"ორი ცხოვრება: დონალდი და ჰარისი - ისეთები, როგორებიც ისინი არ გინახავთ" - BBC - კვირის პალიტრა

"ორი ცხოვრება: დონალდი და ჰარისი - ისეთები, როგორებიც ისინი არ გინახავთ" - BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ორი ცხოვრება: დონალდი და ჰარისი - ისეთები, როგორებიც ისინი არ გინახავთ“, რომელშიც ფართო აუდიტორიისათვის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი ფაქტებია გადმოცემული აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების - დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის ცხოვრებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ამერიკელი ამომრჩეველი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ „იბომბება“ ორი კანდიდატის - რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისა დ დემოკრატი კამალა ჰარისის ფოტოსურათებით: ისინი გამოდიან მიტინგებზე, ჩამოდიან თვითმფრინავიდან და ადიან თვითმფრინავში, ორივე - ბავშვებთან და ბავშვების გარეშე, ნაგვის მანქანისა თუ ლიმუზინის კაბინებში... ამ ფოტოსურათებს ყველა მიეჩვია, ამიტომ, ალბათ, ღირს შევხედოთ კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის ძველ ფოტოსურათებს, რომლებსაც რაღაც ახლისა და საინტერესოს მოყოლა შეუძლიათ.

სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ...“

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კამალა ჰარისმა თავისი ბავშვობა ოკლენდში, კალიფორნიის შტატში გაატარა, ხოლო რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპმი ნიუ-იორკის ქვინზის რაიონში გაიზარდა.

კამალასა და მის დას - მაიას ეროვნებით ინდოელი დედა ზრდიდა - თამილელი ბრაჰმანის ქალიშვილი შამალა გოპალან ჰარისი, მეცნიერი-ბიომედიკოსი და საზოგადოებრივი აქტივისტი. მამა - დონალდ ჰარისი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, წარმოშობით აფრიკელ-იამაიკელია.

დონალდ ტრამპის მამა - ფრედი, გერმანელი იმიგრანტის ვაჟი იყო, ხოლო დედა მერი ენი - შოტლანდიელი, მაკლაუდთა გვარიდან.

„მახსოვს პირველად სასწავლებელში...“

დონალდი დედ-მამამ სასწავლებლად კერძო სასწავლო დაწესებულებაში - ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში მიიყვანა.

კამალა ხუთი წელი სწავლობდა კანადაში, მონრეალის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში (დედამისი კი იმ დროს მაკჰილის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა). მოგვიანებით კამალა შევიდა ჰოვარდის კერძო უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, რომელსაც ისტორიულად „შავს“ უწოდებდნენ - იმიტომ, რომ ის სპეციალურად აფროამერიკული მოსახლეობისათვის შეიქმნა.

დონალდის თქმით, იმ ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც მან სამხედრო აკადემიაში გაატარა (1959-1964 წლებში), საუკეთესო სამხედრო მომზადება მიიღო და დაეხმარა ლიდერის ხასიათის ჩამოყალიბებაში. თუმცა მან ვერ მოაწრო ვიეტნამის ომში მონაწილეობა, ჯარში სამსახურის ხშირი გადადების გამო - ოთხჯერ აკადემიური მიზეზისა და ერთხელ - ტერფისა და ქუსლის დეფორმაციის გამო.

კამალას დედამისი ადრეული წლებიდანვე უნერგავდა სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის მნიშვნელობას. 2004 წელს კამალა ჰარისმა მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში, ყოველწლიურ მარშში, რომელიც ორგანიზებული იყო მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსის მიერ.

დონალდ ტრამპმა სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა პენსილვანიის უნივერსიტეტთან არსებულ უორტონის ბიზნესის სკოლაში.

ოჯახური ბიზნესი და კარიერული ტრამპლინი

დონალდ ტრამპმა ბიზნესის სკოლის დასრულების ჟამს დაიწყო მზადება მამის საქმიანობის მემკვიდრეობისათვის, საოჯახო ბიზნესის ხელმძღვანელის სტატუსით.

კამალა ჰარისი დაბრუნდა კალიფორნიის შტატში, სადაც იგი კარიერულად სწრაფად დაწინაურდა და შტატის გენერალური პროკურორი გახდა. მან ამ თანამდებობით წარმატებით ისარგებლა და ერთგვარ ტრამპლინად გამოიყენა: 2016 წელს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის - სენატის წევრი - სენატორი გახდა.

სად სენატორი და სად პრეზიდენტი?

როცა კამალამ სენატში ადგილი მიიღო, იმ დროს დონალდი უკვე თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის სავარძელში იჯდა, ჰილარი კლინტონზე „გამარჯვებაი საკვირველის“ შემდეგ.

