საფრთხე, რომელმაც საქართველო შესაძლოა მაჩანჩალა ქვეყნად აქციოს
ქვეყანაში განვითარებულ კრიზისს, რომელიც არჩევნებს მოჰყვა, გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სდევს, რომელიც მანამდე თუ იყო, ახლა უფრო გამწვავდა - ახალგაზრდები ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ უნდათ ცხოვრება და მიდიან ევროპასა თუ ამერიკაში. ფაქტობრივად, ქვეყანა ინტელექტისაგან იცლება. ამას "ტვინების გადინებას" უწოდებენ. "კვირის პალიტრა" ამ თემაზე თსუ-ის პროფესორს, დემოგრაფ გიორგი მელაძეს ესაუბრა:
"ინტელექტუალური ადამიანების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება"
- ტერმინი "ტვინთა გადინება" გულისხმობს განათლებული და მაღალკვალიფიციური პირების გადინებას განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულში. ეს ადამიანები ინტელექტუალურ მიგრანტებად მოიაზრებიან, მათ უნდა მივაკუთვნოთ მეცნიერები, ინჟინრები, ექიმები და სხვა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. ტვინთა მიგრაცია დააჩქარა და გარდაუვალი გახადა თანამედროვე მსოფლიოში ტრანსპორტის, ტექნოლოგიების განვითარებამ, გლობალიზაციის პროცესის გაძლიერებამ. მომავალში ტვინთა გადინება გაიზრდება მსოფლიოში და საქართველოსაც შეეხება. ჩვენში ტვინთა გადინება საბჭოთა პერიოდში თითქმის არ იყო. ამას ხელი საბჭოთა კავშირის დაშლამ შეუწყო. 90-იანებში უზარმაზარი ემიგრაციული ტალღა იყო, რომელშიც მნიშვნელოვან წილს მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილი შეადგენდა.
შეინიშნება ტენდენცია, რომ მიგრაციისაკენ განათლებული ადამიანები არიან მიმართული, იმიტომ, რომ მათ მეტი შანსი აქვთ, მით უმეტეს, თუ ენებიც იციან, საზღვარგარეთ მოძებნონ შესაფერისი სამსახური. ტვინთა გადინება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. უპირველესად ესაა უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, პოლიტიკური არასტაბილურობა და რაც მთავარია, უკეთესი ცხოვრების სურვილი. ვერ ვიტყვი, რომ ვინც საზღვარგარეთ მიდის, ყველა გაჭირვებულია და ცუდად ცხოვრობს. მათ შორის ვიცნობ ისეთებს, ნამდვილად წარმატებულიც რომ არიან, აქაც კარგი პირობები აქვთ, მაგრამ უკეთესი უნდათ, ეს არ აკმაყოფილებთ. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ითქმის... ჩვენ არა გვაქვს ისეთი კარგი ეკონომიკური სიტუაცია, როგორიც დასავლეთის ქვეყნებშია, და ეს უბიძგებს ახალგაზრდებს წავიდნენ დასავლეთში.
ტვინების გადინების პროცესი ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს: პირველი - როდესაც განათლებული ადამიანი მიდის ემიგრაციაში იმ მიზეზით, რომ თავის ქვეყანაში ვერ დასაქმდა შესაფერისად. სამაგიეროდ, მისი პროფესია მოთხოვნადია სხვა ქვეყანაში, თანაც მაღალი ანაზღაურებით. ამ შემთხვევაში ემიგრანტი უზრუნველყოფს თავსაც და ოჯახსაც. არის შანსიც, რომ ის დაბრუნდეს უფრო განვითარებული პროფესიული უნარებით, გამოცდილებით და აქ იპოვოს მაღალანაზღაურებადი სამსახური. ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას, რომ აქ ღირსეულად დასაქმდნენ. ეს ოპტიმისტური სცენარია - წავიდეს, იმუშაოს და დაბრუნდეს. არის ასევე პესიმისტური სცენარი - საქართველოდან მიდის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც აქ დაბალი ხელფასი აქვს. ის საზღვარგარეთ, მისდა სამწუხაროდ, თანხმდება ნაკლებად შესაფერის სამსახურს, მაგრამ მაღალანაზღაურებადს. ასეთ ვითარებაში ეს სპეციალისტი უკვე დეკვალიფიკაციას განიცდის.
