კასპერსკის "ვირუსი" პუტინის ყურებით - რუსეთის მთავარი ჰაკერი, რომელიც მილიარდერი გახდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არევნები ჯერ არ დასრულებულა და შედეგები ჯერ არ ვიცით, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ, ისევე, როგორც 2016 წელს, ახლაც „ჰიბრიდული ომის“ ყველა კომპონენტი გამოიყენა, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს. აშშ-ის სპეცსამსახურების ინფორმაციით, კრემლმა მრავალი დეზინფორმაციული ოპერაცია ჩაატარა ამერიკის ტერიტორიაზე, რომლებიც მიმართული იყო კამალა ჰარისისა და მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის კომპრომეტირებისკენ.
თუ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მაინც გაიმარჯვებს, რუსეთის სპეცსამსახურები ამ შემთხვევისთვისაც მზად არიან: ისინი სოციალური ქსელებით ავრცელებენ „ფეიკ ვიდეოებს“, რათა ამერიკელ ამომრჩევლებს ხმის მიცემისა და შედეგების დათვლის პროცესისადმი უნდობლობა წინდაწინ ჩაუნერგონ და ტრამპის მომხრეებმა ეჭვი შეიტანონ არჩევნების ობიექტურობაში.
პუტინის სცენარი ამგვარია: კამალა ჰარისმა თუ გაიმარჯვა, დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგები არ უნდა აღიაროს და გაყალბების მტკიცებულებად სოციალურ ქსელებში რუსეთის სპეცსამსახურებში შექმნილი და მათი „ტროლ-ბოტების“ მიერ უკვე გავრცელებული ვიდეოები უნდა გამოიყენოს. ამაზე იტყვიან: „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“.
უკანასკნელ დღეებში რამდენიმე ასეთი „ფეიკი ვიდეო“ გავრცელდა. ერთ–ერთი იყო პენსილვანიის შტატის, ვითომდა, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თანამშრომლის მიერ, ვითომდა, ვადამდელი ხმის მიცემის (ტრამპის სასარგებლოდ!) ბიულეტენების „განადგურების“ ამსახველი ვიდეო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიის ადგილობრივმა საარჩევნო შტაბებმა დაასაბუთეს ამ ვიდეოკადრების სიყალბე, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა ეს დეზინფორმაცია უმალ თავის სასარგებლოდ გამოიყენა და 29 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „რა ხდება პენსილვანიაში??? სამართალდამცავებმა სასწრაფოდ უნდა მოახდინონ რეაგირება და შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები“. რუსეთის სპეცსამსახურები კი აგრძელებენ ტრამპის დახმარების ფეიკოპერაციებს.
1 ნოემბერს სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ვითომდა ორი ჰაიტელი არალეგალი ემიგრანტი ამტკიცებს, რომ მათ, ვითომდა, რამდენჯერმე შეძლეს ვადაზე ადრე ხმის მიცემა, კამალა ჰარისის სასარგებლოდ. აშშ-ის სამმა სპეცსამსახურმა ( CIA, FBI და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტო (CISA)) - გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ამტკიცებს, რომ ამ და სხვა ფეიკი ვიდეობის შექმნისა და გავრცელების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან და მათი მიზანია, დათესონ უსაფუძვლო ეჭვი, აშშ-ის არჩევნების სამართლიანობაში და გააძლიერონ განხეთქილება ამერიკელებს შორისო. კიბერუსაფრთხოების ამერიკელი ექსპერტები კი, თავის მხრივ, ასაბუთებენ, რომ ამ ვიდეოებში აშკარად ჩანს რუსული ჰაკერული ჯგუფის - "Storm-1516" ხელწერა. ამ ჯგუფის მთავარი ამოცანა კრემლის სასარგებლო დეზინფორმაციის შექმნა და გავრცელებაა.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ თავად დონალდ ტრამპმა, მიხედავად იმისა, რომ არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, ადრე არა ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის არჩევნებში ბევრი მიგრანტი არალეგალურად მონაწილეობს და დემოკრატებს აძლევს ხმასო. რაღაც საეჭვო უნისონში ხომ არ მოქმედებენ პუტინი და ტრამპი? უკანასკნელი ორი ათეული წელია, რაც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებისა და სხვა ქვეყნებზე ჰაკერული თავდასხმების რაოდენობით რუსეთი აბსოლუტური ლიდერია.
