„რა უბრალოა ბედნიერება“ - კვირის პალიტრა

„რა უბრალოა ბედნიერება“

ალბათ, პირველი არა ვარ, ვისაც მსგავს სიყვარულზე სმენია და წამით არ გაუფიქრებია, რომ ასეთი ამბები ოდნავ მაინც გაზვიადებულია. თუმცა, როდესაც გულდასმით ჩამოჯდები და ამ ოჯახის რომელიმე წევრიდან ერთს მაინც მოუსმენ, ერთადერთი სურვილი გიჩნდება: მადლობა უთხრა შემოქმედს, რომ სამყაროს ასეთების გარეშე არ ტოვებს.

სვანეთში, ამწუთას უკვე ხვავრიელად დათოვლილ სოფელ ლატალში, ძველ სვანურ სახლში, 11 წელიწადია სიყვარულით ცხოვრობს გოდერძი აფციაურისა და სოფიო სუხიშვილის ოჯახი, ჯერჯერობით, ოთხი შვილითა და საოცარი სილამაზით, რომლის აღსაწერად ზოგჯერ სიტყვებიც არ გეყოფა. ამიტომ ჯობს მხოლოდ ისმინო. თუმცა, რადგან კითხვები მაინც აუცილებელია, სოფოსთან საუბარი მართალია, გაცვეთილი, მაგრამ, მგონი, რეალური კითხვით დავიწყე: როგორ გადაწყვიტეს მან და მისმა მეუღლემ, დედაქალაქში დაბადებულმა ხალხმა, სვანეთის მკაცრ პირობებში ცხოვრება, თანაც ისე, რომ უკვე 11 წელიწადია არ მოჰბეზრდათ:

s3-1730657586.jpg

- ჩემი აზრით, ყველაფერში ღვთის ნებაა­ ჩარეული. ამ ნებით შევხვდით, ალბათ, ჩვენც ერთმანეთს. ჩემი მეუღლე ეკლესიაში გალობდა, რომელშიც მე მივედი. მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა. თუმცა შეიძლება სვანეთის გზაც არ ყოფილიყო, რომ არა ძალიან დიდი ადამიანისა და მომღერლის ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივა. ვისაც გალობა შეეძლო, ყველა ახალგაზრდას შესთავაზა თავიანთ კუთხეებში წასულიყვნენ და ბავშვებისთვის გალობა ესწავლებინათ. მაშინ ყველა კუთხისთვის გამოჩნდა მსურველი, გარდა სვანეთისა.

ჩემი მეუღლე თბილისელია, მაგრამ დედა ჰყავს სვანი, სვანეთიც უყვარს, მაგრამ წამოსვლა მაინც ვერ გადაწყვიტა - ვერ წარმოედგინა, მე თუ გამოვყვებოდი. ამასობაში, მე რომ ეს მიამბო, ვუთხარი, წამოვალ, შეიძლება მასწავლებლის ადგილიც სადმე გამოჩნდეს და ვიმუშავებ-მეთქი. ფილოლოგი ვარ და მოსწავლეებთან ურთიერთობა გულით მინდოდა. ასე იყო ყველაფერი, მარტივად. თუმცა მერე სვანეთში პირობები რომ ვნახე, ხშირად ვფიქრობ, ეს რომ სცოდნოდა, ალბათ, დედა აქ არ გამომიშვებდა-მეთქი. წესიერად თოვლიც კი არ მქონდა ნანახი, რომ გასაკვალში აღმოვჩნდი. თუ ჩემი მეუღლე არ გაკვალავდა, მე ვერ გავივლიდი - ის წინ მიდიოდა, მე კი მის ნაკვალევს მივყვებოდი. ძველი სვანური დიდი სახლი დაგვხვდა. სველი წერტილებიც კი, ჩვენ რომ ჩამოვედით, მაშინ გააკეთა ჩემმა დედამთილმა. ახლაც კი ერთი ოდნავ არეული ამინდი და, 3-4 დღე არა გვაქვს შუქი. ჩვენები დარდით კვდებიან თბილისში, როგორ ხართო. ვეუბნები, ხალხო, რით ვერ შეეჩვიეთ, რომ უშუქობის გამო ტელეფონები გვეთიშება, მაგრამ არაფერი გვემართება-მეთქი. ასეა, მაგრამ უკვე 11 წელიწადი გავიდა და ახლა, როდესაც თბილისში ვარ ჩემი შვილებით, ისე მენატრება სვანეთი, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები, მონატრება გულთან მაქვს მობჯენილი.

- თქვენც მუშაობთ?

- კი, ჩემმა მეუღლემ მაშინვე დაიწყო თავისი საქმე, მე კი მასწავლებლობა. ორივე ვმუშაობთ. მე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებაც მოვასწარი. ამისთვის ბევრი ვიშრომე.

s5-1730657586.jpg

- როგორ, ოთხ ბავშვთან ერთად?! თანაც უმცროსები ძალიან პატარები არიან და თუ არ ვცდები, ძიძაც არ გყავთ.

- შინ ჩემი მეუღლის დეიდაა, რომელიც ძალიან გვეხმარება, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების გამო ბავშვს ვერ იტოვებს. როდესაც მხოლოდ ერთი შვილი მყავდა, თითქოს მაშინ ამდენს ვერც ვასწრებდი. ახლა ყველა წუთი გათვლილი მაქვს.

- დეიდას, ალბათ, როგორ უხარია, მასთან რომ ხართ.

