„აფხაზეთში ელიან, რომ ქართული ეკონომიკური ექსპანსია რკინიგზის გახსნით დაიწყება...“
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ და დიდი განხილვები მიმდინარეობს. გაჩნდა შიში, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში არსებობს რისკი, მოსკოვმა ოკუპირებული ტერიტორიები "დაუთმოს" თბილისს საქართველოს პრორუსული კურსის სანაცვლოდ, მით უფრო, რომ "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა" "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირებაა. სოხუმში უმეტესად განიხილავდნენ კონფედერაციის მოდელს, რომლის გარანტი იქნება კრემლი, ან მოსკოვის დახმარებით რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მიერ აფხაზეთის ეკონომიკურ ექსპანსიას. ცხინვალშიც შიშობენ, რომ შესაძლოა ე.წ. სამხრეთი ოსეთი აიძულონ დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში.
რას ელიან აფხაზეთში
როგორც "ნეზავისიმაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია წერს, აფხაზეთში "ოფიციალური განცხადებები" არ გაკეთებულა, თუმცა დე ფაქტო ხელმძღვანელობის ზოგიერთი ფრაზით და საქციელით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება გამოვიცნოთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "ქართული ოცნების" გულშემატკივარი იყო. "ქართული ოცნების" გამარჯვება მოსალოდნელი იყო და არჩევნების გაყალბების სრული სპექტრი ვიხილეთ: "ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიულეტენების ჩაყრა, მონაცემების გაყალბება, დოკუმენტების "დაქირავება", კონფლიქტები საარჩევნო უბნებზე და არჩევნებზე აკრედიტებული ჟურნალისტების გაძევება. ჟურნალისტის ვარაუდით, ალბათ, ჟენევის დისკუსიები შეჩერდება და მოლაპარაკება რუსეთის შუამავლობით გააქტიურდება. თბილისი არ უნდა მოელოდეს, რომ რუსეთი დათმობს აფხაზეთს კეთილგანწყობისა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების სანაცვლოდ. დიდი ალბათობით, საუბარი იქნება რაიმე სახის გაერთიანების შექმნაზე, ოღონდ არა ისე, როგორც ეს საქართველოში ესმით - ქართულ-აფხაზურ-ოსური, არამედ დსთ-ს მსგავს გაერთიანებაზე. ასევე შესაძლოა აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის გახსნა - ივანიშვილი დაინტერესებულია, პრაგმატული ურთიერთქმედებით, რომელიც გახსნის სატრანსპორტო მარშრუტს აფხაზეთის გავლით და ეს რუსეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევის შესაძლებლობა იქნება.
არჩევნებს გამოეხმაურა "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორი ინალ ხაშიგიც. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ოლიგარქის პარტიის გამარჯვებით აფხაზეთმა მშვიდობის გარანტიები მიიღო. თუმცა ეშინიათ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დათბობამ შეიძლება იმ დონეს მიაღწიოს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის "აფხაზეთის სუვერენიტეტს".
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ადგურ არძინბას განცხადებით, "დღეს დასავლეთი დასუსტდა რეგიონში, რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ იბრუნებს წამყვან როლს, ხოლო "ქართული ოცნება" საქართველოში სცენაზე ახალი ელფერით გამოდის".
კომენტარები კეთდება ტელეგრამარხებზეც: "პოლიტიკის შეცვლა დამოკიდებულია არა საქართველოზე, არამედ აფხაზებზე"... "ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოში, თუნდაც პრორუსული ხელისუფლება, ისინი ჩვენი მტრები არიან"... "მსოფლიოში ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციას სჭირდება საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზა სანქციების გვერდის ასავლელად. როცა საუბარია ამ გზაზე, რომელიც აფხაზეთში გადის, აფხაზეთი საერთოდ არ არის ნახსენები, იმიტომ, რომ აფხაზეთში ამ თემაზე დისკუსია არც მიმდინარეობს. ეს გზა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც რუსეთისთვის, ასევე საქართველოსთვის და აფხაზეთს შეუძლია სარგებელი ნახოს, მაგრამ არსებობს რისკი, რომ გზას გახსნიან აფხაზების ინტერესების გარეშე და მერე იტყვიან, რუსეთის ფედერაცია გიხდით პენსიებსო".
რას ელიან ცხინვალში
ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს საქართველოში არჩევნების შესახებ, მხოლოდ ითქვა, რომ დროებით დაიხურებოდა გამშვები პუნქტები, როგორც ყოველი არჩევნების დროს. "ხელისუფლების" ასეთი თავშეკავება უჩვეულოა. ცხინვალში ვარაუდობენ, რომ გაჩუმების დირექტივა მოსკოვიდან მიიღეს.
