26 ოქტომბრის „საიდუმლო“ - ვინ რა და როგორ უნდა გამოიძიოს და რას იზამს დასავლეთი?! - კვირის პალიტრა

26 ოქტომბრის „საიდუმლო“ - ვინ რა და როგორ უნდა გამოიძიოს და რას იზამს დასავლეთი?!

როგორც ვვარაუდობდით, 26 ოქტომბ­რის შემდეგ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი. პრეზიდენტმა სალომე­ ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ არჩევნები არ ცნეს. 2020 წლის ანალოგიური კრიზისისგან განსხვავებით, დღეს უცხოელი ელჩები შემრიგებელ-მომრიგებლის ფუნქციას ვეღარ შეასრულებენ. შესაბამისად, იმის პროგნოზირება, თუ როგორ ან როდის დასრულდება პოლიტიკური კრიზისი, ძნელია... რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის პოლიტიკური კრიზისი, ეს ცალკე სტატიის თემაა. მოკლედ ვიტყვით, რომ ეს აისახება ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე სეგმენტზე - ეკონომიკაზე. სავარაუდოდ, უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მინიმუმამდე დავა. შეფერხდება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. თუ პოლიტიკური კრიზისი­ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, დაიწყება ეკონომიკური სტაგნაცია, გაიზრდება უმუშევრობა, პრობლემები შეექმნება ბიზნესს. აღარაფერს ვიტყვით ლარის კურსზე, რომელიც, სავარაუდოდ, არაპროგნოზირებადი გახდება და ეროვნულ ბანკს გაუჭირდება მისი დასტაბილურება.

რაც მთავარია, შესაძლოა, ვიხილოთ ემიგრაციის მორიგი დიდი ტალღა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, რომლებიც ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

რა მოხდა 26 ოქტომბერს?!

არჩევნები დაძაბული იყო. ბევრი იყო ისეთი ინციდენტი, რომლის პრევენციაც შეიძლებოდა. პირველად ისტორიაში, არჩევნები ტარდებოდა ელექტრონულად. დანარჩენი კი ისევ ისე იყო, როგორც 2020 ან 2016 წლებში (ამ პერიოდისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო სიტუაცია აშკარად მშვიდი იყო). არჩევნების შემდეგ ვიხილეთ ჩვეულებრივი სურათი, რასაც უკვე ტრაგიკომიკური რეალობა დაჰკრავს - ორივე მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა.

არჩევნები ტოტალურად გაყალბდაო - განაცხადეს სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ. კითხვები მათთან გაჩნდა­ 26 ოქტომბერსვე. პირველ რიგში, ის, რომ მაშინ რატომ არწმუნებდნენ თავის ამომრჩეველს, რომ მათი არც ერთი ხმა არ დაიკარგებოდა და ხმებს დაიცავდნენ, რომ ელექ­ტრონული არჩევნებით ფალსიფიკაცია შეუძლებელი იყო. ამას ამბობდა ის ხალხი, რომლებმაც 2020 წლის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და მათი პარლამენტში შესვლა-არშესვლის იწილო-ბიწილო­ 5 თვის განმავლობაში გაგრძელდა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ადამიანს შეჰპირდე, რომ ვერავინ დაჩაგრავს და შემდეგ, როდესაც ვინმე თავში წამოარტყამს, თქვა - უი, არ ვიცოდი, თუ ვინმე ამას გაბედავდაო.

არჩევნების ისე გაყალბება, რომ დამარცხებული გამარჯვებულად გამოცხადდეს, შეუძლებელია შეამჩნიო მხოლოდ ცესკოს შედეგების გამოცხადების შემდეგ. ამას მიხვდები საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას. შესაბამისად, მაშინვე უნდა ატეხო ხმაური - გეგმა "ბე" უნდა გქონდეს.

კარგი, გავყვეთ "ტექნოლოგიური დივერსიის" თეორიას (ელექტრონული აპარატების მეშვეობით, რასაც აბსურდს უწოდებს ოპოზიციის ერთი ნაწილი - მაგალითად, გიორგი გახარია და გიგა ბოკერია). ეს ისეთი მასშტაბის სპეცოპერაცია იქნებოდა, რომ შეუძლებელია ინფორმაციას არ გამოეჟონა. გარდა ამისა, შერლოკ ჰოლმსობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ წინასაარჩევნო სიტუაციას და არჩევნებს დასავლეთი მხოლოდ დამკვირვებლების მეშვეობით არ აკვირდებოდა. შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურები აუცილებლად მოიპოვებდნენ ამის შესახებ ინფორმაციას და ეს ან პრესაში "სპეციალურად გაჟონავდა", ან ოპოზიციის რომელიმე ლიდერს ჩააყენებდნენ საქმის კურსში და ამას მოჰყვებოდა გრანდიოზული პოლიტიკური სკანდალი­. აფრთხილებენ ოპოზიციას ზოგიერთი მათი კოლეგა და ექსპერტი, რომ არ "მიაწვნენ" ელექტრონული აპარატების გახსნის თემას, თორემ შეიძლება იქ ვერც ვერაფერი იპოვონ და "ოცნებას" კიდევ ერთი დიდი კოზირი მისცენ ხელში - დაიწყებენ მტკიცებას, რომ ოპოზიცია ცრუობს.

