ირანს „სარაკეტო პინგ-პონგში“ ფრე არ აწყობს და ხვალ-ზეგ ისრაელს ისევ დაარტყამს...
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გამოაქვეყნა NOTAM-ის შეტყობინება, რომელიც საერთაშორისო ავიაგადამზიდ კომპანიებსა და მათი ლაინერების პილოტებს აფრთხილებს, რომ 4 ნოემბრის 3:30 სთ-დან 6 ნოემბრის 19:30 სთ-მდე იკრძალება ირანის საჰაერო სივრცეში ფრენა...
ეს გაფრთხილება წესით სწორედ იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ხვალ-ზეგ ირანი მესამედ განახორციელებს საჰაერო შეტევას ათასი კმ-ით დაშორებულ მოსისხლე მტერზე - ისრაელზე...
ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმის შედეგად, რომელიც 26 ოქტომბრის გამთენიისას განხორციელდა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის ობიექტებზე, ისრაელი-ირანის ბოლოდროინდელი „სარაკეტო პინგ-პონგის“ ანგარიში გათანაბრდა - 2:2, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ყაიმი არ აწყობთ თეირანში...
ის, რომ ირანი წინასწარ აფრთხილებს თავისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვის თაობაზე, უცნაურად სულაც არ მოჩანს, რადგან ბოლო საჰაერო დარტყმის წინ ისრაელმაც რამდენიმე საათით ადრე ამის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა ამერიკული მხარე და ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნები, რომ მათ თეირანი გაეფრთხილებინათ...
ეს თანამედროვე ომების თავისებურებაა, მითუმეტეს, რომ ისრაელი ფლობს ბირთვულ იარაღს (რასაც თელ-ავივი არ აღიარებს და არც უარყოფს), ხოლო ირანში განთავსებულია რიგი ბირთვული ობიექტები, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური-მიუხედავად ასეთი დაპირისპირებისა არც თელ-ავივში და არც თეირანში არ სურთ,რომ მათი სარაკეტო დაპირისპირებას სერიოზული ბირთვული ინციდენტი მოჰყვეს...
ამასთან, ირანში ახსოვთ 2020 წლის 8 იანვრის დიდი ტრაგედია, როდესაც თეირანის აეროპორტიდან აფრენისთანავე ირანელმა მეზენიტეებმა რუსული საზენიტო-სარაკეტო „ტორიდან“ გაშვებული ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს უკრაინული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ-737“-ი, რასაც მის ბორტზე მყოფი 167 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, რომელთა შორის 81 ირანის მოქალაქე იყო...
მაშინ ირანი ამერიკელების საპასუხო საჰაერო შეტევას ელოდა მას შემდეგ, რაც იმავე 8 იანვრის გამთენიისას, რამდენიმე საათით ადრე ბალისტიკური რაკეტებით ერაყის ტერიტორიაზე დარტყმები მიაყენა ამერიკულ სამხედრო ბაზებს - იმის საპასუხოდ, რომ 3 იანვარს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი ბრძანებით ამერიკულმა დრონმა მართვადი რაკეტით ააფეთქა ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტში ჩაფრენილი ცნობილი ირანელი გენერალი ყასიმ სულეიმანი...
მართალია მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა უკან დაიხია და პასუხის პასუხი აღარ დაუბრუნა თეირანს, მაგრამ ამ დაძაბულობას მაინც შეეწირა უკრაინული „ბოინგი“ მგზავრებითურთ - სხვათა შორის, ირანს უკრაინისთვის და დაღუპული მგზავრების ახლობლებისთვის კომპენსაცია დღემდე არ გადაუხდია - საზენიტო „ტორის“ ოპერატორს, რომლის საბედისწერო შეცდომამაც ეს ტრაგედია გამოიწვია,13 წელი მიუსაჯეს და მას დააკისრეს... დაღუპული მგზავრების ახლობლებისთვის კომპენსაციის გადახდაც, რაც თეორიულადაც კი შეუსრულებლად მოჩანს...
ისრაელმა თავისი ბოლო საჰაერო შეტევა ირანზე, 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს „დაამთხვია“ და დიდი ალბათობაა, რომ ირანმა 5 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს სპეციალურად დაამთხვიოს ისრაელზე მესამე მასიური სარაკეტო დარტყმის განხორციელება...