არჩევნების შემდეგ ტელეგრამარხებზე დისკუსიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ოს საზოგადოებაში ივანიშვილის დაპირებას "ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე" სერიოზულად აღიქვამენ და განიხილავენ შესაძლო პროექტებს, რომელთაც მოსკოვი და თბილისი ცხინვალს შესთავაზებს. ერთ-ერთ პროექტად განიხილება კონფედერაციის მოდელიც. ცხინვალში ტერმინი "კონფედერაცია" აღიქმება არა როგორც საქართველოში დაბრუნება, არამედ მოსკოვის პროტექტორატში სამი კონფლიქტური ტერიტორიის ინტეგრაცია. ერთი ვარაუდით, კონფედერაციაზე დათანხმებით საქართველო კარგავს კონფლიქტურ რეგიონებს და, დიდი ალბათობით, ამ მოდელს თბილისში არ დათანხმდებიან.
"ახლა საქართველო დაუახლოვდება რუსეთს, პუტინი კი ოსეთს დათმობს".
"ის კურსი, რასაც საქართველოს ხელისუფლება არჩევნების შემდეგ გაივლის, სამხრეთ ოსეთისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხინვალში წარმოგვიდგენია. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში შეიძლება გახდეს ვაჭრობის საშუალება როგორც ევროპელი ინტეგრატორებისთვის, ასევე პრორუსული გზის მიმდევრებისთვის".
"სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ პრეზიდენტ ალან გაგლოევს ძალიან შეზღუდული კონტაქტები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, მასთან პირდაპირ შეხვედრებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაურბის. ცხინვალში არ არსებობს პოლიტიკური კლასი, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მოსკოვის ზეწოლას. ივანიშვილს კი აქვს კავშირები მოსკოვში, დიდი ფული და შეძლებს რუსეთის ელიტასთან ივაჭროს ცხინვალისა და სოხუმის წინააღმდეგობის გარეშე".
"საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგები რუსეთისთვის ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, დამარცხდა ოპოზიცია, რაც ამცირებს დასავლეთის მხარდაჭერის შანსს, ვინაიდან აშკარა გახდა მისი არაეფექტურობა. მეორე, მმართველმა პარტიამ, რომელსაც ხშირად პრორუსულს უწოდებენ, პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ეს ქმნის მუდმივი დაპირისპირების სიტუაციას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რაც პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს. "ქართული ოცნება" იძულებული იქნება დაეყრდნოს რუსეთის მხარდაჭერას, რადგან გაუჭირდება ოპოზიციასთან დამოუკიდებლად გამკლავება. არსებულმა ვითარებამ შეიძლება უფრო გააძლიეროს მოსკოვის გავლენა ქართულ პოლიტიკაში" - წერენ ტელეგრამარხებზე.
ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია "დევნილთა უფლებებისთვის" თავმჯდომარე: - სოხუმში მიაჩნიათ, რომ მოსკოვისთვის აფხაზეთი მეტად ფასეულია, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი სხვაგვარად ფიქრობენ - ოსების აზრით, მაღალია რისკი, რუსეთმა "აღიარება" უკან წაიღოს. ჩემი ოსი კოლეგები ნახევრად ხუმრობით ამბობდნენ, რომ სააკაშვილის მომხრეებსა და ჩვენ, ცხინვალელებს, საერთო მტერი და ერთი მიზანი გვაქვს - მტერია "ქართული ოცნება", მიზანი კი ქართული ოპოზიციის გამარჯვებაა. ცხინვალში ძალიან ბევრი ჩვენს ოპოზიციას გულშემატკივრობდა, ამბობდნენ, ამით თავს ვიცავთო. თუმცა არის განსხვავებული მოსაზრებებიც. როგორც ამბობენ, "გაცვლა" არ იქნება, რადგან ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი "აღიარებას" უკან არ წაიღებს და თან, თუ აფხაზეთს არ გაცვლიან, განცალკევებულად ცხინვალსაც არ შეეხებიან. დე ფაქტო ხელისუფლება დამოკიდებულებას არ გამოხატავდა. ერთადერთი რეაქცია ის იყო, რომ ახალგორისა და პერევის მიმართულებით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჩაკეტილია გადასასვლელები, რომლებიც თვის ბოლო 10 დღეს იღებოდა ხოლმე. როგორც ითქვა, ამ საპროტესტო ტალღაზე დასავლეთის გასამხედროებული ძალები შემოვიდნენ და შესაძლებელია რევანშისტული მოძრაობა დაიწყოს. თუმცა ამგვარ განცხადებებს უფრო პროპაგანდისტული მიზანი აქვს, მათ სერიოზულად არავინ განიხილავს. ცხინვალში მიაჩნიათ, რომ სანამ მათთან რუსული სამხედრო ბაზებია, მეორე ფრონტის გახსნა გამორიცხულია.
