ვის აირჩევენ ამერიკელები პრეზიდენტად და რას შეცვლის ეს უკრაინის ფრონტზე და საქართველოში... - კვირის პალიტრა

ვის აირჩევენ ამერიკელები პრეზიდენტად და რას შეცვლის ეს უკრაინის ფრონტზე და საქართველოში...

რატომ არ სურთ უკრაინაში ტრამპის ხელახლა ხილვა აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელში, ხოლო ოფიციალურ თბილისში კი სწორედ ამაში ხედავენ გამოსავალს დასავლეთთან შექმნილი რთული სიტუაციიდან...

5 ნოემბერს, ალბათ, მთელი მსოფლიო გაფაციცებით ელოდება, როდესაც აშშ-ში გაიმართება რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ამ ზესახელმწიფოს 47-ე პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.

თეთრ სახლში დარჩენას, ოღონდ უკვე ერთი რანგით მაღალ დონეზე, ცდილობს დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მაგრამ ოვალური კაბინეტის სავარძელში ხელახლა ჩაჯდომა სურს 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც... დემოკრატებისა და რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატების გამარჯვების შანსები თითქმის თანატოლია და ამის დეტალური გარჩევა უფრო პოლიტოლოგების საქმეა, ჩვენ კი ყურადღება გავამახვილოთ სხვა მიმართულებით - რა ცვლილებებს გამოიწვევს ან არ გამოიწვევს ამა თუ იმ კანდიდატურის გამარჯვება იმ ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტებში, რომლებიც უკრაინაში, ასევე ღაზის სექტორსა და სამხრეთ ლიბანში მიმდინარეობს. როგორ გაგრძელდება ისრაელ-ირანის "სარაკეტო პინგ-პონგი" და გაბედავს თუ არა რუსეთის შემხედვარე ჩინეთი ტაივანის "შემოერთებას".

ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომლებიც საჭირბოროტოდ ითვლება დღევანდელ მსოფლიოში, პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დადგება აშშ-ის სათავეში.

ტრამპი, რომელიც 2017-2021 წლებში უკვე გახლდათ აშშ-ის პრეზიდენტი, თავად ამერიკელებს, და საერთოდ, მსოფლიოს, დაამახსოვრდათ ექსცენტრიკულ პოლიტიკურ მოღვაწედ, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც კი ხშირად სპონტანურად იღებდა და შემდეგ შედეგების გამოსწორება მის ადმინისტრაციას და სამინისტროებს უწევდათ (ტრამპის პრეზიდენტობის სტილი რაღაცით წააგავდა პატარა საქართველოს ერთი ყოფილი პრეზიდენტის მოღვაწეობასაც). სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის დროინდელია მისი პოლიტიკური დაპირისპირება უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ზელენსკისთან, როდესაც ტრამპი მისგან ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში კომერციული საქმიანობის დეტალების გამხელას მოითხოვდა, რომლის გამოყენებასაც აპირებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ - ტრამპმა ის არჩევნები წააგო, გაიმარჯვა ბაიდენმა. შესაბამისად, ტრამპმა გულში ჩაიდო ზელენსკიზე პირადი წყენა - ტრამპი აღარ მალავს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში რუსეთთან უთანასწორო ომში ჩაბმულ უკრაინას მრავალმილიარდიანი ამერიკული სამხედრო დახმარების ნაკადი გადაეკეტება.

2-ame-1730664517.jpg
დიდად მოსალოდნელია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიებმა ისეთ დაძაბულობაში ჩაიაროს, რომ ამერიკული ქალაქების ქუჩებში წესრიგის შესანარჩუნებლად ეროვნული გვარდიაც კი გამოჩნდეს...

რა უნდა შეძლოს ომში მყოფმა უკრაინამ, რომელიც ისედაც ჩამოშლის პირას არის და ფრონტის ხაზს რუს დამპყრობლებთან ომში, ძირითადად, დასავლური და უპირველესად ამერიკული სამხედრო დახმარების ხარჯზე ძლივს ამაგრებს?

