"მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შეჯამებულია, გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას - გეგმა უკვე ხორციელდება" - კვირის პალიტრა

"მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შეჯამებულია, გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას - გეგმა უკვე ხორციელდება"

მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შეჯამებულია, გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას - გეგმა უკვე ხორციელდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ცივილიზებული სამყაროს არცერთი წარმომადგენელი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას.

„გეგმა უკვე ხორციელდება. გეგმა შემდგომ ნაბიჯებს მოიცავს: შეგროვებული იქნა მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების თაობაზე; ის, რომ არჩევნების პროცესი მიტაცებული იქნა „ქართული ოცნების“ მიერ. ეს მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და შეჯამებულია - გავაცანით ჩვენს პარტნიორებს, ვაცნობთ საზოგადოებას. ამავდროულად სასამართლოებში შეტანილი იქნა საჩივრები, რაც გულისხმობს სამართლებრივი პროცესის ამოწურვასაც. ეს სამუშაო განხორციელდა არჩევნების დღიდან დღევანდელ დღემდე.

ყველა ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და შესაბამისად, არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ესეც მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სრული კონსენსუსია ოთხ კოალიციურ ცენტრს შორის. ამავდროულად, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური 24 საათიანი კომუნიკაციის შედეგად, ცივილიზებული სამყაროს არცერთი წარმომადგენელი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მიმდინარეობს საერთო მოთხოვნა პირუთვნელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

ამასთან, დღეს, სამშვიდობო პროტესტის ფარგლებში, 19:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე ყველანი და მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომ მოვიდეს ამ შეკრებაზე. 17:00 საათზე მსვლელობას ვიწყებთ რკინიგზის სადგურის წინამდებარე მოედნიდან. აქ ვიკრიბებით პოლიტიკური ლიდერები და ყველას მოვუწოდებთ, ვისაც ამ მსვლელობაში მონაწილეობა სურს, მოვიდეს აქ 5 საათზე და აქედან მსვლელობით გავემართებით რუსთაველისკენ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები.

IPN