- გარკვეული ხნის შემდეგ, როცა იქ ფეხს იკიდებენ, ბევრს ოჯახიც მიჰყავს...
- სტატისტიკას გავეცანი და საინტერესო რამ ვნახე, - 2023 წელს ქვეყნიდან გასულების 47% 0-დან 19 წლამდე ადამიანებს შეადგენს. ადრე ასე არ ყოფილა - 2003 წელს 19-%-მდე იყო ეს მაჩვენებელი, 2013 წელს - 15%-მდე... ამან ძალიან დამაფიქრა. დიახ, ეტყობა, ოჯახებით მიდიან, რადგან ქვეყნიდან გასულთა შორის დაბალი ასაკის ადამიანების წილი ძალიან მაღალია.
- დღეს ბევრი ფიქრობს ქვეყნიდან წასვლას და დიდი სურვილი იქნება, რომ 2024 წლისთვის ეს სტატისტიკა გაზრდილი არ იყოს.
- გეთანხმებით. დემოგრაფი ვარ, პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი, თუმცა ამ საზოგადოების შვილი ვარ და ღმერთმა ქნას, ეს პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. ჩვენთან ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა უარყოფითი სალდო, ანუ ჩამოსულებსა და წასულებს შორის სხვაობა. 2020 წელს დადებითი იყო, ჩამოსულები წასულებზე 15 ათასზე მეტი იყვნენ. ეს გასაგებიცაა, იმიტომ, რომ ბევრი დაბრუნდა, პანდემიის გამო ზოგი სამსახურის გარეშე დარჩა. სხვათა შორის, ეს იყო პირველი შემთხვევა, 1990-დან 2020 წლამდე სალდო სულ მინუსი იყო. 2021 წელს მინუს 26 ათასი გვქონდა, ანუ წასული 26 ათასით მეტი იყო. 2022 წელს საოცრად მაღალი დადებითი სალდო იყო, თითქმის 55 ათასზე მეტი ჩამოვიდა, რაც გამოიწვია იმან, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ. 2023 წელს უკვე ისევ მინუსებში ვიყავით, 39 ათასზე მეტით.
- ასეთი მინუსი მანამდე გვქონია?
- 2002 წლიდან აღარ გვქონია, მანამდე, 1990-იანი წლების შუა პერიოდში, 1994 წელს მინუს 194 ათასი იყო. რაც "ოცნება" მოვიდა, მინუსები იყო, მაგრამ მცირედ, ასეთი მაღალი არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ საერთოდ ემიგრაციაზე, მაგრამ ტვინთა გადინებაში ყველა ხომ ვერ მოხვდება. უნდა ვიანგარიშოთ, რომ დაახლოებით 40%-ია ისეთი პირებისა, რომელთაც ტვინთა გადინებას მივაკუთვნებთ. მაგალითად, 2023 წელს საქართველოდან გავიდა 245 ათასი კაცი. აქედან 40%, დაახლოებით, 98 ათასს შეადგენს. საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.
ხელისუფლებამ რაღაცნაირად უნდა გადაჭრას ეს საკითხი, ახალგაზრდები უნდა დაასაქმოს ღირსეული ანაზღაურებით. ინტელექტუალური ადამიანების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.
სინგაპურის მაგალითს მოგიყვანთ - 1965 წელს სინგაპური გარიცხეს მალაიზიის კავშირიდან და ქვეყანა აბსოლუტურად მარტო დარჩა. სინგაპური კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფოა. ძალიან პატარაა, სასმელი წყალიც არ ჰქონდათ, მილებით შემოჰყავდათ კონტინენტიდან, ბუნებრივ რესურსებზე ლაპარაკიც ზედმეტია. სამაგიეროდ, ჰყავდათ ძალიან კარგი ხელმძღვანელი, ლი კუან იუ, შემდგომში პრემიერ-მინისტრი. თანამოაზრეებთან ერთად მან აიღო ასეთი პრინციპი - მოაგროვეს ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდები, მნიშვნელობა არ ჰქონდა, გავლენიანი მშობლის შვილი იყო თუ არა. ძალიან დიდი თანხები აიღეს უცხოეთის ბანკებიდან და ის ახალგაზრდები დააფინანსეს, გაუშვეს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, ოღონდ იმ პირობით, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, რაც გაკეთდა კიდეც. აი, იმ ახალგაზრდებმა შექმნეს მერე სინგაპური ისეთი, როგორიც დღეს არის...
