"ვითხოვთ, რომ დაიწყოს კონკრეტული პირების მიმართ გამოძიება - პირველ რიგში, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ"
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ეს აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნაა იმ დარღვევების გათვალისწინებით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა.
"ცესკო-ს თავმჯდომარე ბრიფინგზე მთელი დღის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ დარღვევების ერთეული ფაქტები იყო. არასდროს არ მოუწოდებიათ შესაბამისი ორგანოებისთვის რეაგირებისკენ, პირველ რიგში, თავისი კომისიის წევრებისთვის, რომ შესაბამისად ემოქმედათ. აქ ჩვენ ვხედავთ აშკარა დანაშაულს. ამიტომ ვითხოვთ, რომ დაიწყოს კონკრეტული პირების მიმართ გამოძიება, პირველ რიგში, გიორგი კალანდარიშვილის. ვფიქრობთ, ეს აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნაა. ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ მიტაცებულ სახელმწიფოში, სადაც ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული, ფაქტები შესაბამისად იქნება გამოძიებული. იმის მაგივრად, რომ კონკრეტული პირების წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელთა იდენტიფიკაციაც შესაძლებელია, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის მიმართ, ვხედავთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებულები არიან საქართველოს პრეზიდენტი და ის პირები, რომლებიც ამ პრობლემებზე საუბრობდნენ და არა ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში იყვნენ ჩართულები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა დანაშაული აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი. დარწმუნებული ვარ, მომავალში ნებისმიერი გამოძიების, მათ შორის საერთაშორისო ფარგლებში დადგინდება, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები არჩევნების გაყალბების დანაშაულში იყვნენ ჩართულები", - განაცხადა გიგაურმა.
"ინტერპრესნიუსი"