ალბათ, ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება „რაღაც ვირუსმა“ ატომურ ელექტროსადგურზე ავარია, გაზსადენის აფეთქება, ავიაკატასტროფა ან მატარებლების შეჯახება გამოიწვიოს. სამწუხაროდ, დღეს კიბერტერორიზმი არანაკლებ საშიშია, ვიდრე - ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური ტერორიზმი. 2023 წლის 25 აგვისტოს, საღამოს, რუსმა ჰაკერებმა პოლონეთის სარკინიგზო უსაფრთხოების სისტემაზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქ შჩეცინში არსებული პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო კვანძის რამდენიმესაათიანი პარალიზება მოახდინეს. პუტინის ჰაკერებმა სარკინიგზო უსაფრთხოების ცენტრალურ სისტემაში შეაღწიეს და მატარებლების პულტებზე ექსტრემალური გაჩერების სიგნალი გააგზავნეს, რის შედეგად 20 მატარებელი, მათ შორის - სამგზავრო, ავარიულად გაჩერდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. რუსმა ჰაკერებმა მატარებლების რამდენიმესაათიანი გაჩერება ძალზე „ორიგინალურად“ გამოიყენეს: მგზავრებს რუსეთის ჰიმნს ასმენინებდნენ, რომელსაც პერიოდულად ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის ჩანაწერი ცვლიდა. ეს რუსეთის სპეცსამსახურების კიბერშეტევების მხოლოდ ერთი მაგალითია: აშშ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მოლდოვა, საქართველო, – რუსი ჰაკერების შეტევების სამიზნეების ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება.
მაინც როგორ შეძლო კრემლმა ასე, ყველგან შეღწევა? ფაქტია, რომ რუსეთის ეფ-ეს-ბეს და გე-ერ-უს საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის კიბერთავდასხმების სპეციალისტები ჰყავს, რომელთაგან ბევრი, „კომპიუტერულ ვირუსებთან ბრძოლის“ კეთილშობილურ საქმეს ამოფარებული, უკვე ათწლეულებია, რაც რუსეთის იმპერიული მიზნებისთვის იღწვის. ერთ-ერთი მათგანი ევგენი კასპერსკია. სწორედ მის შესახებ ვსაუბრობდი წინა პუბლიკაციაში და სწორედ ის იყო ახალგაზრდა ნიჭიერი მათემატიკოსი, რომელიც 1987 წელს, 22 წლის ასაკში,
ევგენი კასპერსკი: კა-გე-ბეს უმაღლესი სკოლის კრიპტოგრაფიისა და რადიოელექტრონული დაზვერვის ფაკულტეტის ჯერ კურსანტი, შემდეგ კი - ოფიცერი
სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიავლინეს, სადაც მან კომპიუტერული ვირუსების შესწავლა დაიწყო. ასეა აღნიშნული მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში. თუმცა სრულიად დასაშვებია, რომ ეს „სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (გე-ერ-უ) იყო. ევგენი კასპერსკის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ამგვარი „შენიღბვები“ მრავლად გვხვდება. 1989 წელს მან პირველი კომპიუტერული ვირუსი ( სახელად Cascade) დაიჭირა და აქედან დაიწყო ვირუსების კლასიფიკაციაო, – გვაუწყებს მისი ბიოგრაფია. ერთი წლის შემდეგ ევგენი კასპერსკი, რატომღაც, მაღალანაზღაურებად სამსახურს ტოვებს და ახლად შექმნილ „სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ КАМИ“-ში გადადის, რომელსაც კა-გე-ბეს უმაღლესი სკოლიდან მისი ყოფილი მასწავლებლი ალექსეი რემიზოვი ხელმძღვანელობდა. ჩემი აზრით, ეს სამსახურის მხოლოდ ფორმალური შეცვლა იყო, რადგანაც 1990 წლიდან კა-გე-ბე და გე-ერ-უ აგენტურულ-ოპერატიული სამიანობის შენიღბვის ახალ ფორმაზე გადავიდნენ: იქმნებოდა, ვითომდა, „კომერციული ფირმები“, „ერთობლივი საწარმოები“, „ექსპორტ-იმპორტის კომპანიები“, სადაც გუშინდელი ოპერატიული თანამშრომლები... „ბიზნესმენებად“ მოგვევლინენ. ვფიქრობ, რომ ანალოგიურად
ევგენი კასპერსკი მშობლიურ გარემოში
