რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნა - კლინიკა პაციენტებს დღეიდან მიიღებს
რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე მესხმა განუცხადა, კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას აახლებს.
მისივე ინფორმაციით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტსა და სტაციონარში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.
„გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი 12 საწოლზეა გათვლილი, მთლიანობაში კლინიკაში ყველა დეპარტამენტი იხსნება, რომელიც მანამდე ფუნქციონირებდა. ყველა დეპარტამენტი მზად იქნება პაციენტების მისაღებად. ჯამში, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტსა და სტაციონარში 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული“, - აღნიშნა მესხმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა, თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა.
„განყოფილება 12 საწოლზეა გაშლილი, მოწყობილია ტრიაჟის ოთახი, შოკის დარბაზი, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე - ბოქსირებული პალატა. კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, განთავსებულია 12 საწოლი - I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები“,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.
"ინტერპრესნიუსი"