დღემდე ბურუსით მოცული იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის საქმე
თბილისელი მეგი სტემპენი უკვე 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს და მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიება მისთვის მნიშვნელოვან საქმიანობად იქცა. მეგი დადის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკებში, ეცნობა საარქივო დოკუმენტაციას და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია, სად განისვენებენ, როგორი იყო მათი უკანასკნელი დღეები... მეგიმ მათ "მზის ბიჭები" უწოდა. აი, ასე, თითქმის 7-8 ათეული წლის შემდეგ ასობით მზის ბიჭს ჭირისუფალი აპოვნინა... ამჟამად მეგი რამდენიმე პროექტზე მუშაობს. კონკრეტულად, რაზე, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ამ პროექტს დაახლოებით 2021 წელს მოვკიდე ხელი. ეს არის სტალინის ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის ისტორია, რომელიც მისი ტყვეობისა და დაღუპვის პერიოდს მოიცავს. ხელმისაწვდომი წყაროები - ინფორმაცია მწირი, ერთფეროვანია, რადგან ეს თემა დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო არა მარტო რკინის ფარდის ერთ მხარეს, არამედ გერმანიაშიც. ძალიან ვეცადე, რაც შეიძლება ბევრი მასალა მომეპოვებინა, მაგალითად, დავუკავშირდი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის (ქალაქ პოტსდამის ახლოს. შეიქმნა 1936 წელს. იქ 100 ათასზე მეტი ტყვე დახოცეს) არქივს. იმ ბანაკში დაიღუპა იაკობი. არქივში 50-60-იანი წლების გერმანული პრესიდან ამონარიდები და ყოფილი სამხედრო ტყვის მოგონებები დამახვედრეს.
შემდეგ დრეზდენის მუზეუმის დირექტორს დავუკავშირდი და რჩევა ვკითხე, სად შეიძლებოდა იაკობ ჯუღაშვილის შესახებ მასალის მოძიება გამეგრძელებინა. მან კი მოკლედ მიპასუხა, არსადო.
როდესაც იაკობი დაიღუპა, ცხედარს მყისვე კრემაცია გაუკეთდა, შემდეგ მისი ფერფლი ბერლინის სამხედრო პუნქტში გადაიგზავნა, ხოლო იქიდან სად წაიღეს, გასაიდუმლოებულია. ერთადერთ მთავარ წყაროდ მრჩებოდა ზაქსენჰაუზენის არქივიდან ამონარიდები და ყოფილი სამხედრო ტყვის, გერმანელი კომუნისტის ჩანაწერები, რომელსაც იმ იმედით ჩავკირკიტებდი, რომ იქნებ სადმე ყოფილიყო მოხსენიებული იაკობ ჯუღაშვილი. ერთადერთგან, პატარა აბზაცში, შემხვდა იაკობის სახელისა და გვარის ინიციალები ასეთი ტექსტით: "მგონი, დროა ნათელი მოეფინოს ამ ბიჭის ისტორიას, რომ ის არ იყო მატყუარა. ვისაც ის თვლიდა აგენტად, მართლაც აგენტი იყო". იაკობის ნახევარდა, სვეტლანა, წერდა, რომ მისი ძმა ტყვეობაში არ დაღუპულა და იაკობი მას ომის შემდგომ ამანათებს უგზავნიდა, რომ რამდენჯერმე დაურეკა, თუმცა ხმა არ გასცა... არადა, არსებობს ფოტომასალა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ იაკობი არ გადარჩენილა.
- როგორ დაიღუპა იაკობი?
