"მოლდოვაში ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება, რას ფიქრობს საია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს?"
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვეღარ პოულობს ვერცერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და იმ ხავსს ეჭიდება, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია ნანახი აქვს. პაპუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს, რამხელა თაღლითობასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი NGO-ს მხრიდან.
„უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი NGO და მათი უცხოელი პატრონები ქართველ ხალხს გვაყურებინებენ. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდგომ როგორც ფარსი. ტრაგედიად ე.წ. გაყალბებული არჩევნების ისტორია ზუსტად 4 წლის წინ განმეორდა. სხვათა შორის, გუშინ იყო 3 ნოემბერი. 4 წლის წინ, 2020 წლის 3 ნოემბერს შედგა ის ისტორიული შეკრება ოპოზიციის „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში პარლამენტში არ შევიდოდნენ, შემდეგ დაეწყნენ და ყველა შევიდა. ახლა ეს უკვე როგორც ფარსი, ისე მეორდება. იგივე მსახიობები. იგივე დამდგმელი რეჟისორი. ჰგონიათ, რომ მაყურებელიც იგივეა, მაგრამ ამ ფარსს ყველა კარგად ხვდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, დეზინფორმაციაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არჩევნებზე ფარულობა დაირღვა. მან პოლონეთის, ბულგარეთის და ლიეტუვის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ქვეყნებში გამჭვირვალე ყუთია და ბიულეტენი კონვერტის გარეშეა.
„გუშინ იცით, რომ მოლდოვაში არჩევნები შედგა, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა. ჩვენ ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ამას უპირებს მოლდოველ ხალხს საია?ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა თაღლითობასთან გვაქვს უკვე საქმე ზოგიერთი NGO-ს მხრიდან, როდესაც ვეღარ პოულობენ ვერცერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და ხავსს ეჭიდებიან. ოღონდ ხავს, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია დანახული აქვს. ეს არის პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ის, ვინც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს საკუთარ თავს და უცხოური დაფინანსებით მოქმედებს, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მიზნად ჰქონდათ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადგომა. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყვნენ და ახლა, როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩეველს არჩევანი წაართვან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ეს არის სწორედ დონორების პასუხისმგებლობა. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „სწორედ მათი ფულით ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“.
IPN