თავს ზემოთ ვერ ახტება, რადგან ამერიკული სამხედრო დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინას რუსეთთან ომში, სამწუხაროდ, დამარცხება თუ ელოდება, რისი საგანგაშო ნიშნები ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა, როდესაც სწორედ პროტრამპისტი ამერიკელი კონგრესმენების მიერ ექვსი თვით 61-მილიარდიანი ამერიკული სამხედრო დახმარების დაბლოკვის გამო უკრაინის არმია კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, და ის, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინელები დღესაც გამუდმებით უკან იხევენ, ამის გამოძახილიცაა.

აქედან გამომდინარე, ოფიციალურ კიევს, რა თქმა უნდა, არაფრისდიდებით არ სურს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება. მას ხომ აგრესორი რუსეთის ლიდერ პუტინთან უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და ტრამპის "საიდუმლო გეგმა" რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში შეჩერების თაობაზე შეიძლება სხვა არაფერი იყოს, თუ არა უკრაინის უპირობო კაპიტულაციის მოთხოვნა ოვალური კაბინეტის სავარძელში ხელახლა ჩამჯდარი ტრამპისგან... განსხვავებით უკრაინისგან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სძინავს თუ ღვიძავს, სწორედ ტრამპის პრეზიდენტად დაბრუნება ელანდება, რადგან პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპი ნამდვილად არ დაუშლის ისრაელს ღაზის სექტორსა და სამხრეთ ლიბანში "ჰამასსა" და "ჰეზბოლაზე" მასირებულ საჰაერო დარტყმებს, თუნდაც ამას მთელი ქალაქების პირისაგან მიწისა აღგვა მოჰყვეს, ათიათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვითა და დაჭრით... უფრო მეტიც, თუკი დღეს თეთრი სახლი ყველანაირად "ამუხრუჭებს" თელ-ავივს, რომ საპასუხო სარაკეტო დარტყმებით ძალზე სერიოზული ზიანი არ მიაყენოს ირანის სტრატეგიულ, მათ შორის ბირთვულ და ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მას ასეთი აკრძალვები თეთრი სახლიდან მოეხსნება.

3-ame-1730664517.jpg
უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ინტერესებში არ შედის ტრამპის გამარჯვება, რადგან აგრესორ რუსეთთან მებრძოლი უკრაინის არმია შეიძლება ამერიკული საარტილერიო ჭურვების გარეშე დარჩეს...

სამაგიეროდ, ჩინეთის ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს ტრამპის ამერიკის სათავეში დაბრუნება, რაც გამოიხატება ტრამპის უფრო უარყოფით რეაქციებში, თუკი ჩინეთი გააგრძელებს სამხედრო ძალის დემონსტრირებას ტაივანის კუნძულების (რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა განუყოფელ ტერიტორიად თვლის) სიახლოვეს.

ტრამპი-პუტინის ურთიერთობა არაერთ წელს მოიცავს (ამბობენ, რომ საიდუმლო სატელეფონო საუბრები დღესაც აქვთ) - 2013 წლის ნოემბერში ტრამპი მოსკოვს სტუმრობდა, როგორც "მის სამყარო 2013"-ის მთავარი ორგანიზატორი და როგორც ბოროტი ხმები ამტკიცებენ, სწორედ მაშინ მოუპოვეს რუსულმა სპეცსამსახურებმა პუტინს ტრამპის მოსკოვის სასტუმროს აპარტამენტებში სუსტი სქესის წარმომადგენლებთან "ოინბაზობის" ვიდეოკომპრომატი, რითაც კრემლის ბინადარს მას შემდეგ თითქოს "ყურებით უჭირავს" აშშ-ის ექს-პრეზიდენტი, რომელსაც ისევ პრეზიდენტად დაბრუნება ძალიან სწადია.