იყო კასპერსკის შემთხვევაშიც: „სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრი КАМИ“ საბჭოთა სპეცსამსახურების საფარ „კომერციულ ფირმას“ წარმოადგენდა. 1990 წელს პერსონალური კომპიუტერები თითზე ჩამოსათვლელი იყო და „ცენტრს“ ვინ დააფინანსებდა, თუ არა სახელმწიფო? ჩემი აზრით, უკვე მაშინ კასპერსკი „კომპიუტერული ვირუსების“ დაჭერა/გავრცელებაზე სწორედ საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით მუშაობდა. სამიზნე ქვეყანაზე ჰაკერული შეტევების თეორიულ საკითხებს მაშინ ეყრებოდა საფუძველი. 1997 წლის 26 ივნისს ევგენი კასპერსკის ხელმძღვანელობით შეიქმნა კომპანია „Kaspersky Lab“ , რომელიც სულ მალე დსთ-ში „ანტივირუსული პროგრამების“ მონოპოლისტი გახდა. ალბათ, ბევრს ახსოვს, თუ რამდენად გავრცელებული
ჯეკი ჩანი „ებრძვის ვირუსებს“
იყო „კასპერსკის პროგრამები“ საქართველოშიც. ევგენი კასპერსკის კომპანია განსაკუთრებით გაფართოვდა 2000-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ის საერთაშორისო ბაზარზე გავიდა. ანტივირუსული პროგრამის შეფუთვაზე განთავსებული იყო ევგენი კასპერსკის ფოტო წარწერით: "ის მუშაობდა კა-გე-ბეში" , თუმცა მალევე კასპერსკიმ უარი თქვა ამგვარ „რეკლამაზე“. ჩინეთში კასპერსკის ანტივირუსს რეკლამას ჯეკი ჩანი უწევდა: ერთწუთიან ვიდეოკლიპში მსახიობი "კასპერსკის ლაბორატორიის" ემბლემიანი ჩაფხუტით კიბერსივრცეში „გმირულად ებრძოდა“ ვირუსებს, ბრძოლის შემდეგ კი კმაყოფილი მიუთითებდა ევგენი კასპერსკისკენ და ამბობდა: "თუ კარგი დაცვა დამჭირდება, ავირჩევ კასპერსკის".
2010 წლიდან "კასპესკის ლაბორატორია" გახდა საერთაშორისო კომპანია, რომელსაც 30-ზე მეტი რეგიონალური ოფისი ჰქონდა და გაყიდვებს 190-მდე ქვეყანაში აწარმოებდა.
ჯეკი ჩანი და ევგენი კასპერსკი
ევგენი კასპერსკი თავის „კაგებეშნიკურ“ წარსულს არ მალავს და დღესაც იმდენად დიდი „ნოსტალგია“ აქვს, რომ ყოველწლიურად „ჩეკისტის დღეს“ - 20 დეკემბერს, აუცილებლად მოსკოვში იმყოფება და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კოლეგა-მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.
ამასთან, ის ბოლო დრომდე უარყოფდა რაიმე კავშირს რუსეთის სპეცსამსახურებთან, თუმცა „შუბი ხალათში არ დაიმალება“. ის ფაქტი, რომ კასპერსკის ანტივირუსების მომხმარებლები რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიები, ბანკები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, უშიშროების ფედერალური სამსახური და ა.შ. არიან, მიუთითებს მისდამი დიდ ნდობას. დღეს ევგენი კასპერსკი „რუსეთის მთავარი კომპიუტერული ვირუსოლოგის“ არაოფიციალურ ტიტულს ატარებს და მილიარდერი გახდა, რაც დღევანდელ რუსეთში ვლადიმერ პუტინის ნებისა და წყალობის გარეშე სრულიად შეუძლებელია. 2022 წელს მისი ქონება ერთი მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე გაორმაგდა და ორი მილიარდი დოლარი გახდა.
ევგენი კასპერსკი და მისი კომპანია აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს პუტინის განკარგულებით შექმნილი „რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების ჯარების" ფორმირებასა და სპეცოპერაციებში. სამწუხაროდ, აშშ-ის ადმინისტრაციამ ძალზე გვიან გააცნობიერა „კასპერსკის ლაბორატორიისგან“ მომავალი საფრთხე და მხოლოდ 2024 წლის 20 ივნისს გამოაცხადა ამ კომპანიის პროდუქტების გამოყენება ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველად: კონფიდენციალური ინფორმაციის ქურდობის ან „მტრული პროგრამის“ დაყენების შესაძლებლობის გამო. მეორე დღეს, 2024 წლის 21 ივნისს კი, "კიბერუსაფრთხოების რისკების საპასუხოდ", „კასპერსკის ლაბორატორიის“ თორმეტ ტოპმენეჯერს სანქციები დაუწესა. თუმცა სანქციების სიაში ჯერჯერობით არ არის არც თავად ევგენი კასპერსკი და არც კომპანია „კასპერსკის ლაბორატორია“. ვფიქრობ, ესეც მალე მოხდება.
(მეორე ნაწილის დასასრული)