თემურ ყვითელაშვილი: „მე ყოველდღე ვუკრავ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს“
უკომპრომისოდ და პრინციპულად ცხოვრებამ ვირტუოზ გიტარისტს თემურ ყვითელაშვილს, შეიძლება დიდი ქონება ვერ შესძინა, მაგრამ მსოფლიო აღიარება და არაერთი ჯილდო მოუტანა. მუსიკოსმა კონცერტები გამართა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის უდიდეს საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის, "კარნეგი-ჰოლსა" და "ბერდლენდში". თემურ ყვითელაშვილი ღირსების ორდენის კავალერი და თბილისისა და ახალციხის საპატიო მოქალაქეა. ვინაიდან მისი წარსული მიღწევების ჩამონათვალი გრძელია, ხშირად ეკითხებიან, კიდევ რის მიღწევას აპირებს. მათთვის მუსიკოსს მარტივი პასუხი აქვს, მთავარია, „მუდამ "ეკვრევინებოდეს". ამის მოტივაციას და განწყობას მას მუსიკის სიყვარული აძლევს, ამიტომაც ყველა კონცერტზე ერთნაირად იხარჯება. არაერთ კონცერტს შორის გამორჩეული იყო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი, რომელიც წინ უძღოდა მისი ვარსკვლავის გახსნას. თემურ ყვითელაშვილს აკომპანირებას თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და ბენდი უწევდნენ, დირიჟორობა კი მისმა შვილმა, 24 წლის თემურ ყვითელაშვილი-უმცროსმა ჩაიბარა, რომელიც თელ-ავივიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. ის თბილისის კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობის შესასწავლად ისრაელში გაემგზავრა, სადაც თელ-ავივის კონსერვატორიის მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისი დებიუტი იერუსალიმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შედგა, მამის სოლო კონცერტზე უმცროსი ყვითელაშვილის ამოცანა კი სწორედ მისი ხედვის ხორცშესხმა და მუსიკალური მიგნებების აჟღერება იყო. რამდენიმე დღის წინ უმცროსმა თემურ ყვითელაშვილმა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორა და მისი ქართული დებიუტიც შედგა. აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს არ უშვებდა თემურს სცენიდან.
"14 წლის ვიყავი, კლასიკური მუსიკით რომ "მოვიწამლე"
თემურ ყვითელაშვილი-უმცროსი: - ეს დიდი ზეიმი და ასე ვთქვათ, ქართული დებიუტია. ყველაზე საამაყო კი ის არის, რომ პირველად ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრსა და მამაჩემთან ერთად ვიდექი სცენაზე. ორი წლის წინ, როცა მამას ვარსკვლავი გაიხსნა, მაშინ გამიცნო საორკესტრო სამყარომ. ეს იყო ერთ-ერთი უძვირფასესი დღე ჩემს ცხოვრებაში... პირველად ისრაელში შედგა ჩემი, როგორც სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის დებიუტი იერუსალიმის სიმფონიურ ორკესტრთან და იერუსალიმის კამერატასთან, დღეს უკვე ჩემს ქვეყანაში დავდექი სცენაზე...
- რას ნიშნავს იყო თემურ ყვითელაშვილის შვილი და ატარებდეთ მის სახელს?
- მეამაყება, რომ მისი შვილი ვარ. არ მომერიდება თქმა, რომ ვარსკვლავის გახსნის კონცერტი ისტორიული იყო. პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გაიხსნა გიტარისტის სახელობითი ვარსკვლავი.
მამა ჩემთვის მაგალითია. 11 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამიყვანა თავის კონცერტზე. როდესაც გასტროლზე მიემგზავრებოდა, ძალიან განვიცდიდი. მას ეს კარიერულად სჭირდებოდა და როცა გავიზარდე, მერე გავაცნობიერე. როცა შინ იყო, თავდადებით ამუშავებდა ამა თუ იმ ნაწარმოებს. მახსოვს ვთხოვე, მეც დამაწყებინე-მეთქი. 14 წლის ვიყავი, კლასიკური მუსიკით რომ "მოვიწამლე". ამასობაში მამამ გამაცნო ჩემი მაესტრო, ბატონი ბორის ძნელაძე, რომელთანაც დავამთავრე ბაკალავრიატი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო ისრაელში თელ-ავივის კონსერვატორიაში გავიარე მაგისტრატურა ბატონ იოავ ტალმისთან.
"როგორ შეიძლება ჩემი ქვეყნის ზეიმზე ფული ავიღო"
მოგვიანებით ბატონ თემურ ყვითელაშვილსაც გავესაუბრეთ: - თემური ხედავდა, რომ ბევრი ფული არასოდეს მიშოვია, მოკრძალებულად ვცხოვრობ, არც მანქანა მყავს, არც სხვა სიმდიდრე გამაჩნია. მან დაინახა, თუ როგორ მივაღწიე იმ ყველაფერს, რაზეც ბევრი მუსიკოსი ვერც კი იოცნებებს. ფული არასოდეს ყოფილა ჩემთვის მთავარი! მე და ჩემს მეუღლეს გვყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ჩემი ქალიშვილი მაია წარმატებული იურისტი და ორი შვილის დედაა. მანაც წარჩინებით დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ჯერ იურიდიული, ხოლო შემდეგ ფილოსოფიის ფაკულტეტი, ასევე დოქტორანტურა. არც ერთისთვის ცხოვრებაში არაფერი ჩამიწყვია. მათ თავიანთი ნიჭით და შრომით მიაღწიეს წარმატებას.
თემური ძალიან მოწესრიგებული და განათლებული ადამიანია. საერთოდ, როცა გულწრფელი ხარ, მაყურებელი გრძნობს და ჯეროვნად აფასებს. თემურიც გულწრფელია და ამიტომაც ასე კარგად მიიღო მაყურებელმა. ზოგადად, ჩვენ ძალიან მორიდებული ოჯახი ვართ. გვიყვარს ერთგულება, არაფერი და არავინ გვავიწყდება. ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, პროფესიაში რა წარმატებასაც უნდა მიაღწიოს. ცხოვრებაში ყველანაირი ჯილდო მივიღე და ბედნიერი ვარ. შემიძლია თავაწეულმა ვიარო, რადგან არასდროს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, არაფერს გავუგიჟებივარ, თვალი არაფერზე გამქცევია და აქედან გამომდინარე ხალხის სიყვარულიც ბუნებრივად მოვიდა. მე ყოველდღე ვუკრავ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს. საოცარი დამოკიდებულება მაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამას ჩემი ალბომების სახელწოდებებიც მოწმობს: "დამზადებულია საქართველოში", "მე საქართველოდან ვარ",„"ჩემი თბილისი" და ა.შ.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ღირსების ორდენის კავალერი ვარ, თბილისის საპატიო მოქალაქე და კიდევ არაერთი ჯილდო მაქვს, დიდი ხანია არავის მიუწვევივარ საქართველოს დამოუკიდებლობის, "თბილისობის" ან საახალწლო კონცერტებზე, ფულს არასოდეს ვითხოვ. როგორ შეიძლება ჩემი ქვეყნის ან ქალაქის ზეიმზე ფული ავიღო. ხშირად მეკითხებიან, რატომ ვერ გხედავთ კონცერტებზეო? იმიტომ, რომ არავის ვეპირფერები. მე ვუკრავ ხალხისთვის და არა კონკრეტულად ვიღაცისთვის. მე სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ და კომპრომისი არასოდეს დამიშვია!
რუსუდან შაიშმელაშვილი