"იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა ადამიანი, დაწესებულება, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ" - ქართველი "შინდლერების" თავგადასავალი: ვინ არიან "მსოფლიო ხალხთა მართალი შვილები" - კვირის პალიტრა

"იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა ადამიანი, დაწესებულება, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ" - ქართველი "შინდლერების" თავგადასავალი: ვინ არიან "მსოფლიო ხალხთა მართალი შვილები"

ყველას უნახავს შეუდარებელი ფილმი "შინდლერის სია",

რომლის მთავარმა გმირმა ათასობით ებრაელი იხსნა ტანჯვით სიკვდილისგან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ "ქართველი შინდლერებიც" არსებობდნენ - სწორედ ასე უწოდებენ ებრაელები ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს დიდი სიკეთე ჩაიდინეს. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ფერაძე, მიხეილ კედია, სერგო მეტრეველი, საბა კლდიაშვილი და სხვები... ჩვენც, სწორედ ამ საოცარი ადამიანების ცხოვრებაზე გიამბობთ:

მიხეილ კედიას ტრაგედია

აბვერის და "გესტაპოს" თანამშრომელი, მიხეილ კედია, გერმანელებს შორის ნდობით და მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „ქართველი შინდლერი“, რადგან ნაცისტების კლანჭებისგან არაერთი ქართველი ებრაელი იხსნა. ყველაფერი 1902 წელს, ზუგდიდში დაიწყო, სადაც კედიების ოჯახში პატარა ბიჭუნა დაიბადა. მშობლები თავიდანვე ზრუნავდნენ მის განათლებაზე და სასწავლებლად თბილისის პირველ გიმნაზიაში მიაბარეს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ის საქართველოს მთავრობამ, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, უცხოეთში გაგზავნა. მიხეილ კედია ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში სწავლობდა, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და საფუძვლიანი განათლება მიიღო. მერე კი, საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ის იყო ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და აქტიურად მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის“ საქმიანობაში. გერმანელები მას პატივს სცემდნენ, კედია მათი ნდობით სარგებლობდა და ყველანაირად ცდილობდა, ჩაგრული ადამიანები დაეცვა, მათ შორის, ქართველი ემიგრანტებიც. სწორედ ის დაეხმარა ქართველ მაჰმადიანებს, რომლებსაც დეპორტაციას უპირებდნენ. მალე, გერმანელებმა პარიზში მცხოვრები ქართველი ებრაელების დაპატიმრებაც დაიწყეს, მათ შორის იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე - იოსებ ელიგულაშვილი, რომელიც მიხეილ კედიას ჩარევით, გერმანელებმა საპატიმროდან გამოუშვეს. მიხეილ კედიამ შექმნა მითი, რომ ქართველ მაჰმადიანთა მსგავსად, ქართველი ებრაელებიც ეთნიკურად ქართველები იყვნენ, ხოლო რწმენით - მოსეს რჯულის მიმდევარნი. მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველთა დიასპორამ ნაცისტების წარმომადგენლობას გაუგზავნა წერილი, რომ ქართველებსა და ებრაელებს საერთო ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული ჩვეულებები აქვთ. ამ წერილში აღნიშნული იყო, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, ეთნიკური ქართველები იყვნენ. ეს წერილი გერმანელებისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა და ქართველი ებრაელები დიდ განსაცდელს გადაურჩნენ.

