"რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა - საბოლოო ჯამში, ყველა შიდა და გარე აქტორს მოუწევს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცეს და ხალხის გადაწყვეტილებისადმი მუხლი მოიდრიკოს" - კვირის პალიტრა

"რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა - საბოლოო ჯამში, ყველა შიდა და გარე აქტორს მოუწევს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცეს და ხალხის გადაწყვეტილებისადმი მუხლი მოიდრიკოს"

რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ - რა საკვირველია, საბოლოო ჯამში, ყველა შიდა და გარე აქტორს მოუწევს, ქართველი ხალხის არჩევანს პატივი სცეს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებისადმი მუხლი მოიდრიკოს, - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში საბოლოოდ მაინც შევა, როგორც ეს 2020 წლის არჩევნების შემდგომ მოხდა, იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ „აგენტურული ოპოზიციის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს".

„მათ შეუძლიათ, საკუთარი პოზიციები დღეგამოშვებით ისე გადათქვან, რომ თვალი არ აუხამხამდეთ - როდესაც პოლიტიკური ძარღვი გაგიწყდება, შემდეგ ყველაფერი ძალიან მარტივია. რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებაში პოლიტიკურად და მორალურადაც დასრულებულია.

არჩევნები შედგა, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ახლა მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ არც ერთი წუთი, რომ ქვეყანაში არსებული მშვიდობა და კეთილდღეობა განვითარდეს - ჩვენ ეს პასუხისმგებლობა გაგვაჩნია და ამ პასუხისმგებლობაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილი პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას „სასოწარკვეთილი ოპოზიციის პოლიტიკურ აგონიას" უწოდებს. მისი თქმით, „ხან კარვებს მოიგონებენ, ხან ისეთ სისულელეს, რაც საბოლოო ჯამში, მათ პოლიტიკურ ბანკროტს უფრო თვალსაჩინოს გახდის".

„სწორედ აქედან ჩანს, როგორი უპასუხისმგებლოები, ანტიევროპულები და უსამშობლოები არიან. რაც უფრო მეტს „იხმაურებენ", მით უფრო მეტად დარწმუნდება საზოგადოება, რომ ეს ხალხი ნდობას არ იმსახურებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

IPN