- როგორ აფასებენ აფხაზები და ოსები თავად "ქართულ ოცნებას"? ფიქრობენ თუ არა, რომ რუსეთი ჩაერია ამ არჩევნებში?
- მაღალ დონეზე ინფორმირებული არიან, მიტინგი რომელ საათზე უნდა გაიმართოს, ესეც კი იციან. ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ეჭვი არ ეპარებათ, რომ ჩვენს არჩევნებში რუსეთი ჩაერია და ამიტომ გაყალბებაც იყო.
- ცხინვალში კონკრეტულად რა რისკებზე საუბრობენ, "ოცნების" გამარჯვების შემდეგ კონფედერაციის მოდელი აფრთხობთ თუ ელიან, რომ შესაძლოა ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს?
- ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ გააჩნია არც ეკონომიკური, არც გეოგრაფიული, არც პოლიტიკური მასშტაბი, ამიტომ კონფედერაციაზე საუბარი არასერიოზულია. მოსახლეობა სულ რაღაც 20 ათასია, თბილისის ერთი კვარტალი და ეს მათ კარგად იციან.
- აფხაზეთში რა მოლოდინი აქვთ?
- აფხაზეთში "გაცვლის" შიში არა აქვთ. ფიქრობენ, რომ რუსეთმა მათი გაცვლა რომც დააპიროს, წინააღმდეგობას გაუწევენ. უფრო ფართო მასშტაბით ხედავენ თავიანთ შიდა ავტონომიურობას, ვიდრე ოსები. სოხუმში რუსულ ინვესტიციებსა და აპარტამენტების კანონის მიღებაში ხედავენ რისკებს. შიშობენ, რომ რუსეთ-საქართველოს დაახლოების წყალობით საქართველო აფხაზეთის ეკონომიკურ ექსპანსიას დაიწყებს, მათ შორის რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მეშვეობით. აპარტამენტების მშენებლობას მოჰყვება დემოგრაფიული სურათის შეცვლაც, რაც დიდ საფრთხესთან აქვთ გაიგივებული. ამბობენ, რომ თვითონ ივანიშვილია რუსი ოლიგარქი და შესაბამისად, მასაც შეუძლია პროვოცირება, რომ მოსკოვიდან ქართული კაპიტალი შევიდეს აფხაზეთში. ამ საკითხს აფხაზები რუსეთთან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებზე სულ აყენებდნენ იმის არგუმენტად, რატომ არ უნდოდათ რუსული ინვესტიციებისთვის აფხაზეთის გახსნა, ქართულ ფაქტორს იშველიებდნენ ამ პროცესის გადასადებად. თუმცა ოთხშაბათს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი. რუსეთმა თავისი მაინც გაიტანა. მალე "აპარტამენტების შესახებ" კანონიც დადგება დღის წესრიგში. ახლა აფხაზეთში ელიან, რომ ქართული ეკონომიკური ექსპანსია შეიძლება რკინიგზის ხაზის გახსნითაც დაიწყოს, რამაც შეიძლება ეკონომიკური ბენეფიტები კი მოიტანოს, მაგრამ ამას მოჰყვება საქართველოს აქტიური შესვლა აფხაზეთის ეკონომიკაში.
- კონფედერაციას აღარ განიხილავენ?
- თუკი რუსეთი თავის ბაზებს დატოვებს აფხაზეთში და შეთანხმების გარანტორიც თავად იქნება, მაშინ ჩვენთვის ეს მიუღებელია. აფხაზეთის საბიუჯეტო შემოსავლების 60% რუსეთიდან მოდის და თუ ეს დაკარგეს, მათთვისაც აზრი არა აქვს კონფედერაციას. მათ ჰგონიათ, ახლაც დამოუკიდებლები არიან, თანაც ზღვა აქვთ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, და შეიძლება ევროპასთანაც მოახერხონ კავშირების დამყარება. თუმცა რეალობა ის არის, რომ რუსეთის გარეშე არაფერი შეუძლიათ.
ეკატერინე ბასილაია