მიხეილ კედიას სურდა, რომ საქართველო ბოლშევიკური მარწუხებისგან თავისუფალი ენახა. ქართული ემიგრაციის ნაწილის მსგავსად, ისიც ფიქრობდა, რომ გერმანელების მხარდაჭერით, საქართველოს გათავისუფლებას შეძლებდნენ. ის ხშირად ჩადიოდა ბერლინში საქართველოს მოქალაქეთა დასაცავად, ნაცისტების სასტიკ პოლიტიკას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და ძირითადად, ჰიტლერთან დაპირისპირებულ, გავლენიან გერმანელებთან მეგობრობდა. 1944 წლის აპრილში, მათი დახმარებით, მიხეილ კედიამ გერმანია დატოვა და თავი შვეიცარიას შეაფარა. ამ დროს, ის საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ფრანგები „სამხედრო დამნაშავედ“ მიიჩნევდნენ, ხოლო საბჭოთა მთავრობა მის ექსტრადირებას მოითხოვდა. ის ამ განსაცდელს გადაურჩა და 1946 წლის 3 მაისს, ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება, სადაც წერდა, რომ მან არაერთი ებრაელი გადაარჩინა. მიხეილ კედიას ჩვენებას თან ახლდა დოკუმენტები, რომლებიც მის სიმართლეს ადასტურებდა. მიხეილ კედიას დიდხანს არ უცოცხლია: 1953 წელს, სამშობლოსგან მოწყვეტილმა, უკვე დასუსტებულმა და დაავადებულმა მიხეილ კედიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წმ. გრიგოლ ფერაძის თავგანწირვა

ქართველ წმინდანთა დასს არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სახელიც ამშვენებს, რომლის თავგანწირვაზე ბევრჯერ თქმულა და დაწერილა. ეს გახლდათ დიდი ნიჭისა და განათლების მქონე თეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც სასულიერო ცხოვრების გზა აირჩია. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს, სოფელ ბაკურციხეში, სიღნაღის მაზრაში დაიბადა, მღვდლის ოჯახში. მისი დედა - მარიამ სამადაშვილიც სასულიერო პირის ქალიშვილი იყო. 1918 წელს, გრიგოლმა სწავლა განაგრძო ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში - საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. ეს იყო ურთულესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როცა აქ რუსული არმია შემოვიდა და საქართველომ დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება დაკარგა. გრიგოლ ფერაძე, თავის ორ ძმასთან ერთად იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ, მას დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში გაგზავნა მასწავლებლად. 1921 წელს, გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე, მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის საკითხი გადაწყდა. გრიგოლ ფერაძე ბერლინის და ბონის უნივერსიტეტებში სწავლობდა და მოკლე ხანში 16 ენა შეისწავლა. 1931 წლის 18 აპრილს, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მეცნიერი, ლონდონის წმ. სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა და პარიზში გაგზავნეს, მის მიერვე დაარსებულ წმ. ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე იღვწოდა. მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". შემდეგში, გრიგოლ ფერაძე ვარშავაში მიიწვიეს, მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. ევროპაში დარჩენა გრიგოლ ფერაძის არჩევანი არ ყოფილა. მას გულით უნდოდა საქართველოში დაბრუნებულიყო, საბჭოთა საკონსულოსაც მიმართა, მაგრამ ნებას არ რთავდნენ. შემორჩენილია წერილი, რომელშიც იგი კორნელი კეკელიძეს სწერს: „რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში? რა დავაშავე?!“

სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა, მაგრამ საზღვარგარეთ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და ქართულ კულტურას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ემსახურებოდა. გრიგოლ ფერაძემ უდიდესი შრომა გასწია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების მოძიება-შესწავლის საქმეში. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, ქართული განძის გადარჩენაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის. მეორე მსოფლიო ომის დროს, მამა გრიგოლი ხშირად იფარავდა ფაშისტების მიერ დევნილ ადამიანებს, განსაკუთრებით, ებრაელებს, რის გამოც შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს, მამა გრიგოლმა, ერთ-ერთი მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი თავის თავზე აიღო და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში. ის მაშინ მხოლოდ 43 წლისა იყო. 1995 წელს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა.