ფაქტია, პირველი საპრეზიდენტო ვადის დაწყებისთანავე, 2017 წლის იანვარში, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტმა ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს მოსთხოვა სასწრაფოდ შეემუშავებინათ გეგმა რუსეთის ფედერაციისთვის ყველა საერთაშორისო სანქციის დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ, რაც ამერიკელმა დიპლომატებმა არ შეასრულეს, ტრამპს კი შემდეგ გადაავიწყდა.

სამაგიეროდ, აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების ხელმძღვანელები ვერ მალავდნენ აღშფოთებას იმის გამო, რომ 2017 წლის 10 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა მას გაუმჟღავნა კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც დიდი დარტყმის ქვეშ აყენებდა ამერიკელ აგენტებს და რუსეთის სპეცსამსახურებს მათი ვინაობის იდენტიფიკაციის საშუალებას აძლევდა...

საქართველოს საკითხში პრეზიდენტ ტრამპის მოღვაწეობა შეიძლება აღინიშნოს ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებით - სწორედ ტრამპი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც ნება დართო, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები "ჯაველინები" და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო "სტინგერები" მოეყიდათ ქართული არმიისთვის, რასაც სხვა ამერიკელ პრეზიდენტებს ოფიციალური თბილისი მანამდე თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა.

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, დიდი ალბათობით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის დაბრუნების შემთხვევაში საბოლოოდ მოაგვარებს იმ ურთულეს მდგომარეობას, რაც ბოლო თვეებში შეიქმნა ოფიციალურ თბილისსა და ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკურ ლიდერებს შორის.

რაც შეეხება ევროპელ პოლიტიკურ ლიდერებს, მათ უდიდესი ნაწილი, ალბათ, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების გამოკლებით, ძალზე უფრთხიან ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, რადგან ტრამპი ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთხელ დამუქრებია მათ, რომ თუკი ნატოს წევრი ევროპის ქვეყნები თავიანთი არმიებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს არ დაახარჯავდნენ, აშშ შეიძლება სულაც გამოსულიყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობიდან და აღარ "ერჩინა" ძუნწი ევროპელი პარტნიორები, რაც ნატოს დაშლას გამოიწვევდა, რადგან ამერიკული მხარის გარეშე "ბებერი ევროპის" ქვეყნებმა პირველი "ცივი ომის" შემდეგ, ფაქტობრივად, დაშალეს თავიანთი არმიები მათთვის დაფინანსების მნიშვნელოვანი შემცირების შედეგად.

ნატოს შესუსტება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა საერთო ჯამში სწორედ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან რუსეთი არათუ სუსტდება (როგორც ვარაუდობდნენ დასავლელი ექსპერტები), პირიქით, ძლიერდება უკრაინასთან გახანგრძლივებულ ფართომასშტაბიან ომში, რადგან მოახერხა ეკონომიკის სამხედრო ლიანდაგებზე გადაყვანა და თანაც უკვე დიდ სამხედრო დახმარებას უწევენ ირანი და ჩრდილოეთი კორეა.

რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის გამარჯვების შანსს საპრეზიდენტო არჩევნებში, ის ტრამპისას უტოლდება, თუმცა ჰარისის გაპრეზიდენტების შემთხვევაში არ იქნება მოსალოდნელი ძირეული შიდა და გარე ცვლილებები აშშ-ის პოლიტიკაში - დემოკრატები გააგრძელებენ თავიანთ კურსს, თუმცა იქნებიან რესპუბლიკელი ოპონენტების მუდმივ წნეხში, რომლებსაც კონგრესის მართვის სადავეები აქვს ხელში აღებული.

ყველა ვარიანტში აშშ-ის 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან რთულ ვითარებაში ჩაივლის, რაც შეიძლება გადაიზარდოს თვით ამერიკელ საზოგადოებაში დაპირისპირებაშიც კი.