- ძალიან. ამბობს, სიცოცხლე დამიბრუნეთო. ბავშვებს კი დილით მეუღლესთან ვტოვებ. ორი ბაღში ვერ დაგვყავს პატარა ასაკის გამო. დილით, სანამ გავალ, პატარებს საჭმელს გავუმზადებ და მეუღლეს ჩავაბარებ, ვიდრე სამსახურიდან დავბრუნდები. როცა მოვდივარ, შვილებს გადმოვიბარებ ხოლმე და ის მიდის­ სამსახურში, გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე ხშირად ჩემზე უკეთესად აკეთებს საოჯახო საქმეებსაც კი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

-. თქვენი ნებართვით, როდესაც თქვენზე დავწერ, მისადმი თქვენს წერილსაც გამოვაქვეყნებ, როგორც ნიმუშს იმისა, როგორ უნდა უყვარდეთ. ამას ხომ თქვენი შვილებიც ხედავენ და მათთვის დიდი სიმდიდრეა.

- ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ შვილებს იმაზე უკეთესს ვერაფერს გავუკეთებდი, ვიდრე სოფელში გაზრდაა. სულ სხვანაირად მყარად იდგებიან მიწაზე, სიყვარული ეცოდინებათ. თუმცა იმასაც ვცდილობ, რომ ცხოვრების რიტმს არ ჩამორჩნენ და არ დაბრკოლდნენ. მინდა ყველაფერი შეითვისონ, რაც ღირებულია. სვანეთშიც სულ ერთად დავდივართ მთელი ოჯახი. ჩემი მეუღლე ისეთ საქმეს აკეთებს, მასთან ერთად, მის მოსწავლეებთან ერთად სიარული სიმშვიდე და სიამოვნებაა. 8 თვის პატარაც კი თან მიმყავს. სამი ბიჭი მყავს და ერთი საოცარი გოგო. ნათესაობაში ყველას ბიჭები ჰყავს და ეს ერთი გოგოა. ისე, კიდევ გვინდა ერთი გოგო.

s7-1730657586.jpg

- ესეც უნდა გკითხოთ - როგორ უმკლავდებით ძველ სახლში ცხოვრებას.

- ყველას ერთ ოთახში გვძინავს, სადაც ღუმელია. ჩვენი ხელფასით უფრო მეტი კომფორტის შექმნა ჯერ ვერ მოვახერხეთ, თუმცა მოვახერხებთ, იმედია.

- და კიდევ, სვანები, ერთი შეხედვით მაინც მკაცრები არიან, თქვენ როგორ მიგიღეს?

- მიუხედავად იმისა, რომ ისეთ გარემოში ვარ გაზრდილი, სადაც სიყვარული დიდი დოზით იციან - კახეთში გავატარე ბავშვობა, - მართალი არ ვიქნები­, რომ არ ვთქვა იმ საოცრებაზე, რასაც სვანეთში ვხედავ: სიყვარულითა და ერთგულებით ისე ერთ მუშტად არიან შეკრული, ისე დაუღალავი მხარში დგომა იციან, ხანდახან გაოგნებულიც კი ვარ. ამიტომაც მიყვარს სვანეთი.

- თქვენ მთელი სამყაროს სიყვარულიც შეგიძლიათ. გამორჩეულად კიდევ რა გიყვართ?

- ფოტოები. უამრავ ფოტოს ვიღებ და ეს საქმე ძალიან მომწონს.

- როცა გესაუბრებოდით, ამ მომენტშიც კი ვფიქრობდი, ალბათ, როგორი დაღლილია: დილას სამსახური, მერე ოთხი ბავშვი და სახლის საქმე, ალბათ, როგორ იღლება, დავასვენო-მეთქი. ასეა?

- ვიღლები, მაგრამ ეს დაღლაც კი სასიამოვნოა, როცა იცი, რომ ყველაფერს საყვარელი ადამიანებისათვის აკეთებ.

წერილი მეუღლეს

"ყოველთვის მწვანე თვალებით მეძებ და გაოფლილ თმას სულის შებერვით იშორებ ხოლმე. ხელებით მარხილს ექაჩები და მე ვფიქრობ, რა უბრალოა ბედნიერება, რა უშუალო... მერე ბრუნდები სათიბში და ყველაფერი უფრო ლამაზია: საჭმლის ჩამოტანის დროს მესმის თანასოფლელების ხმაურიანი შეძახილები, შევიგრძნობ…სვანი ხალხის დაუშრეტელ სითბოს... და შენ? შენთან მომავალს რომ დაგვინახავ ხოლმე, მე და ბავშვებს ხელჩაკიდებულებს, თვალების ფერი მადლისფრად გეცვლება. დაღლილს არც ის გავიწყდება, თმაში ყვავილი ჩამიმაგრო და ფრთაშესხმული გამომიშვა შინ. ასე დაღლაც მიხარია... და რა ბედნიერებაა დაიღალო შენი ოჯახისთვის... დაიღალო, მაგრამ დრო მაინც გამონახო წერისთვის, რადგან როდესაც ვწერ, გულიდან მეშვება სულსა და გულს მოწოლილი ზღვა ემოცია და ბედნიერება...

გოდერძი აფციაური: მთელი ცხოვრება უნდა მოვუაროთ ღმერთით განცდილ ამ წუთებს, უფრო და უფრო გავკვირტოთ და ავაყვავოთ. ჩვენ არ უნდა გავხუნდეთ"...