რა შეიძლება გახდეს პენსიის შეჩერების საფუძველი - კვირის პალიტრა

რა შეიძლება გახდეს პენსიის შეჩერების საფუძველი

ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.

ჩემი ძმის სახელზეა ბინა, რომლის გაყიდვას ვაპირებთ. თავად საზღვარგარეთ არის არალეგალურად. გვყავს მყიდველი. როგორ შეიძლება მინდობილობის გაკეთება? საქართველოს პასპორტსაც ვადა აქვს გასული.

- მინდობილობის გაკეთება შესაძლებელია დისტანციურად, რისთვისაც საჭიროა პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი, და ასევე ორი მოწმე, რომელთაგან ერთი იქნება მინდობილობაზე ხელმომწერი, ხოლო მეორე დაადასტურებს თქვენი ძმის ვინაობას. მოწმეები არ შეიძლება იყვნენ მარწმუნებლის (თქვენი ძმის) აღმავალი და დაღმავალი რიგის ნათესავები. თუ თქვენს ძმას არც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს ვალიდური, მაშინ ვერ გააკეთებს მინდობილობას და ვერც მის სახელზე არსებულ ბინას გაყიდით.

მამაჩემმა ჩემს ძმას აჩუქა სახლი. მე წილი არ მეკუთვნის?

- პირს შეუძლია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აჩუქოს ნებისმიერ პირს, ხოლო რაც შეეხება თქვენს წილს, ალბათ, გულისხმობთ მემკვიდრის წილს. ამ სახლიდან არ გეკუთვნით წილი, რადგან სახლი უკვე თქვენი ძმის საკუთრებაა.

nugbararostiashvili-1731844145.jpg
ადვოკატი: ნუგბარა როსტიაშვილი

ავიყვანე ადვოკატი, მაგრამ რასაც დამპირდა, არ შეასრულა და წაიღო ჰონორარი, ახლა ტელეფონზეც არ მპასუხობს, დამბლოკა. როგორ დავიცვა ჩემი უფლებები?

- ადვოკატს კანონით ეკრძალება გარა­ნტიის გაცემა. ხშირად მოქალაქეები ენდობიან ისეთ პირებს, ვისაც არა აქვთ ადვოკატის ლიცენზია, თუმცა თავს ადვოკატად წარადგენენ ხოლმე. გადაამოწმეთ, აღნიშნული პირი ირიცხება თუ არა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად. ამისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ასოციაციაში ან ასოციაციის ოფიციალურ საიტზე გადაამოწმოთ ინფორმაცია. თუ საძიებო სისტემაში მოიძებნა თქვენი ადვოკატი, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას საჩივრით, რომელიც მსჯელობს ადვოკატის დარღვევებზე.

მეუღლესთან განქორწინებაზე საჩივარი შეტანილი მაქვს სასამართლოში, სასამართლო გაყოფს თანასაკუთრებაში მიღებულ ქონებას ორ ნაწილად?

- განქორწინება სასამართლო წესით ხდება, ამისთვის საჭიროა ერთმა მხარემ მიმართოს განცხადებით სასამართლოს. ძირითადად, ეს იმ დროს ხდება, თუ ერთ-ერთი მეუღლე თანახმა არ არის განქორწინებაზე, ასევე ქონების გაყოფის საკითხზეც თუ აქვთ დავა და მიაჩნიათ, რომ სასამართლოს გზით ამის მოგვარება უკეთესია. სასამართლო ვალდებულია განიხილოს მეუღლეთა ქონების გაყოფის საკითხიც. გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება არის ის ქონება, რომელიც მეუღლეთა მიერ შეძენილია ქორწინების შემდგომ პერიოდში. თუ, მაგალითად, ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს რაიმე სახის ქონება, ის განქორწინების დროს არ იყოფა, მაგრამ თუ ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა, ის აუცილებლად გაიყოფა. თუ თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებაა და გაყოფა ფერხდება, ამ დროს მხარეები ხშირად აპელირებენ, ამას რომ გადავუფორმო ეს ქონება, ბავშვებს არ მოახმარს, გაყიდის და მათ ქუჩაში დატოვებსო. ასეთ დროს ვცდილობთ ბავშვი დავარეგისტრიროთ ამ ქონების თანამესაკუთრედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს. თუკი გაყიდვის აუცილებლობა იქნება, მაშინ მხარეს მოუწევს სასამართლოსთვის მიმართვა და მოსამართლე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტს ამ საკითხს.

