ხაფანგი ოპოზიციისთვის?! - "კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, ქუჩაში რამდენ ხანს რჩებიან და მერე რას აკეთებენ"
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნდა.
- სიმართლე გითხრათ, არანაირად არ მეგონა, რომ "ქართული ოცნება" 50%-ზე მეტს დაიწერდა. დიახ, ეს არის მმართველი გუნდის მიერ არჩევნებში საკუთარი შედეგების გადაჭარბებული შეფასება. აქვს თუ არა ოპოზიციას იმის დამამტკიცებელი არგუმენტები, რომ არჩევნები გაყალბდა? რასაც მე ვუყურებდი, შემიძლია ვთქვა, რომ კი, ოპოზიცია თუ მართლა მოინდომებს ამის დამტკიცებას, შეძლებს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი თვალით ვნახე, როგორ აძევებდნენ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებიდან. მგონია, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს და არჩევნების სრულფასოვანი ანალიზი გააკეთოს, ოღონდ უბნების მიხედვით და არა, ზოგადი. "საიას" თავმჯდომარისგან მოვისმინე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპარატებში ამომრჩეველთა მთლიანი სია იყო ჩატვირთული და არა მხოლოდ იმ კონკრეტული უბნის. თუ ეს ნამდვილად ასე იყო, არანაირად არ შეიძლება "კარუსელის" გამორიცხვა. გარდა ამისა, არის მარკირებებსა და ათას სხვა ფაქტორზე საუბარი. ოპოზიციამ თითოეული მათგანი კარგად უნდა გამოიძიოს და სოლიდური დოკუმენტი შეადგინოს, საბრალდებო დასკვნის სახით.
- თქვენი შეფასებით, იყო თუ არა ეს რუსული სპეცოპერაცია?
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. შეიძლება, პრეზიდენტის თქმული ალიტერაცია იყო, მაგრამ მერე რა? რუსული სპეცოპერაცია რომ არ ყოფილიყო, არჩევნების გაყალბება პრობლემა არ იქნებოდა?
- წინასაარჩევნო პერიოდში, მათ შორის, არჩევნების წინადღესაც ოპოზიციონერი ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებდა. როგორ გგონიათ, რა მოხდა, ოპოზიცია არ იყო გულწრფელი, თუ მათთვის გაუთვალისწინებელი რამ მოხდა? პირადად მე, დამრჩა განცდა, რომ ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
- დიახ, გეთანხმებით, არჩევნების შედეგები იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ ოპოზიციონერი ლიდერები დაიბნენ. ის, რაც მოხდა, მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის კი არა, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. სხვათა შორის, მეც მეგონა, რომ ვერ გააყალბებდნენ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საარჩევნო აპარატებში ამომრჩეველთა მთლიანი სია იქნებოდა ჩატვირთული და არა მხოლოდ იმ კონკრეტული უბნის ამომრჩეველთა სია. თქვენ სწორად შენიშნეთ, ოპოზიცია ზედმეტად თავდაჯერებული იყო. ლიდერებს ეგონათ, რომ არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებდნენ. ამიტომაც იყვნენ ცივწყალგადასხმულებივით.
- რატომ უნდა ყოფილიყო ოპოზიცია ასეთი თავდაჯერებული, მით უფრო, ისეთი მდორე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე...
- ალბათ გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში, ველზე გასულ ოპოზიციას ზონდერებს ახვედრებდა და იყო მთელი რიგი აყალმაყალი. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი სწორად გათვალა, ეს კომპონენტი მოაშორა საარჩევნო კამპანიას და ოპოზიციას სხვა მიმართულებით დაუგო ხაფანგი. ძალიან მშვიდი საარჩევნო კამპანია იყო. პირადად მე, მხოლოდ ერთი ინციდენტი მახსოვს ანა წითლიძესა და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის. ამ მოცემულობამ შექმნა განწყობა, რომ ყველაფერი მშვიდად, კარგად და წესის მიხედვით ხდებოდა. ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ ახალი ტექნოლოგიებით ხმის გაყალბება შეუძლებელი იყო, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიმძიმის ცენტრი - გაყალბების თვალსაზრისით, იმ უბნებზე უნდა გადასულიყო, სადაც ახალი ტექნოლოგიური აპარატები არ იყო.
- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მისივე ვერსიით, ოპოზიცია ისევე, როგორც 2020 წელს, ახლაც "პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასევე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ".
- კონსტიტუციაში კი ცოტა სხვაგვარად არის, პარლამენტში 56 დეპუტატი თუ შეიკრიბება და 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი სრულფასოვანი იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ვერ გეტყვით, შევა თუ არა პარლამენტში. 2020 წელს, როდესაც ოპოზიცია მერყეობდა, შესულიყვნენ თუ არა, მე მივიჩნევდი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო და იქ ემუშავა. დღეს არ ვიცი, უნდა შევიდეს თუ არა. მე ერთადერთი რამ ვიცი, ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამოქმედო რუკა. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, თუ საკანონმდებლო ორგანოში არ შედიან, მაშინ რას აკეთებენ, როგორია მათი სამოქმედო სტრატეგია. თუ საბოლოო მიზანზე ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, მაშინ ასეთი განცხადებები სიკეთის მომტანი არ იქნება. ოპოზიციონერი ლიდერები, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი და კიდევ ყველა სხვა დანარჩენი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ერთობლივი მოქმედების გეგმაზე უნდა შეთანხმდეს. ამ სამოქმედო გეგმაში კარგად უნდა იყოს დასაბუთებული პარლამენტში შესვლა სჯობს თუ შეუსვლელობა, შეუსვლელობის შემთხვევაში ქუჩაში რამდენ ხანს რჩებიან და მერე რას აკეთებენ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების განწყობები. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიიჩნევდნენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო, ახლა არ ვიცი, რას ფიქრობენ. ამ საქმეში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო არ არის, ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა... როდესაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია დაბნეული იყო, მე "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები გამახსენდა. ისინი ამბობდნენ, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არა, არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებოდა. აღმოჩნდა, რომ არ ემზადებოდა. ასე რომ ყოფილიყო, არც ასე ცივწყალგადასხმულებივით იდგებოდნენ და მოქმედების გეგმა თუ ტაქტიკაც ჩამოყალიბებული ექნებოდათ.
წაიკითხე ვრცლად: შოკის მომგვრელი არჩევნები და სახტად დარჩენილი ოპოზიცია