„თბილისმა ჩემი გული დაიპყრო, ნეაპოლი და თბილისი ორივე 41-ე პარალელზეა“ - კვირის პალიტრა

„თბილისმა ჩემი გული დაიპყრო, ნეაპოლი და თბილისი ორივე 41-ე პარალელზეა“

"ნეაპოლი ხვდება თბილისს, ხელოვ­ნების, კულტურისა და სოლიდარობის სახე­ლით", - ამ შინაარსით ესტუმრა თბილისს­ ევროპაში პრესტიჟული "დი მეოს" კალენდარი. ასოციაცია "Di Meo vini ad arte" კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით წლიურ ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მართავს, 19-20 ოქტომბერს კი იტალიელმა სტუმრებმა თბილისი დაათვალიერეს, თუმცა ამ ღონისძიების მიზანი ქართული ტრადიციები, კულტურისა და ხელოვნების გაცნობაა. ასოციაციის დირექტორი ჯენეროზო­ დი მეო "კვირის პალიტრას" უყვება, თუ რამ გადააწყვეტინა ნეაპოლიდან თბილისში ჩამოსვლა:

- თქვენ 1980-იან წლებში ოჯახთან ერთად გადაწყვიტეთ ვენახების გაშენება­ ნეაპოლის ერთ ისტორიულ ადგილას, დღეს "დი მეოს" ღვინო ევროპაში ერთ-ერთ პრესტიჟულ და პოპულარულ ღვინოდ ითვლება. როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა?

- დი მეოს მეღვინეობის ისტორია მემკვიდრეობის, ინოვაციისა და აღფრთოვანების საგანია, რომელიც სათავეს იღებს ირპინიიდან (სამხრეთი იტალია). ყველაფერი 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც ჩემს ძმებთან, ერმინიო და რობერტო დი მეოსთან ერთად სამოგზაუროდ წავედით. ჩვენი ისტორიული საოჯახო ფერმა, რომელიც ჩვენი მშობლების, ვიტორიოსა და ალესადრინა დი მეოსი იყო, მდებარეობს აველიონიდან რამდენიმე კილომეტრში, ულამაზეს ქალაქ სალზა-ირპინაში.­ ამ ტერიტორიის მფლობელი ოდესღაც პრინცი კარაჩოლო იყო. დიდი ისტორიის მქონე ადგილია, რაც ჩვენს ღვინოს მეტ ხიბლს მატებს. ჩვენი კომპანია აწარმოებს პრემიუმ-კლასის ღვინოებსა და ალკოჰოლური სასმელებს და მათი დაყენება ირპინის მევენახეობის ტრადიციებს ეფუძნება.

- ღვინის წარმოების გარდა, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზეც მუშაობთ.

- 23 წლის განმავლობაში მე ვხელმძღვანელობდი ჩვენი ოჯახის კულტურულ ინიციატივებს ასოციაცია "Di Meo vini ad Arte"-ის მეშვეობით. ჩემი სამუშაო სცილდება მეღვინეობის საზღვრებს, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი რეგიონის მემკვიდრეობა გავაცნოთ მსოფლიოს. ამის შესანიშნავი მაგალითია წარმატებული პროექტი, წლიური კალენდარი, სახელწოდებით "Di Meo vini ad Arte", რომლის მიზანია დააკავშიროს ერთმანეთს ნეაპოლი, ჩვენი მშობლიური მხარე და მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობით მდიდარი სხვადასხვა ქალაქი. "დი მეოს" კალენდარი მეტია, ვიდრე მოგზაურობა სხვა ქალაქში. ეს არის იმ ქვეყნის ხელოვნებასთან, არქიტექტურასთან, ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ზიარება. ჩვენ უკვე ვიყავით ლონდონში, მილანში, ნიუ-იორკში, მოსკოვში, მადრიდში, პრაღაში, სევილიაში, სტამბოლში, ვენაში, ბერლინში და ა.შ. მე ამ პროექტის კურატორი ვარ. ჩვენი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა და ხელოვნების, როგორც დამაკავშირებელი ხიდის გაზიარებაა.