კორპუსში სართულებზე, ეზოსა და შემოსასვლელში კამერების დაყენებას სჭირდება თუ არა მობინადრეთა 100-პროცენტიანი თანხმობა? ბინების ნაწილი გაქირავებულია და ყველა მეპატრონესთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ.

- საცხოვრებელ შენობაში დასაშვებია ამ საცხოვრებელი შენობის საერთო შესასვლელისა და საცხოვრებელ შენობაში არსებული საერთო სივრცის ვიდეომონიტორინგი მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობით, ხოლო თუ მესაკუთრეს ვერ ადგენთ, შეიძლება მფლობელის ანუ თქვენს შემთხვევაში მდგმურის თანხმობის მიღება.

ჩემს შვილს ჰქონდა ბანკში ვალი 700 ლარი. ვერ გადაიხადა და ვალი აუყვანეს 9000 ლარამდე. ახლა სთხოვენ მთლიანდ ამ თანხის გადახდას. ანგარიშები დაყადაღებული აქვს. სასამართლოში სარჩელის შეტანას აქვს აზრი?

- ასეთი სესხი, როგორც წესი, უნდა იყოს ხანგრძლივი ვადაგადაცილებით, ვინაიდან 700-ლარიანი სესხი პროცენტით ვერ გაიზრდება 9000 ლარამდე. ამიტომ სესხი ხანდაზმული უნდა იყოს. რაც შეეხება ყადაღას, აღნიშნული საკითხი გაუგებარია, ამიტომ გასარკვევია ყადაღის საფუძველი და შემდეგ შეიძლება სესხის ხანდაზმულობის საკითხზე არსებითი მსჯელობა.

მშობელს თუ აქვს უფლება ნახოს კამ­ერები სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ?

- თქვენ, როგორც არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, უფლება გაქვთ სკოლას მოსთხოვოთ, რომ გაგაცნონ არასრულწლოვანი შვილის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები და უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს.

ბანკში მაქვს ჩადებული მიწის ნაკვეთი. 3 თვეა სეხს ვეღარ ვიხდი. თუ შეუძლია ბანკს შეეხოს ჩემს სხვა უძრავ ქონებას?

- როდესაც იპოთეკის საგანია სესხის უზრუნველყოფა, მოთხოვნის აღსრულება იპოთეკის საგნის რეალიზაციით შემოიფარგლება. თუ მას გასცდება და სხვა ქონების რეალიზაციას მოითხოვს ბანკი, დამოკიდებულია სესხისა და ასევე იპოთეკის­ ხელშეკრულებაზე, თუ რა წერია მასში. ხელშეკრულებაში შეიძლება ეწეროს, რომ მსესხებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის საგნით, ამ შემთხვევაში კრედიტორი იპოთეკის­ საგანს ვერ გასცდება. თუ ხელშეკრულებაში არაა მსგავსი დათქმა, კრედიტორს შეუძლია გასცდეს იპოთეკის საგანს იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის ფულად ვალდებულებას ვერ ფარავს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა.

ვარ პენსიონერი, ავადმყოფი, შარშან ჯანმრთელობიდან გამომდინარე ვერ შევძელი პენსიის ასაღებად მისვლა. როცა მივედი, 6 თვის პენსია არ მომცეს, მითხრეს, შეწყვეტილი­ გქონდაო. ახლა კი ავიღე, მაგრამ მინდა ჩემი კუთვნილი ძველი პენსიაც, რასაც არ მაძლევენ,­ რა უნდა გავაკეთო?

- მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, არის პენსიის შეჩერების საფუძველი. სწორედ ამ საფუძვლით შეგიჩერდათ. შეჩერებული პენსიის განახლება ხდება პენსიონერის მიერ ფონდში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება პენსიონერის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან. დიდი ალბათობით, თქვენ განცხადება უკვე დაწერეთ, რადგან პენსია გაგიახლდათ, ხოლო რადგან წინა 6 თვის მიუღებელი პენსია არ აგინაზღაურეს, ახალი განცხადება დაწერეთ, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები