ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში დაიბარეს არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს.
როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე ცალკე გამოძიებას დაიწყებს.
„პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ, მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებსა და სქემებზე საუბრობთო. 1. კარგია, რომ გაყალბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ; 2. ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივარ; 3. უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით განცხადება გვაქვს ოფიციალურად შემოტანილი (მტკიცებულებებით დადასტურებული), რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარაზე, კორუფციაზე მიუთითებს. არც ერთზე არათუ გამოძიება არ დაგიწყიათ, არც კი დაგირეკავთ. შესაბამისად, როგორც კი ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ ამ ნამდვილ დანაშაულებზე ნამდვილ გამოძიებას (ცალკე და არა იმავე საქმეში) დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოვალთ და ყველაფერს მოვიტანთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გენდობით);
რაც შეეხება ამ ყალბ გამოძიებას, თუ ჩემ გარეშე გამოძიებას ვერ ატარებთ (რაც ცოტა სასაცილოა, როცა მტკიცებულებები სოციალურ მედიაში, რასაც ჰქვია, ყრია), იცით მაგისტრატი მოსამართლის გზა.აქვე, ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას“,- წერს მეზვრიშვილი.
IPN