"მოხდება ხმის მიცემის იმიტაცია, რათა გადამოწმდეს, არჩევნებზე იყო თუ არა ხმის მიცემის ფარულობა დაცული" - რას აცხადებს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე - კვირის პალიტრა

"მოხდება ხმის მიცემის იმიტაცია, რათა გადამოწმდეს, არჩევნებზე იყო თუ არა ხმის მიცემის ფარულობა დაცული" - რას აცხადებს თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე

თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების დღის საჩივრების განხილვა გაგრძელდება, სადაც ცესკო-დან გამოთხოვილი ხმის მთვლელი აპარატის, ბიულეტენის, ჩარჩო კონვერტისა და მარკერის გამოკვლევა მოხდება, რათა გაირკვეს, იყო თუ არა არჩევნების დღეს ფარულობა დარღვეული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ განუცხადა, თუ დამტკიცდა რომ ფარულობა დარღვეული იყო, შეიძლება თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის არჩევნების ბათილობის საკითხი დადგეს.

„ჩვენ გუშინ, დაახლოებით, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია)“ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებსა და საჩივრებთან დაკავშირებით ვიხილავდით სასამართლო დავას. სხდომაზე მხარეებთან ერთად მოვიწვიე ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და არცერთი არ გამოცხადდა. შემდგომ სასამართლო სხდომაზე მხარეებიდან ნაწილმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, ნაწილმა გარკვეული სახის მოქმედებებზე თავი შეიკავა. მე თვითონ, ჩემი ინიციატივით გამოვითხოვე ყველა მტკიცებულება, მათ შორის, გამოვითხოვე ცესკო-დან ხმის დამთვლელი აპარატი, გამოვითხოვე ბიულეტენები, მარკერი, ჩარჩო კონვერტი, რომ სასამართლომ სხდომის დარბაზში რეალურად, საზოგადოების თვალწინ, შეამოწმოს, იყო თუ არა არჩევნების დღეს ფარულობა დარღვეული. ყველას ინტერესია, რომ გავარკვიოთ. მესმის, რომ სასამართლოს ნდობა ისეა შერყეული, არავის სჯერა მისი, მაგრამ ეს ხომ ყველასთვის ცუდია, რაღაც ხომ უნდა დამთავრდეს?! არცერთი პოლიტიკური პარტია ამით არ ინტერესდება, მხარეებს ეს მტკიცებულებები ვერ მოაქვთ და სასამართლომ თავად გამოითხოვა, მე ავიღე საკუთარ თავზე.

შემოსული სარჩელები ფარულობას ეხებოდა და ასევე, წალკაში რამდენიმე საარჩევნო უბნის ბათილობას სხვადასხვა დარღვევებზე. არ შეიძლება თქვა, რომ დარღვევები არის, მაგრამ საჩივარს არ წერ, იმიტომ, რომ ჩემი ტაქტიკააო! არ შეიძლება სტრატეგია, ტაქტიკა იყოს, ის, რომ დარღვევა არ გამოაჩინო და დარღვევაზე საჩივარი არ დაწერო! არ შეიძლება ეს შენი ტაქტიკა იყოს! არ შეიძლება ის, რომ ვინც დარღვევები აღმოაჩინა, დღეს სასამართლო სხდომაზე არ მოდიოდეს, განმარტებას არ იძლეოდეს. თუნდაც დაწეროს განცხადება და წერილობით შემოიტანოს.

სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ მოსარჩელეები და საოლქო კომისია. მოწვეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიდან არცერთი არ მოვიდა როგორც მხარე, ისე დასწრებასა და დაინტერესებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. აქ ყველა მხარის ინტერესია, რომ სიმართლე გავარკვიოთ.

ვამბობ, რომ დღეს ტარდება მნიშვნელოვანი პროცესი, სადაც იქნება ხმის მიცემის იმიტაცია, რათა სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფმა ყველა მოქალაქემ, ვიდეო - აუდიო მონაცემები გადაამოწმოს, იყო თუ არა ხმის მიცემის ფარულობა დაცული. ასევე, უბნებზე რაც დარღვევები და შედეგები იყო, საკუთარი თვალით შეხედოს. ეს სასამართლოს არასდროს გაუკეთებია, რომ არჩევნების იმიტაცია გამართოს სასამართლო სხდომის დარბაზში. თუ დამტკიცდა რომ ფარულობა დარღვეული იყო, შეიძლება თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის არჩევნების ბათილობის საკითხი დადგეს.

მინდა, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, ყველამ ობიექტურად შევხედოთ და არა ისე, ვის რა გვაწყობს. მინდა, ყველა მიხვდეს, ეს ვინმეს დამსახურება კი არაა, ვიღაცას რაიმე მტკიცებულება კი არ მოუტანია, რაიმე შუამდგომლობა კი არ დაუყენებია, სასამართლომ გამოითხოვა, მე ერთმა მოსამართლემ გამოვითხოვე ჩემი ინიციატივით, მხარესაც რომ არ დაუყენებია. დღეს არის მნიშვნელოვანი პროცესი. ჩემი აზრით, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს ინტერესი მიიღოს მონაწილეობა და წარმოადგინოს საკუთარი პოზიციები, მტკიცებულებები. გუშინ დავიწყეთ სასამართლო განხილვა, დღეს ბოლო ვადაა. ორ დღეში იხილავს სასამართლო. გუშინ დავიწყეთ სასამართლო განხილვა და დღეს 00:00 საათამდეც რომ დაგვჭირდეს განხილვა, დღესვე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. სასამართლომ მოიწვია დაახლოებით 80-მდე მხარე. თეთრიწყარო - წალკის ყველა უბანზე აქვთ პრეტენზია, დაახლოებით 30 უბანზე. თუ დამტკიცდა ფარულობა დარღვეული და საარჩევნო დარღვევები, შესაძლოა შედეგების გაუქმების საკითხი დადგეს. დღეს სხდომათა დარბაზში მყოფ ყველა მოქალაქეს თავად მოვაკიდებინებ ხელს მარკერებსა და ბიულეტენებზე, თავად ნახავენ შედეგს“,- განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

"ინტერპრესნიუსი"