ვინ არიან „მსოფლიო ხალხთა მართალი შვილები"

სერგი (სერგო) ვასილის ძე მეტრეველი 1906 წელს საქართველოში, ონის რაიონის სოფელ უწერაში დაიბადა. ის ღვინის მწარმოებელი იყო და თავის კომპანიონთან, ივანე გუგეშაშვილთან ერთად, ჩრდილოეთ კავკასიაში - ქალაქ კისლოვოდსკში მოღვაწეობდა. 1942 წლის აგვისტოში გერმანელები ქალაქის სიახლოვეს გამოჩნდნენ. უკვე ყველამ იცოდა, რა ბედი ელოდა ნაცისტების ხელში მოხვედრილ ებრაელებს. სერგი მეტრეველი და ვანო გუგეშაშვილი მათ დაეხმარნენ, რომ ქალაქი დაეტოვებინათ. ერთ-ერთმა ებრაელმა, არკადი რაბინოვიჩმა, თავისი შვილი პეტრე და მისი მეგობარი - 16 წლის ემილ ზიგელი სერგო მეტრეველს მიუყვანა და მათი დამალვა სთხოვა. თავად ოთხი შვილის პატრონმა, სერგო მეტრეველმა ემილისთან ერთად ქალაქიდან ექვსი ებრაელი გაიყვანა. ისინი ტყე-ტყე მიდიოდნენ მამისონის უღელტეხილის გავლით. 16 დღე და ღამე დათოვლილ კლდეებსა და გაუვალ ტყეებში იარეს და როგორც იქნა, სოფელ უწერას მიაღწიეს. გზაში ემილი ტროპიკული მალარიით დაავადდა. ბიჭი, სახელდახელოდ შეკრული საზიდრით, რიგრიგობით ატარეს და, როგორც იქნა, უწერამდე მივიდნენ, სადაც სერგო მეტრეველის მშობლები და ნათესავები ცხოვრობდნენ. ავადმყოფი ემილ ზიგელი იქ დატოვეს, ხოლო თავად თბილისში ჩამოაღწიეს. სერგოს მშობლებმა ემილს მზრუნველობა არ მოაკლეს, ორ კვირაში ფეხზე დააყენეს და მალე ისიც გაისტუმრეს.

ემილ ზიგელის და სერგო მეტრეველის მეგობრობა ომის შემდეგაც გაგრძელდა: გამარჯვებიდან პირველივე წელს - 1946-ში, ზიგელი კისლოვოდსკში ჩავიდა, სადაც ნაცისტების მიერ დახვრეტილი მშობლების საფლავი და თავისი მხსნელი - ძია სერგო ეგულებოდა. სერგო მეტრეველის გარდაცვალების შემდეგ, მეგობრობა მის ვაჟთან, კარდიოლოგ აბელ მეტრეველთან გააგრძელა. გადიოდა წლები. ემილ ზიგელი პოლკოვნიკის რანგში სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. სწორედ იქ გაიგო, რომ არსებობდა მემორიალური მუზეუმი „იად ვაშემი“, სადაც ებრაელთა გადამრჩენელ გმირებს პატივს მიაგებდნენ. აკადემიკოსმა ზიგელმა წერილით მიმართა მუზეუმს, თავისი ისტორია უამბო და მის ხელთ არსებული, დოკუმენტებიც გადასცა. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც ყველაფერი საფუძვლიანად შეისწავლა და 2004 წლის 30 მაისს, ერთადერთ ქართველს - სერგო მეტრეველს, ებრაელებმა „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების“ წოდება მიანიჭეს. სერგო მეტრეველის სახელი სპეციალურ დაფაზე ამოკვეთეს და მის სახელზე ხეც დარგეს. მამის კუთვნილი მედალი და სიგელი 2005 წლის მაისში, მისმა შვილმა - აბელ მეტრეველმა მიიღო.