თუ ასე გაგრძელდება, რასაც ჩვენი სტატისტიკა გვიჩვენებს, ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ტვინთა გადინებას უარყოფითი გავლენა ექნება ინტელექტუალური ემიგრაციის წარმომშობ ქვეყანაზე ანუ საქართველოზე. ეს ყველაფერზე უარყოფითად აისახება, დემოგრაფიულ სიტუაციაზეც. არავის შრომას არ ვაკნინებ, გლეხი იქნება, მუშა თუ ხელოსანი, მაგრამ ქვეყანა წინ მაინც ინტელექტუალებს მიჰყავთ.
"ტვინების გადინება უკავშირდება ორ გარემოებას - წმინდა ეკონომიკურს და პოლიტიკური ვითარების გაუარესებას ან აღქმაში ცვლილებას"
იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - ტვინების გადინება, საზოგადოდ, ემიგრაცია არახალია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან ახასიათებს. თავიდან მეტწილად ეთნიკური მიგრაცია იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ საქართველოში მცხოვრები ბერძნები, ებრაელები და სხვა. ამან გამოიწვია ეთნიკური ჰომოგენურობის, ანუ ერთგვაროვნების ზრდა ქვეყანაში. ეს პროცესი შემდგომშიც და "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც მეტ-ნაკლებად გრძელდება.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 316 550-ზე მეტი გავიდა, ვიდრე იმავე პერიოდში შემოვიდა საქართველოს მოქალაქე. გასულთა დიდი ნაწილი შრომისუნარიან ასაკში მყოფი მაღალი პოტენციალის, განათლების მქონე პირია. შეიძლება ითქვას, მიგრაციის სალდოს გარკვეული ნაწილი ყალიბდება იმ რესურსით, რასაც ტვინების გადინებას ვუწოდებთ. მათ მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე, საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი მოთხოვნების ადეკვატურ კონდიციამდე აყვანაზე მნიშვნელოვანი სახსრები იხარჯება დონორ ქვეყანაში ანუ საქართველოში ან ისეთ ქვეყანაში, რომელიც ახორციელებს ასეთი ადამიანების "ექსპორტს". რა გამოდის? ღარიბი ქვეყანა ამზადებს კადრებს, ხარჯავს რესურსებს და შემდეგ ამ რესურსებს იყენებს მიმღები ქვეყანა. თუ მონეტარული ფორმით ქვეყანა იღებს დახმარებას სხვა ქვეყნებიდან, ეს იქნება ორმხრივი თუ მრავალმხრივი, ანუ შედარებით განვითარებული ქვეყნები დახმარებას უწევენ განვითარებად ქვეყნებს, ან კიდევ ფინანსური ინსტიტუტები ტრანშებს გამოუყოფენ, მაგალითად, ევროკავშირი, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები, სამაგიეროდ, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს სამუშაო ძალა, რომელიც უკვე განვითარებულ ქვეყანაში ქმნის დამატებით დოვლათს, მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციას, რომლის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ მონეტარულ დახმარებას, რასაც ეს დონორი ქვეყანა იღებს უცხოეთიდან.