- როდის დაიწყო ეს პროექტი?

- 23 წლის წინ ჩვენი ოჯახის მარნის კედლებში დაიბადა პროექტის იდეა. პირველად თავად ჩვენი მეღვინეობის შესახებ იყო, შემდეგ კი გაფართოვდა და სხვადასხვა კონტინენტსაც კი გადავწვდით. ჩვენი ყოველწლიური ღონისძიების მიზანია ნეაპოლის სულის ჩვენება, გვინდა სხვადასხვა ქალაქში ჩავიტანოთ ჩვენი მემკვიდრეობა და ვეზიაროთ სხვა ქალაქების კულტურასა და ხელოვნებასაც.

- ოქტომბერში "დი მეოს" კალენდრის მასპინძელი თბილისი იყო.

- საქართველო ბევრი ფაქტორის გამო ავირჩიე - ღვინის კულტურა, არგონავტების მითი, აბრეშუმის გზა... თბილისმა ჩემი გული დაიპყრო. ნეაპოლი და თბილისი, ორივე, 41-ე პარალელზეა. საქართველო კავკასიის გულია, თბილისი კი საოცრად ენერგიული, ნათელი ქალაქია. თბილისელებს და ნეაპოლელებს ბევრი რამ გვაქვს საერთო, ამიტომ მინდოდა ყველას გაეცნო საქართველოს დიდებული ისტორია და კულტურა. საქართველო ღვინის სამშობლოა, 8000 წლით თარიღდება ქართული ღვინის ტრადიციები, თქვენს ქვეყანას მსოფლიოში ღვინის დაყენების უძველესი ისტორია აქვს.

- ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ საქართველოში?

- ქალაქმა. როდესაც მის ქუჩებში სეირნობ, ისტორია იგრძნობა, თბილისს თავისი "ვაიბი" აქვს, უნიკალური, ანტიკური ხიბლი და თანამედროვეობის ენერგია, რომელიც ლამაზად ერწყმის ერთმანეთს. ეს იგრძნობა სეირნობისას, ადამიანებთან შეხვედრისას. სწორედ ამიტომ მინდოდა ჩამომეყვანა იტალიელები თბილისში, მინდოდა ზიარებოდნენ ამ უნიკალურ ქალაქს. თბილისში სხვადასხვა კულტურული გავლენაც იგრძნობა, იგრძნობა ეპოქა და ასევე ქართული სტუმარმასპინძლობა.

- ქართული ღვინო თუ გასინჯეთ?

- როგორც ღვინის ენთუზიასტს, ყოველთვის მაინტერესებდა საქართველოს უძველესი მეღვინეობის მემკვიდრეობა, თუმცა ამ მიმართულებებზე ჩემი ძმები მუშაობენ, ისინი სიღრმისეულად შეისწავლიან ღვინოებს 1990-იანი წლებიდან. რობერტო ჩართულია ღვინის დაძველებისადმი მიძღვნილ პროექტში, რამაც მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ქართული ღვინო ევროპაში იშვიათობაა, საქართველოში ვიზიტისას რობერტოს და მე გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ პირდაპირ შილდის მეღვინეობაში დაგვეგემოვნებინა ღვინო. ეს აღმოჩენა იყო ჩვენთვის. რობერტოსთვის საინტერესო იყო ღვინის დაგემოვნება მისი დაყენების ადრეულ სტადიაზე, აკვირდებოდა ქართული ღვინის პოტენციალს და თავისებურებებს დაძველებამდე. მე კი ორივენაირი ღვინო დავაგემოვნე, უახლესიც და რამდენიმე წლის დაძველებით. ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოს დამახასიათებელი გემო დაჰკრავს. ქვევრის ღვინოს თავისი სიძლიერე აქვს. მსურს უფრო სიღრმისეულად შევისწავლო ქართული მეღვინეობა, რომელიც დამზადების ტრადიციული მეთოდებით უფრო მეტ მწვერვალებს დაიპყრობს.