რაც შეეხება მოსყიდვებსა და დაშინებას, რაზეც აპელირებს ოპოზიცია,1992 წლიდან იყო რომელიმე არჩევნები, რომ ეს მეთოდი არ გამოყენებულიყო?! საქმე ის არის, რომ აღქმები იურიდიული არგუმენტი არ არის. შეიძლება დაინახო, რომ ვიღაცამ ვიღაცას თვალი ჩაუკრა და ფული მისცა ან ავტობუსებით მიიყვანეს ხალხი საარჩევნო უბანთან, იქ ვიღაც აქტივისტი იდგა და შემსვლელ-გამომსვლელებს აღრიცხავდა, მაგრამ... დამტკიცება ძნელია. ერთადერთი საბუთი არის თვითონ იმ ადამიანის საჯარო აღიარება, რომელიც მოისყიდეს და დააშინეს. ასევე, ზოგიერთს რატომღაც გაუკვირდა ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში "ოცნების" მაღალი პროცენტი. თუმცა გვავიწყდება, რომ ამ რეგიონებს "ხმების ბეღელს" უწოდებდნენ შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც, სააკაშვილის დროსაც და საკვირველი ის იქნებოდა, მასზე "ოცნებას" უარი რომ ეთქვა.

რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ აღრიცხულ კონკრეტულ დარღვევებს, რომლებსაც სასამართლოები განიხილავს - რა თქმა უნდა, მედიის მხრიდან ამას მონიტორინგი სჭირდება, რომ საზოგადოებამდე მივიდეს, რამდენად ობიექტურია განხილვა. გარდა ამისა, საჭიროა ანალიზი იმისა, თუ ეს დარღვევები რა გავლენას მოახდენდა საბოლოო შედეგზე. თავისთავად, არც ერთი დარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ ასპექტს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშვებულ შეცდომებს, ალბათ, ოპოზიციონერებმა თავის თავს უნდა ჰკითხონ, დაუპირისპირეს თუ არა მათ მძლავრი კონტრპროპაგანდა "ოცნების" კამპანიას "ომზე და მშვიდობაზე"?! ეპიზოდური წამოძახილები "რეფერენდუმზე" თუ "ევროპასა და რუსეთზე", იკარგებოდა იმაში, რაზეც მედია ოპოზიციონერების მონაწილეობით ზაფხულიდან მოყოლებული მსჯელობდა - როგორი უნდა ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობა, ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერი, უნდა ყოფილიყო თუ არა ის თავად სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. თქვენი მონა-მორჩილი ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო, ტექნიკური მთავრობის წინასწარ "დაკომპლექტებაზე" და პოლიტიკურ სადღეგრძელოებზე კი არა, დროს დახარჯავდა ამომრჩევლის დარწმუნებაზე - თუ მე (ანუ რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტია) გავიმარჯვებ, არანაირი ომი არ იქნებაო.

ოპოზიციურ ფლანგზე დრო დაიკარგა იმის განხილვაშიც, უნდა გაერთიანებულიყვნენ თუ არა ხაზარაძე და გახარია. ისე, ეს გაერთიანება რომ შემდგარიყო და მართლაც ჩამოყალიბებულიყო ე.წ. მესამე პოლიტიკური ცენტრი, შესაძლოა მას შთამბეჭდავი შედეგი ეჩვენებინა.

თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა - სააკაშვილის პარტია დამთავრდა, როგორც მთავარი ოპოზიციური­ ძალა. თან ვისი ხელით - ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ხელით. ერთი მიშას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე იყო, მეორე კი მთავარი პროპაგანდისტი. მადლობა ვის? - კეზერაშვილს, რომელმაც ყველანაირად აურია სიტუაცია "ნაცმოძრაობაში".

რას გამოიძიებს პროკურატურა?!

არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით პროკურატურაში საქმე აღიძრა. პირველ მოწმედ სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს და პრეზიდენტის პასუხიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ის არ აპირებს მისვლას (სხვათა შორის, გარდა ამისა, გაკეთდა განცხადებები ოპოზიციონერების მხრიდან, რომ არც ისინი აპირებენ პროკურატურასთან თანამშრომლობას).

თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ასეთი­ პოზიცია არასწორია. გასაგებია, რომ აცხადებენ, არ ვენდობით პროკურატურის გამოძიებასო, თუმცა არსებობს საზოგადოებრივი მონიტორინგი. კერძოდ, პროკურატურაში მისვლამდე ნათლად და მარტივად უნდა აუხსნან საზოგადოებას, რა ფაქტები მიაქვთ სამართალდამცავ უწყებაში, გაავრცელონ დოკუმენტები - სოცქსელი იძლევა ამის საშუალებას და საქმეს არც გრიფით "საიდუმლო" ადევს. შესაბამისად, ოპოზიციონერებისა თუ არასამთავრობოების მიერ წარდგენილი დოკუმენტებით საზოგადოება გამოიტანს დასკვნას - ეს მასალები არის თუ არა რეალური მტკიცებულებები და როგორ იძიებს საქმეს პროკურატურა.

გარდა ამისა, ოპოზიციას თავად შეუძლია ჩაატაროს პარალელური გამოძიება, თუნდაც უცხოელების დახმარებით. მათმა მომხრეებმა ხელზე დაიხვიეს ცნობილი ბულგარელი გამომძიებელ-ჟურნალისტის ხრისტო გროზევის მიერ არჩევნებამდე გაკეთებული განცხადება, რომ რუსული დაზვერვა 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩარევას აპირებს. მოიწვიონ იგივე გროზევი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში მართლაც სერიოზული გამოძიებები აქვს ჩატარებული. შემდეგ შევადაროთ ერთმანეთს პროკურატურისა და დამოუკიდებელი გამოძიებები. ოღონდ ეს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას არ უნდა დაემსგავსოს - როდესაც ორივე მხარე გამარჯვებას ზეიმობდა.

სხვანაირად, ვერანაირი უცხო ძალა აქ გამოძიებას ვერ ჩაატარებს. ისევე როგორც აბსურდია ზოგიერთის მოთხოვნა, ახალი არჩევნები უცხოელებით დაკომპლექტებულმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროსო. ჯერ ერთი, ასეთი რამე შეიძლება მხოლოდ სომალიში მოხდეს, სადაც სახელმწიფო ჩამოიშალა და ადგილობრივი ტომები ერთ ბელადზე ვერ თანხმდებიან. მეორეც, თუ მიიჩნევ (რაც არ უნდა დარწმუნებული­ იყო, რომ არჩევნები გაყალბდა), რომ საქართველოში რამდენიმე ასეული პატიოსანი კაცი არ მოიძებნება, მაშინ... ან შენ ხარ არაადეკვატური, ან ქვეყნის საქმე მართლაც დასრულებულია.

რას იზამს დასავლეთი?!

აშშ-დან და ევროპიდან წამოსული განცხადებები დადის ერთ ფორმულირებამდე - გამოიძიეთ არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები. ტერმინები "არალეგიტიმური" და "არ ვცნობთ" ამ განცხადებებში არ არის. არც იქნებოდა - დასავლეთი არ არის რუსეთი, რომ წინასწარ აკვიატებული განცხადებების ტირაჟირება დაიწყოს. ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში თუ ლონდონში დააკვირდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ არ დაიდო კონკრეტული ფაქტები, რომ დარღვევები არჩევნების შედეგზე აისახა და ქვეყანამ ასე თუ ისე, ნორმალურ რეჟიმში გააგრძელა ცხოვრება, არც არაფერი მოხდება. ხოლო თუ პირიქით მოხდა, დაიდო ფაქტები და საპროტესტო ტალღაც აგორდა, დასავლეთი ალბათ უფრო რადიკალურ ზომებს მიიღებს - არ გამოვრიცხოთ სანქციებიც, რომელიც ქვეყანაში ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

შეუძლია თუ არა ოპოზიციას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღის აგორება, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ.

ბოლოს ვიტყვით იმას, რომ ასეთი პოლიტიკური კრიზისებისას ძალიან ვიწრო ხდება დანის პირი, უფრო ნათლად ჩანს ხოლმე სამოქალაქო დაპირისპირების აჩრდილი და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

გიორგი კვიტაშვილი