მარტივ მაგალითს გეტყვით - 2023 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ 4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. როგორც წესი, გამომუშავებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იგზავნება სამშობლოში, და ხმარდება ადგილზე მოსახლეობის არსებობას, კვებას, ჩაცმას, ბინის ქირას და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ ხელფასის წილს მიმღები ქვეყნის ეკონომიკაში, ჯამურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში არიან, წელიწადში ქმნიან დაახლოებით 16-დან 20 მილიარდ დოლარამდე დამატებულ ღირებულებას - გასული წლის დაახლოებით 30 მილიარდ დოლარის ფარგლებში, ანუ ნახევრიდან ორ მესამედამდე იმისა, რაც ქვეყანაში იქმნება. ეს ნიშნავს, რომ ისინი ექცევიან იმ ქვეყნის ფისკალური პასუხისმგებლობის სფეროში, სადაც საქმიანობენ, გადასახადებს უხდიან იმ ქვეყანას, რომელმაც ისინი დაასაქმა, საქართველოს და მის მსგავს ქვეყნებს კი ეს რესურსი აკლდებათ. თანაც ზოგადი კანონზომიერებაა, რომ ერთი მაღალკვალიფიციური პირის ემიგრაცია იწვევს გამშვებ ქვეყანაში 10 დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილის შემცირებას. ანუ ერთი პიროვნება მდგომარეობას იუმჯობესებს იმით, რომ წავიდეს და თავისი ცოდნის, კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმდეს, მაგრამ მის ქვეყანაში ამას მოჰყვება განვითარების, ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შედარებით დასუსტება და 10 დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილის შემცირება.
- ვინაა ამაში დამნაშავე?
- გლობალიზაცია და სამუშაო ძალის მობილურობის გაზრდა, ეკონომიკური და ადმინისტრაციული საზღვრების ფაქტობრივი მოშლა განაპირობებს იმას, რომ ადამიანები უფრო თავისუფლად გადაადგილდებიან. უცხოეთიდან ხდება თანხების რეპატრიაცია ისტორიულ სამშობლოში. ეს ეხმარება მათ ოჯახებს, თუმცა იმის გამო, რომ ეს თანხა შემოდის ქვეყანაში, იზრდება ერთეული მოთხოვნა ადგილზე და ეს იწვევს ფასების გაზრდას, მაგრამ ფასების გაზრდა ეხება აბსოლუტურად მოსახლეობის ყველა ფენას, ხოლო ემიგრანტთა კონტინგენტის წილი, ანუ იმ ოჯახების წილი, საიდანაც ემიგრაციაში არიან წასული, არ აღემატება 25%-ს. გამოდის, 25% იღებს დახმარებას უცხოეთიდან ემიგრანტი ოჯახის წევრების ხარჯზე, მაგრამ ამისათვის გაზრდილი ფასების ატანა უწევს მთელ საზოგადოებას. თანაც როდესაც თანხა შემოდის ქვეყანაში, ეს მოტივაციას უქმნის ახალგაზრდებს თვითონაც შეძლონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნარ-ჩვევების რეალიზაცია.
რამდენიმე წლის წინ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მაღალი კურსის სტუდენტებს შორის ჩატარდა კვლევა რომლითაც გამოვლინდა, რომ უმაღლესის დამთავრების შემდეგ დაახლოებით 45% აპირებს უცხოეთში სწავლის ან შრომითი საქმიანობის ერთდროულად გაგრძელებას, ხოლო უკან დაბრუნებაზე მხოლოდ 80%-მდე ამბობს თანხმობას, დანარჩენს ან აზრი არა აქვს ჩამოყალიბებული, ან აპირებს დარჩენას.
- რა უნდა ქნას ქვეყანამ, რომ წამსვლელთა რიცხვი შემცირდეს?
- რამდენიმე მიზეზია, და ერთი წმინდა ეკონომიკურია. თუ შემოსავლების მაჩვენებელი უცხოეთში არსებულს დაეწევა, მაშინ გასვლის ეკონომიკური მიზეზები ნაკლები იქნება. ამას უნდა დაემატოს აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა. ამას სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, წაახალისოს შობადობა. ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება. უნდა შევქმნათ პირობები მეცნიერული საქმიანობისთვის.
"დარწმუნებული ვარ, კიდევ მოიმატებს გადინება, ძირითადად ახალგაზრდების ხარჯზე"
ზვიად ჭუმბურიძე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი: - ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ ტვინების გადინების საკითხი მოაგვაროს. ჩვენში ეს პროცესი 90-იანი წლებიდან მტკივნეულად დადგა. ბევრი ექსპერტი, მეცნიერი ცდილობდა, ადგილი დაემკვიდრებინა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში. პროცესი არ ჩერდება. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, დარწმუნებული ვარ, კიდევ მოიმატებს გადინება, ძირითადად ახალგაზრდების ხარჯზე.
