შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს - "დაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაბარდება არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას" - კვირის პალიტრა

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს - "დაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაბარდება არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას"

ის პარასკევები, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე, სულ უფრო მცირდება და მგონი, უბრალოდ, მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე - ის ჩაბარდება, მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქართველი დიპლომატების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის დიპლომატებისადმი დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია ცნობილია, მათ შორის იმ პერიოდიდან, როდესაც ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და პარლამენტის სპიკერის თქმით, უწყებაში ფავორიტიზმი და სხვა მავნე პროცესები დაიწყო.

„მე მგონი დატვირთვა აღარ აქვს კომენტარის გაკეთებას ქალბატონი სალომეს განცხადებაზე, ის პარასკევები, რომელიც მას დარჩენილი აქვს ამ თანამდებობაზე სულ უფრო მცირდება და მგონი უბრალოდ მშვიდად უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ბოლომდე და ღირსეული ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ. სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით ცნობილია დიდი ხანია, მათ შორის, როდესაც ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მოიკითხეთ რა ჩაატარა მან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა - ფავორიტიზმი და სხვა ასეთი მავნე პროცესები, რაც მაშინ დაიწყო ქალბატონმა სალომემ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაგრძელებული იმით, რომ ის უკვე დიდი ხანია ელჩების დანიშვნაზე უარს ამბობს, არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ, რა უნდა ვთქვა ახლა - სალომე ზურაბიშვილი დაასრულებს ამ პოზიციაზე ყოფნას და ჩაბარდება, მისთვის სამწუხაროდ, არასახარბიელოდ საქართველოს ისტორიას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ქართველ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, დიპლომატები უმოქმედობისთვის გააკრიტიკა.

"ინტერპრესნიუსი"