- მავთულხლართებზე დავარდა, რომელშიც დენი გადიოდა. უნებლიეთ თუ განზრახ, არაა დადგენილი. ჩვენებების მიხედვით, თავი მოიკლა, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, თუ რატომ გაფორმდა სხვანაირად პროტოკოლში იაკობის საქმე. ყველა ტყვე, ვინც იაკობის სიკვდილს შეესწრო, მკაცრად გააფრთხილეს, რომ კრინტი არ დაეძრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახვრეტდნენ. არც ერთ ტყვეს არ ჰქონდა უფლება თავისუფლად ემოძრავა ბანაკის ტერიტორიაზე, მიახლოებოდა მავთულხლართებს, მაგრამ იაკობი პრივილეგიებით სარგებლობდა. ერთი ტყვის ინფორმაციით, იაკობი ბადრაგს უძახდა, მესროლე, მესროლეო, მაგრამ ბადრაგმა არ ესროლა (იმ მომენტში ნამდვილად არავის აწყობდა მისი სიკვდილი, იმიტომ, რომ სხვა ტყვეებში გაცვლის იმედი ჰქონდათ). ტყვის ჩვენებით, რადგან ბადრაგმა არ ესროლა, იაკობი შეგნებულად გადაწვა მავთულხლართებზე, რომლებშიც იცოდა, რომ დენი გადიოდა. სწორედ ამის შემდეგ ესროლა ბადრაგმა, რათა პროტოკოლში აღეწერათ, რომ იაკობმა ბანაკიდან გაქცევა სცადა და ამიტომაც ესროლეს.
- როგორ დაატყვევეს ჯუღაშვილი?
- იაკობი 1941 წელს ჩავარდა ტყვედ. თავიდან ჩვეულებრივი სამხედრო პირი ეგონათ. ის არც ამხელდა ვინაობას, შემდეგ ერთმა ტყვემ გასცა. ტყვეობაში რამდენიმე ბანაკი გამოიარა. ცდილობდნენ გადაებირებინათ. ერთი ტყვე ჰყვებოდა, რომ სამოქალაქო სამოსი ჩააცვეს, ქალაქები შემოატარეს, აჩვენეს, როგორი ცხოვრება იყო გერმანიაში, მაგრამ იაკობმა უარი თქვა. საბოლოოდ გაამწესეს ზაქსენჰაუზენის ბანაკში, სადაც პრივილეგირებულ ტყვეებს ცალკე ბარაკი ჰქონდათ დათმობილი. მისი თანამესაკნე იყვნენ ირლანდიელი და ბრიტანელი ტყვეები.
- თქვენთვის მისი დაღუპვის რომელი ვერსიაა ყველაზე სარწმუნო?
- ჩემთვის ყველაზე რეალურია თვითმკვლელობის ვერსია. ოფიციალურად, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ბანაკის ტერიტორიაზე ყველას გასაგონად გადასცეს სტალინის სიტყვით გამოსვლა, სადაც ბელადი ამბობდა, საბჭოთა კავშირს არა ჰყავს ტყვეები, საბჭოთა კავშირს ჰყავს მოღალატეები და როცა დაბრუნდებიან სამშობლოში, ჩვენ მივხედავთო. რაც შეეხება იმას, რომ ჩემი შვილი იაკობი ტყვედაა გერმანიაში ჩავარდნილი, ეს მტკნარი სიცრუეა, იმიტომ, რომ მე არა მყავს შვილი სახელად იაკობიო. იაკობმა ეს რომ მოისმინა დეპრესია მოეძალა, რომელიც მანამდეც ახსენებდა თავს და სტალინის ეს სიტყვები მისთვის ბოლო წერტილი აღმოჩნდა.
იაკობ ჯუღაშვილის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მისი მეუღლე, იულია მელცერი დააპატიმრეს. მან ციხეში წელიწად-ნახევარი გაატარა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ იაკობმა ნაცისტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, იულია გაათავისუფლეს.
- კიდევ რა პროექტზე მუშაობთ?
- ეს არის ნოე ხვედელიანის საქმე, რომელსაც 2019 წლიდან ერთობლივად ვიკვლევთ მე, ნოეს შთამომავლები და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრები. თბილისელი ნოე ხვედელიანი ომში წასვლიდან მალევე ტყვედ ჩავარდა. გესტაპომ შეარჩია და აღმოჩნდა იმ 25 ქართველს შორის, რომელთაც შესთავაზეს გადასულიყვნენ გერმანელთა სამსახურში. ერთ-ერთი ცნობით, ბიჭები ოსვენციმის ბანაკთან არსებულ გესტაპოს სკოლაში გადაამზადეს.
საბჭოთა ოფიციალური ვერსიით, ეს ბიჭები ქუთაისთან ახლოს პარაშუტებით დაეშვნენ, სადაც დაიჭირეს. თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნოეს დას აქვს წერილები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი. ნოეს დის ინფორმაციით, ნოე კი არ დაიჭირეს, არამედ ყველანი მივიდნენ კომისარიატში, აცნობეს, ვინ იყვნენ და განაცხადეს, ტყვეობიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ავირჩიეთ, გერმანელებს დავაჯერეთ, რომ მათ სასარგებლოდ ვიმუშავებდით. გაგვიშვით ფრონტზე, რომ ჩვენი ქვეყნის დასაცავად ვიბრძოლოთ, ენაც ვიცით, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გვაქვს და მოგვეცით საშუალება სამშობლოს სასიკეთოდ გამოვიყენოთო, თუმცა არავინ დაიჯერა... ქუთაისთან ახლოს, სოფელ ნაგერალასთან დახვრიტეს ნოე და მასთან ერთად 4 ბიჭი.
ამ საინტერესო საქმეების პარალელურად ოჯახებს "მზის ბიჭების" ძებნაში ვეხმარები. მხოლოდ ცაიტჰაინში 187 ქართველია დაღუპული და აქედან 70-ის ჭირისუფალი ვიპოვე, სხვა ბანაკებზე აღარ ვსაუბრობ.... ეს საქმე მაშინ დავიწყე, როდესაც ქალაქში, რომელშიც ვცხოვრობ, საბჭოთა ჯარისკაცთა სასაფლაოზე ქართული გვარი ვნახე. მას შემდეგ დავიწყე ჩემი დიდი ბაბუის, ჭოლა თედორაძის საფლავის ძიება, რომელსაც დღემდე ვეძებ. დღეს ბევრ საარქივო მასალაზე მიმიწვდება ხელი, რადგან უკვე მაქვს მკვლევარ-ისტორიკოსის სტატუსი.
ბელადის შვილი
იაკობ ჯუღაშვილი დაიბადა 1907 წლის 18 მარტს, სოფელ ბაჯში (დღევანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). დედა, კატო სვანიძე, იმავე წელს გარდაიცვალა ტიფით და ვინაიდან მამა, იოსებ ჯუღაშვილი, ფაქტობრივად, შინ არასდროს იყო, ბავშვი დეიდის ალექსანდრა (საშიკო) სვანიძის ოჯახში იზრდებოდა. 1924 წელამდე იაშა, როგორც მამა ეძახდა, საქართველოში ცხოვრობდა, მერე კი - რუსეთში. 1937 წელს მოსკოვის საარტილერიო აკადემიაში ჩააბარა. 1941 წლის 23 ივნისს უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი დიდ სამამულო ომში გაიწვიეს. იბრძოდა ბელარუსში, ქალაქ სენოს მისადგომებთან, და სხვა მებრძოლებთან ერთად სამთავრობო ჯილდოზე იყო წარდგენილი. რამდენიმე დღეში მე-16, მე-19 და მე-20 არმიის ნაწილები გერმანელებმა ალყაში მოაქციეს.
1941 წლის 16 ივლისს იაკობი გერმანელებმა ვიტებსკთან ტყვედ აიყვანეს. თავიდან ჰამელბურგის მახლობლად ტყვეთა ბანაკში ჰყავდათ, 1942 წლის გაზაფხულზე - ლიუბეკში, შემდეგ კი ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1943 წლის 14 აპრილს, დღემდე გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა. მისი საფლავი ცნობილი არ არის.