ქვეყანას არა ჰყავს ის რეზერვი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო დონეზე დაგეგმოს და განავითაროს ეკონომიკის, სამეცნიერო, დარგობრივი საწარმოები და სხვა. ამიტომ მთავარია, როგორმე დავიწყოთ დაბრუნების პროცესი.
- თუ ვერ შევძელით?
- უნდა შევძლოთ, სხვა შემთხვევაში მძიმე ვითარებას მივიღებთ - ადამიანები არ იქნებიან, ვინც ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებენ. სამეცნიერო თუ საექსპერტო თვალსაზრისით უკვე აშკარად დეფიციტია. ამის მერე ჩნდება ვაკუუმი, რომლის შევსებაც 5-7 წლის მერე გაცილებით გაჭირდება.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან გეოლოგიურ კვლევებს საჭიროებენ, უკვე სპეციალისტები აღარ გვყავს. შეიძლება ითქვას, ლიმიტი ამოვწურეთ. თითოეულ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც საქართველოში სხვადასხვა დონორი ახორციელებს, პროფესიონალები სჭირდება. ამიტომ საზღვარგარეთიდან უნდა დავაბრუნოთ ახალგაზრდები, ის, ვინც გამოცდილება მიიღო, მომზადებული და მოტივირებულია, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს. სწორედ აქ უნდა იყოს განათლების სამინისტროს სახელმწიფო ინტერესი, ბიუჯეტში იყოს თანხები გათვალისწინებული, რათა მომზადებული, ევროპაში განათლებამიღებული ადამიანები დაბრუნდნენ და შექმნან ამ ქვეყნის ფუნდამენტური განვითარების საფუძველი.
"დავიღალე! აღარ მინდა მიტინგი"
ანანო: - რატომ მივდივარ? იმიტომ, რომ მინდა ჩემს შვილს ჩემნაირი ყოფა არ ჰქონდეს. აღარც მახსოვს, ბოლოს რა გაგვიხარდა. ჰო, ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება... ძლივს გაცინებული ხალხი დავინახე. დავიღალე! აღარ მინდა მიტინგი. აღარ მინდა გესლიანი, ცინიკური, სიძულვილის მფრქვეველი პოლიტიკოსების გამოსვლები. აღარ მინდა ხელფასიდან ხელფასამდე თავი გამქონდეს ბევრ რამეზე უარის თქმის სანაცვლოდ. ვალების აღება აღარ მინდა. მინდა მეორადების ფუთებში აღმოჩენილი სამოსი არ შეადგენდეს ჩემი გარდერობის 90%-ს. განა ბევრი რამ მინდა?! არც შრომა მეზარება და არც სწავლა-განათლება დამზარებია არასდროს, მაგრამ მაინც არ მეშველა. მარტო ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი აღარაა ქვეყანაში, ზოგი ევროპაში წავიდა, უმრავლესობა - ამერიკაში, ზოგი სასწავლო პროგრამით და დარჩა, ზოგიც მექსიკით. განა არ ვიცი, რომ იქ ვარდებით მოფენილი გზა არ მექნება, მაგრამ იქ თავდაუზოგავ შრომას შედეგი მოჰყვება, აქ კი ბავშვობაში ცირკში ნანახი ციყვივით ვართ, წრეში რომ ტრიალებს. ჩქარა იტრიალებს, ნელა თუ ძალიან მოინდომებს და თავდაუზოგავად გაქროლდება, შედეგი ერთი აქვს! ეჰ, ამ ქვეყანაში ხალხის დრო არასდროს არ დადგა... წრეზე გვატრიალებენ!