"შინდლერი" მე-19 საუკუნის ქუთაისიდან

საბა კლდიაშვილი, სხვა ქართველ "შინდლერებთან" შედარებით ადრე მოღვაწეობდა და მეორე მსოფლიო ომს ვერ მოესწრო. საბა 1873 წელს, ქუთაისში დაიბადა. მისი მამა, პოლკოვნიკი გრიგოლ კლდიაშვილი, წარმოშობით სოფელ სიმონეთიდან იყო, ხოლო დედა – გამორჩეული მსახიობი გახლდათ - ეფროსინე ყიფიანი-კლდიაშვილისა - დიდი მამულიშვილის, დიმიტრი ყიფიანის ძმისშვილი. ეფროსინე თავისი დროისთვის განათლებული ქალი ყოფილა - კარგად იცოდა რუსული და ფრანგული ენები, წერდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებისთვის და მთელი „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდა. კლდიაშვილების ოჯახი ქუთაისში პატივისცემით სარგებლობდა. ცნობილია, რომ მარჯორი და ოლივერ უორდროპები ამ ქალაქში სტუმრობისას, ყოველთვის მათ სახლში ჩერდებოდნენ. კლდიაშვილებმა თავიანთ შვილებს კარგი განათლება მისცეს. საბა ქიმიით დაინტერესდა და ამ სფეროში დიდი მიღწევებიც ჰქონდა. სრულიად ახალგაზრდა მეცნიერი რამდენჯერმე გაუშვეს სასწავლებლად ბერლინის და გეტინგენის უნივერსიტეტებში. ის 1902 წლიდან თანამშრომლობდა ბერლინის ჟურნალებში, აქვეყნებდა სტატიებს და ძალიან საინტერესო გამოკვლევებს ატარებდა. საბა კლდიაშვილი ავტორია პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი – „მოკლე მინერალური ქიმია“. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო და ქალაქ ოდესაში მოღვაწეობდა, სადაც 1905 წელს, მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მიერ ებრაელთა თემის დარბევა დაიწყო. ქართველმა მეცნიერმა დარბევას გადაარჩინა ოდესელ ებრაელთა ოჯახი, რის გამოც, შავრაზმელებმა მოკლეს. მისი ცხოვრების დასასრული ძალიან კარგად არის ნაჩვენები გურამ ბათიაშვილის რომანში - „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ!“

საბა კლდიაშვილის სიცოცხლის ბოლო დღე ჩვეულებრივად დაიწყო: 1905 წლის 5 ოქტომბერს, ის ადრე მივიდა ლაბორატორიაში და ქიმიური ცდების ჩატარება განაგრძო. ამ დროს, ამცნეს, რომ ოდესაში უდანაშაულო ებრაელი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა. არც ქალებს ინდობდნენ, არც ბავშვებს და არც მოხუცებს. საბამ სასწრაფოდ შეკრიბა ოდესის უნივერსიტეტის ქართველი ახალგაზრდობა და მოუწოდა უდანაშაულო ადამიანები ერთად დაეცვათ. თერთმეტი სტუდენტიდან საბას ცხრა გაჰყვა და ქართველების ათკაციანი ჯგუფი უბედურების ადგილისკენ გაემართა. საბა კლდიაშვილი პირველი ჩაება ხელჩართულ ბრძოლაში, ყველანაირად ცდილობდა, დაჩაგრულებს დახმარებოდა, მაგრამ ერთ-ერთი შავრაზმელის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. საბა კლდიაშვილის დაკრძალვის ცერემონიალი – ოდესიდან საქართველომდე – სახალხო გლოვის საოცარ გამოვლინებად იქცა. საბას ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს და ქალაქის ცენტრში, მთავარანგელოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა არც ერთი დაწესებულება, საზოგადოება, ხელოსნები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მოხუცნი, რომელთაც კუბო გვირგვინით არ შეემკოთ“. მთავარანგელოზის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, საბა კლდიაშვილის ნეშტი საფიჩხიის სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც მისი ბიუსტი ახლაც დგას. ქუთაისში, მერიის შენობის გვერდით არსებულ სკვერს საბა კლდიაშვილის სახელი დაარქვეს - კაცისა, რომელმაც სიცოცხლე სხვა ადამიანებს შესწირა.

საბედნიეროდ, "ქართველი შინდლერების" სია მხოლოდ ოთხი ადამიანით არ შემოიფარგლება: თავის დროზე, ნოე ჟორდანიას, ალექსანდრე ქორქიას, კონსტანტინე კანდელაკის, ევგენი გეგეჭკორისა და სხვათა მიერ გაკეთებული ყალბი საბუთებით, ათასზე მეტი ქართველი და ევროპელი ებრაელი გადაურჩა სიკვდილს და სწორედ ამგვარ ადამიანებს უწოდეს ებრაელებმა „მსოფლიო ხალხთა მართალი შვილები“

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"