„ემიგრანტებმა რა არ გააკეთეს, რომ ოპოზიციისთვის ხმა მიეცათ, ეგენი კიდო ახლა იძახიან, შემდეგ ნაბიჯებზე ვზრუნავთო“ - კვირის პალიტრა

„ემიგრანტებმა რა არ გააკეთეს, რომ ოპოზიციისთვის ხმა მიეცათ, ეგენი კიდო ახლა იძახიან, შემდეგ ნაბიჯებზე ვზრუნავთო“

არჩევნების შემდგომმა სიტუაციამ განსაკუთრებით ემიგრაციაზე იმოქმედა. უცხოეთში იძულებით ემიგრირებული პოლიტიკოსი გოგი წულაია არჩევნების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა.

gogia-1-1730653264.jpg

- ბატონო გოგი, კარგია, რომ სამა­რთალდამცავ ორგანოებთან თქვენი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდა და უცხოეთში გაქვთ პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობა. როგორც ამბობთ, თქვენ წინასაარჩევნოდ არაერთ ქვეყანაში აკვირდებოდით ამომრჩეველთა განწყობას.

- არაერთი ქვეყანა მოვიარე, სადაც ემიგრანტებს ვხვდებოდი, ვესაუბრებოდი, მათ განწყობას ვაკვირდებოდი. მაგალითად, პოლონეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში.… როგორც ემიგრაციის საარჩევნო სტატისტიკაში აისახა, განწყობაც ისეთი იყო. ხელისუფლებას ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავდა. უფრო მხარს უჭერდნენ­ საფრანგეთსა და ბელგიაში, მაგრამ აქაც უდიდესი ნაწილი ხელისუფლებისთვის­ "არას" სათქმელად იყო მომზადებული,­ რაც გამოჩნდა კიდეც შედეგებში - 33 000 კაციდან რომ მხოლოდ 17% მოგცემს ხმას, უკვე კრახია. უფრო მეტ ამომრჩეველს უნდა ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.­ ხელისუფლებამ შეგნებულად შეუშალა ხელი, ამომრჩეველთა ნაწილი საერთოდ მოხსნეს, ხალხი უბნებზე რომ მივიდა, თავი სიიდან ამოღებული დახვდა, დანარჩენები კი ან ვერ მოვიდნენ 500-კილომეტრიანი­ მანძილიდან, ან რიგში დგომით ჩამოწყდნენ მშივრები და უკან ხმის მიცემის გარეშე გაბრუნდნენ. არავის ეგონოს, აქ ეს ადვილია, დამსაქმებელს ასე ადვილად ვერ ეტყვი, ჩემი მთავრობა რიგში მაყენებს არჩევნებზე და სამუშაოზე უნდა დავიგვიანოო.

- მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს და მხოლოდ 95 000 კაცი იყო დარეგისტრირებული, არჩევნებზე კი მხოლოდ 33 000 მივიდა.

- მიზეზი ვთქვი უკვე, ხელისუფლებას მეტი საარჩევნო უბანი რომ გაეხსნა, მეტი მივიდოდა, მაგრამ ხალხი შეგნებულად დაბლოკეს. ეგ მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის ბრალიც არის. რომ ვყვიროდი, მხარი დამიჭირეთ და გამოსვლები გამართეთ საქართველოში, რომ ემიგრაციაში საარჩევნო უბნები მეტი გახსნან-მეთქი, ყურს არავინ მიგდებდა. მე თუ მესმოდა ბელგიაში, რომ ეს ელექტრონული­ სისტემა გამყალბებელია, ყურები რატომ არ გააბარტყუნეს?! აბა, რას ელოდნენ, ივანიშვილი თავის გადარჩენას არ ეცდებოდა?! ახლა რომ იძახიან, შემდეგი ნაბიჯებისთვის ვემზადებითო, ახლა უნდა დეეწყოთ შემდეგი ნაბიჯებისთვის მზადება? მარა რა გინდა, რო ქნა. რომ მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, გოგი, რა ვქნათო, ვეუბნებოდი, წადით და ხმა ოპოზიციას მიეცით, ეგ არის, რაც გვყავს და ახლა არავინ გამოგვიცვლის-მეთქი. აი, ამისთანა ოპოზიციისთვის ხალხმა რა არ გააკეთა, რომ ხმა მიეცა, ყველაფერი მოიკლეს და ოჯახებსაც მოაკლეს. ეგენი კიდო ახლა დარბიან და იძახიან, შემდეგ ნაბიჯებზე ვზრუნავთო.

- ახლა გაქვთ შესაძლებლობა, ემიგრანტებს უთხრათ, დაბრუნდნენ და აქედან იბრძო­ლონ სიტუაციის შესაცვლელად. მათი დაბრუ­ნება იმასაც ნიშნავს, რომ მათი ოჯახები­ უცხოეთიდან გამოგზავნილ ფულს კი არ დაე­ლოდებიან, თავად იშრომებენ და ხელი­სუ­ფლებასაც მოსთხოვენ შრომის სათანადო პირობებს.

- სანამ ადამიანს გარანტია არ ექნება, რომ ხელგაწვდილი არ აღმოჩნდება საქართველოში, მანამდე წამოსვლა ყველას უჭირს. ისე, ერთ რამეში კი გეთანხმები, - აქ 70-80 წლის ხალხი ვნახე, საქართველოში შვილებს ფულს მანქანის გაფუჭებული ნაწილების შესაცვლელად ან ქორწილში წასასვლელად უგზავნის. ამაზე ვგიჟდები, თქვენი შვილები რას აკეთებენ, ფულს რატომ უგზავნით-მეთქი, და რა ქნან, მუშაობა ვერ დეიწყესო. აბა, ფული არ გოუგზავნოთ, თუ ვერ დეიწყებენ-მეთქი და არ ესმით, მაინც ეფერებიან ტელეფონებზე, მოგიკვდეს დედაო, პროცენტიან სესხს იღებენ საქართველოში გასაგზავნად. ჰოდა, მაგია ჩვენი ტრაგედია.

ევროპაში შვილებს სულ სხვანაირად ზრდიან. გაზრდიან და ეუბნებიან, ახლა შენ აკეთე საქმე, დროაო. ამხელა ევროპაში მარტო ქართველებს ჩამოგვტირის ცხვირ-პირი. ერთხელ სტრასბურგში 5 ქართველი­ შევიკრიბეთ ქუჩაში და იქ დავაკვირდი მაგ ამბავს - აგერ ვდგავართ ჩვენ, ქართველები, ქუჩაში და ჩამოგტირის ცხვირ-პირი ჩვენს უბედურობებზე ლაპარაკით; აგერ ქუჩაში მიდის გერმანელი, ფრანგი, არაბი, ჩინელი და ყველა იცინის, არის ბედნიერ ხასიათზე. ე, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ უფრო გლახათ გვაქვს საქმე, ვიდრე გვგონია.

- მაინც უნდა დავკიდოთ დროშა, ბატონო გოგი, სხვა გზა არ არის.

- რა თქმა უნდა, მაინც უნდა დავკიდოთ დროშა და მაგას თავად სიტუაცია გააკეთებს. ივანიშვილი იმფერ სიტუაციაშია, მაინც ვერ გაძლებს იმ სკამზე, სადაც ახლა ზის. მაგის გარდა, მოდის ახალი თაობა და ის სულ არ არის ისე უვარგისი,­ როგორიც ჩვენი ოპოზიციაა. ჰოდა, მაგენი გააკეთებენ საქმეს. მანამდე მე აქედან მივეხმარები.