"ქუჩაში იქნება წვიმა, თოვლი, ქარი - ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე!"
ქუჩაში იქნება წვიმა, თოვლი, ქარი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე, - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის მოედნისკენ მსვლელობის მონაწილეებს.
მელიას განცხადებით, ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა თბილისმა უნდა თქვას, რადგან დიდი გაყალბების მასშტაბი სწორედ ქვეყნის დედაქალაქში იყო.
„ოპოზიციური ჯგუფების ლიდერებს გვაქვს არა მხოლოდ პოლიტიკური ვალდებულება, არამედ ადამიანური ვალდებულებაც, რომ ჩვენი ყოველდღიური აქტიურობით აღვადგინოთ სამართლიანობა და ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, საქართველოსთვის დამოუკიდებელი და ამ პროცესში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას თბილისმა. ყველაზე დიდი გაყალბების მასშტაბი ამ ქალაქში იყო. ამის მიუხედავად, არ ეყოთ. ძალიან მაგარი ამბავია, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფი არის კონსოლიდირებული თქვენს გარშემო და მიზანი იქნება მიღწეული ყოველდღიური, მართალი და ღირსებით სავსე ბრძოლით, თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში.
ჩვეულებისამებრ თბილისი ვერ განაგრძობს ცხოვრებას ავტოკრატ ოლიგარქის პირობებში, რომელმაც ევროპული და ეროვნული მომავალი მოგვპარა, მისი ჭკუით. ჩვენ ამ გამარჯვებას უკან დავიბრუნებთ ყოველდღიური ბრძოლით და მოვა ის დღე და ის დღეები, როცა მთელი თბილისი და მთელი საქართველო, თბილისის ყველა წამყვან მოედანსა და გამზირზე დავდგებით იმისათვის, რომ არა მარტო სიმართლითა და ღირსებით, არამედ ჩვენი სიმრავლით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და პირდაპირი დემოკრატია დავამყაროთ ქვეყანაში, სადაც ქართველი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე, როგორც ამომრჩეველი, იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ამიტომ თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მხნეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მოტივაციას - ყველაფერი გვაქვს, მაშასადამე, წინ გამარჯვებისკენ, წინ მომავლისკენ. ქუჩაში იქნება წვიმა, თოვლი, ქარი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე”, - მიმართა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს.
"ინტერპრესნიუსი"