"არჩევნების შედეგმა თითქმის მოკლა იმედი"
თეონა: - ბოლო ხუთი წელია დასაქმებული ვარ მესამე სექტორში, კერძოდ, ვთანამშრომლობ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პროექტებზე. ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი ვარ. პროექტები, რომლებზეც აქამდე მიმუშავია, შეეხებოდა გენდერსა და სოციალურ ინკლუზიას, განათლებას, სოფლის, ახალგაზრდების განვითარებას და სხვა. ახლა სამუშაოდ გერმანიაში მივდივარ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების, უცხოური გავლენის კანონის გამო. საერთაშორისო პროექტები, რომლებიც საქართველოში უნდა განხორციელებულიყო და შეეხებოდა ახალგაზრდების განვითარებას, აღარ განხორციელდა/დაფინანსდა და ჩანაცვლდა სხვა მეგობრულად განწყობილი ქვეყნებით. შესაბამისად, საფრთხე დაემუქრა იმ ორგანიზაციებს, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ. საზოგადოებაში გამძაფრდა სამოქალაქო სექტორის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება. ამიტომაც მიწევს კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომ ავუხსნა ჩემი საქმიანობის სიკარგე, "თავი ვიმართლო", რატომ არ მსურს აგენტად რეგისტრირება და ასე შემდეგ. მივიღეთ ჰომოფობიური კანონი, ოფშორების კანონი, ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, მაგრამ შევაჯამებ: უამრავ საქმის გამკეთებელ ორგანიზაციას შეექმნა პრობლემა, უამრავი პროექტი დაიბლოკა, ხოლო არჩევნების შედეგმა თითქმის მოკლა იმედი, რომ უკეთესობისკენ შეიცვლება რამე. მით უმეტეს, უკვე ყოველდღიურად ველოდები შემზარავ განცხადებებს, რუსულ ორბიტაზე სვლას, არეულობასა და სიბნელეს.
- რა შემთხვევაში არ წახვიდოდით?
- თუ მეცოდინებოდა, რომ მომდევნო ოთხი წელი საქართველოში სიტუაცია კი არ დამძიმდებოდა, არამედ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მაგალითად, დასავლეთთან გავაგრძელებდით მეგობრულ ურთიერთობასა და პარტნიორობას, ევროკავშირში გაწევრებისთვის აზრიან ნაბიჯებს გადავდგამდით. შრომითი ბაზარი იქნებოდა მიმზიდველი, ჩემი საქმიანობა - დაფასებული.… დღევანდელი ქართული პოლიტიკა ძალიან ცუდად მოქმედებს მოსახლეობაზე - ყოველ მეორე ოჯახსა და მეგობრების წრეში კამათი და დაპირისპირებაა და ეს გამოიწვია ზიზღის ენამ და საზოგადოების ნაწილის მტრად გამოცხადებამ, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, სექსუალური უმცირესობა თუ სხვა.
- თქვენი წასვლა პერსპექტიული შემოთავაზების შედეგია თუ გამოსავალი?
- გამოსავალია, რადგან დიდი ხნით ემიგრაციაში წასვლა ჩემს გეგმებში არ შედიოდა. ჩემი ნაცნობების უმრავლესობა, რომლებსაც შარშანდლამდე არც უფიქრიათ ქვეყნის დატოვებაზე, წელს უკვე ეძებენ ევროპაში წასვლის შესაძლებლობებს. ისინი, ვინც დღეს ემიგრაციაშია, მაგალითად, სასწავლებლად, უკან დაბრუნებას აღარც აპირებენ.
- როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხვალინდელი დღე?
- ძალიან მიჭირს თქმა, ჯერ გამოსავალი არ ჩანს. ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანა დაიცლება პერსპექტიული, აქტიური, განათლებული და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე მოსახლეობისგან.
"მინდა შრომა დამიფასდეს, აქ ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ"
ნიკა: - კომაროვი დავამთავრე, ახლა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. 100%-იანი გრანტით ჩავაბარე, ამჟამად სტიპენდიატიც ვარ. ძალიან ბევრს ვმუშაობ და ბუნებრივია, მინდა შრომა დამიფასდეს, მაგრამ თუ საქართველოში დავრჩი, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. იცით, პოლიკლინიკის ექიმებს რამდენი აქვთ ხელფასი? უკვე ვემზადები, აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდების ჩასაბარებლად, რათა იქ გავაგრძელო სწავლა. ვიცი, მით უმეტეს, ჩემნაირი ოჯახისშვილისთვის, რომელსაც არა აქვს ფინანსური უზრუნველყოფის არანაირი საშუალება, ეს დიდი გამოწვევაა, ამიტომ ეს სიმძიმეც ჩემს გონებრივ შესაძლებლობებზე უნდა გადავანაწილო. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, აშშ-ში დავრჩები სამუშაოდ. ღმერთმა ქნას, შეიცვალოს სიტუაცია... ჯერ ამის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რასაც უდიდესი გულისტკივილით გეუბნებით.