კამალა ჰარისმა სამი წლის შემდეგ საკუთარი და, უნდა ითქვას, საკმაოდ მიბჟუტული საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო, თუმცა როცა იგი დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დაინახა, მოეწონა და მეწყვილედ აიყვანა. მისთვის ეს მოგებიანი ბილეთი გამოდგა: ბაიდენ-ჰარისის ტანდემმა ტრამპ-პენსის ტანდემზე გაიმარჯვა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ეტაპი და ბაიდენ-ჰარისის ვადის დასაწყისი დაიჩრდილა როგორც კოვიდით (და მასთან დაკავშირებული ლოკდაუნებით და ნიღბების აუცილებელი ტარებით), ასევე, პენსილვანიის შტატში პოლიციელების მიერ აფროამერიკელის მკვლელობით.

კამალას საკმაოდ უჭირდა ვიცეპრეზიდენტობა, თუმცა როცა აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ აბორტების გაკეთებაზე ქალების კონსტიტუციური უფლება გააუქმა, 2022 წელს, ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, როგორც იქნა, თავისი ნიშა იპოვა და ხმა აიმაღლა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კმაყოფილი იყო, რომ თეთრი სახლიდან სწორედ კამალა ჩაუდგა სათავეში მოძრაობას აბორტის გაკეთებისათვის თავისუფალი არჩევნის შესახებ.

სხვათა შორის, სწორედ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად გადაიქცა აშშ-ის უმაღლესი სასამართლო კონსერვატიულ სტრუქტურად, რის შედეგადაც გზა გაეკვალა აბორტების აკრძალვას.

საგარეო პოლიტიკა: იზოლაციონისტური ინტერნაციონალიზმი?!

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ გამოვიდა პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან. ტრამპმა, ასევე, მიიღო ზომები აშშ-ში იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით.

კამალა ჰარისმა პირველი საერთაშორისო ვიზიტი, ვიცეპრეზიდენტის რანგში, გვატემალაში განახორციელა, 2021 წელს, ლათინოამერიკული მიგრანტების შეზღუდვის მიზნით, რომლებიც მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე გროვდებოდნენ და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. კამალა ჰარისს შეხება ჰქონდა ისეთ საგარეო-პოლიტიკურ პრობლემებთან, როგორებიცაა, რუსეთ-უკრაინის ომი, ისრაელ-„ჰამასის“ ომი ღაზას სექტორში, ასევე, აშშ-ის ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან.

დონალდ ტრამპმა თავისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი, პრეზიდენტის რანგში, საუდის არაბეთში განახორციელა, 2017 წელს. იგი აგრძელებს იზოლაციონიზმის პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს უპირატეს ყურადღებას საშინაო პოლიტიკის მიმართ („ამერიკა ამერიკელებისთვის“ - ჯეიმს მონროს დოქტრინა, 1823 წელი), უცხოურ კონფლიქტებში აშშ-ის ჩაურევლობას და აშშ-ის მრეწველობის განვითარებისადმი მხარდაჭერას.

პრეზიდენტობის კანდიდატთა ქმარ-ცოლ-შვილი

კამალა ჰარისის ქმარია იურისტი დუგ ემჰოფი, რომელიც რეგულარულად აწყობს ცოლის მხარდამჭერ აქციებს. კამალა კარგად ექცევა თავის გერებს - ქოულს და ელას, რომელიც დუგ ემჰოფს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

დონალდ ტრამპის ოჯახის ბევრი წევრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის პოლიტიკურ კარიერაში, თუმცა 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იგი საჯაროდ იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე თავის ცოლთან, ყოფილ პირველ ლედისთან მელანია ტრამპთან ერთად.

დონალდ ტრამპს თავისი პირველი ცოლისგან - ეროვნებით ჩეხ ივანასგან სამი შვილი ჰყავს - დონალდი-უმცროსი, ერიკი და ივანკა; მეორე ცოლისგან - ჯორჯიელი მარლა მეიპრიზისგან - ერთი ქალიშვილი - ტიფანი, ხოლო მესამესგან - ეროვნებით სლოვენი მელანიასგან, რომელიც ცოლად 2005 წელს მოიყვანა, ჰყავს ერთი ვაჟი - ბერონი.

კამალა - დაგვიანებული, დონალდი - ყურახვეული...

კამალა ჰარისი საპრეზიდენტო რბოლაში საკმაოდ გვიან ჩაება - მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეთრი სახლისთვის ბრძოლას ჯო ბაიდენი გამოეთიშა. იგი პირველი მუქკანიანი ამერიკელი ქალი გახდა, აფრიკულ-აზიური წარმოშობის მქონე, რომელმაც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პარტიის მანდატი მიიღო.

ამავე არჩევნებზე დონალდ ტრამპმა ერთგვარი რეკორდი დაამყარა - იგი პირველად იქნა მესამედ წამოყენებული რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ოვაციით: ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე იგი ყურახვეული წარდგა მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავდასხმა განიცადა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო