა მის გონზე მოსაყვანად... ზოგიერთ დედას შვილისთვის არა აქვს იმდენი ღამე გათეული, რამდენიც მე მამუკასთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც კი გაიგო რუსების საქართველოში შემოსვლის ამბავი, მაშინვე მზადება დაიწყო. ვიღაცებმა სახლშიც მოაკითხეს, გამოცდილი მეომარი ხარ და უნდა გაგვიძღვეო. მე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მადარდებდა, თან მესამე შვილი 3 წლის გვყავდა. ვეხვეწებოდი, არ წახვიდე, ან ამ სამი შვილით როგორ მტოვებ, ან რაც გიმკურნალე, წყალში რატომ მიყრი, ძველებურად ბრძოლას ვეღარ შეძლებ-მეთქი. მე იმხელა გამოცდილება მაქვს, სახლში რა სინდისით უნდა დავრჩე, რის გაკეთებასაც მე ვერ შევძლებ, სხვებს ვასწავლიო. შენ კიდევ ძალიან კარგად იცი, როგორც უნდა მოიქცე, როგორც კი ქალაქში ჯარი შემოვა, შეკრიბე მეზობლის ქალები და ტყეში გაიქეცით, სახლში არც შენ დარჩე და არც სხვები დატოვოო. მოკლედ, გაემგზავრა, მაგრამ სანამ კონფლიქტის ზონაში ჩავიდა, გორის მიმართულებაზე გზები ჩაიკეტა. მაშინ ასე გადავრჩით...
- როდესაც მამუკა გაიცანით, აფხაზეთის ომი უკვე დამთავრებული იყო?
- მამუკა ქალაქში შემთხვევით გავიცანი. ტყიბულელი ვარ. დეიდაჩემს კაფე-ბარი ჰქონდა და ერთ დღეს რომ მივაკითხე, მამუკა თანამებრძოლებთან ერთად იქ იჯდა. აფხაზეთის ომი დამთავრებული კი იყო, მაგრამ იმხანად სწრაფი რეაგირების ბატალიონში იყო, ბაზა ტყიბულში ჰქონდათ. ერთი დანახვით მოვწონებივარ. მაშინვე მითხრა, დამელოდე, დავბრუნდები და დაგელაპარაკებიო. გამეცინა... იმ დღეს აღარ გამოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ სახლში მომადგა და მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. ძალიან გამიკვირდა მისი სითამამე და უარი ვუთხარი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამითანხმა.
სიკეთით სავსე, ალალ-მართალი კაცი იყო, ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც მამუკაზე ცუდის თქმას შეძლებს. თანამებრძოლებს ძალიან უყვარდათ. როგორც თავად შეეძლო სიცოცხლე ენაცვალებინა მეგობრებისთვის, ასევე იყვნენ ისინიც. სხვათა შორის, პარტიზანული მოძრაობის ბიჭებს სულ სხვა სამყარო ჰქონდათ, მათ საუბრებს რომ ვუსმენდი და ურთიერთდამოკიდებულებას ვხედავდი, თავი ჯადოსნურ სამყაროში მეგონა. ჩემ გარშემო ცოცხალი გმირები იყვნენ, ადამიანები, რომლებიც ყოველწამიერად მზად იყვნენ, სამშობლოსათვის სიცოცხლე დაეთმოთ.
ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მამუკა ძალიან შეიცვალა. მხოლოდ ფიზიკური ტკივილი ხომ არ არის?! ვინ იცის, მის გულში რამდენჯერ გაიარა ელდამ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, დედა რომ ცოცხლად დაუწვეს, ძალიან ბევრი მეგობარი დაკარგა - ზოგი მტრის ტყვიამ მოკლა, ზოგიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა... ერთი მეგობარი, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა, ორი თვის შემდეგ თავად დაიღუპა. მისი ფორმა შინ მოიტანა და კედელზე დაკიდა. რამდენჯერ უთქვამს, მის სულს ვენაცვალეო. გაფრთხილებული ვყავდი, რომ მოკვდებოდა, იმ ფორმით უნდა დაგვესაფლავებინა. ჩემს შვილს, თემოს შევახსენე ეს ამბავი, მაგრამ მითხრა, მამას ბოლოს რომ ველაპარაკე, ვთხოვე, ის ფორმა ჩემთვის დაეტოვებინაო. მამუკა ჯერ ფრონტის ხაზიდან არ გამოუყვანიათ, ვინ იცის, გამოიყვანენ კი?!
უფალს მადლობა, რომ მე ამარჩია მისი ცხოვრების მეგზურად. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც ტყვეობიდან დაბრუნებული ტყიბულში შემოვიყვანეთ - მთელი ქალაქი გუგუნებდა. მასთან ცხოვრება სიზმარს ჰგავდა და სიზმარივითვე გაქრა.
ხათუნა ბახტურიძე