"განათლებით კინოსცენარისტი ვარ... სინამდვილესა და ინტერპრეტაციას შორის ზღვარია გასავლები. კონსტანტინე არსაკიძეს მარჯვენა ნამდვილად კი არ მოჰკვეთეს - რატომ კარგი აგიგიაო? ტურისტებსაც კი ასე უყვებიან ხოლმე"
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ჯერ კიდევ პანდემიამდე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში ბავშვებს წიგნებს უკითხავდა.
ამ სასარგებლო საქმეს დღესაც აგრძელებს. წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც ხშირად მონაწილეობს, მკითხველებისთვის ახალგამოცემულ წიგნებსაც წარადგენს... მოკლედ, წიგნის პოპულარიზების ხელშეწყობას მაქსიმალურად ცდილობს...
- ჩემს ცხოვრებაში წიგნს ბავშვობიდან განსაკუთრებულად გამორჩეული ადგილი უჭირავს. ბავშვობაში, 90-იან წლებში, როცა "შუქი" არ იყო, მეტროში, მატარებლის ვაგონში ჩავჯდებოდი ხოლმე და იქ ვაგონის განათებაზე წიგნს ვკითხულობდი. ტრანსპორტში კითხვა სწორედ ამან შემაყვარა. ბევრი წიგნი ტრანსპორტში მაქვს წაკითხული. მატარებელში ყველაზე უკეთ ვკითხულობ: მგზავრობა რამდენიმესაათიანია და უფრო მოხერხებულია - ძალიანაც არ ჯაყჯაყებს (იღიმის)...
- ხომ არ გახსოვთ, დამოუკიდებლად პირველად რომელი წიგნი შეარჩიეთ, რომ წაგეკითხათ?
- "ადამიანი ამფიბია" და "ხუთკუნჭულა" - ორივე 1 წიგნში იყო გაერთიანებული. თავად შევარჩიე. მწვანეყდიანი წიგნი იყო... საერთოდ, წასაკითხ წიგნებს სულ დამოუკიდებლად ვარჩევდი, რეკომენდაციებსაც ვისმენდი. მაგალითად, მახსოვს, ბავშვობაში (სოლოლაკში ვცხოვრობდი) სახელმწიფო კანცელარიის ეზოში დავსხდებოდით ან ვინმესთან სახლში ვიკრიბებოდით და წიგნებზე ვმსჯელობდით. თანატოლებს ერთგვარი შეჯიბრებაც გვქონდა, ვინ რომელი ნაწარმოები წაიკითხა. თან, სხვათა შორის, უმეტესობა ბიჭი ვიყავით... საბჭოთა პერიოდში დაბეჭდილი ბევრი წიგნი წავიკითხე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების.
- ასაკისთვის შეუსაბამო ნაწარმოები თუ წაგიკითხავთ?
- კი, დოსტოევსკის "ეშმაკნი" და თომას მანის "ბუდენბროკები". მაინც ვფიქრობ, რომ ასაკს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, "დონ კიხოტი" დაახლოებით 12 წლისამ წავიკითხე. ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და ჩემი საყვარელი წიგნი გახდა... მაგალითად, 16 წლამდე ადამიანებს დოსტოევსკის ნაწარმოების - "ეშმაკნი" წაკითხვას არ ვურჩევ - მნიშვნელობა არ აქვს, ნაწარმოებს გაიგებენ თუ არა: მგონია, რომ "მძიმეა" (შეიძლება, ორიგინალში ასეთი არაა - თავად თარგმნილი მაქვს წაკითხული, შემდეგ კი აღარ მივბრუნებივარ, რომ ორიგინალიც წამეკითხა და შემეფასებინა), "დონ კიხოტს" რაც შეეხება, ძალიან კარგად იყო ნათარგმნი. საერთოდ, ესპანური, სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურა ქართულ ენაზე კარგადაა ნათარგმნი (უწინ - მარკესის ნაწარმოებები, ახლა - ლიოსას)... მახსოვს, ქართული სერიალი - "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასი" უკვე ნანახი მქონდა. მესმოდა, - წიგნი უკეთესიაო და დავინტერესდი. წავიკითხე და გამოუსწორებელი იდეალისტი - დონ კიხოტი ჩემი ერთ-ერთი გმირი გახდა.
- საერთოდ, ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები თქვენთვის რამდენად საინტერესოა?
- განათლებით კინოსცენარისტი ვარ. ხშირად რეჟისორის და სცენარისტის ინტერპრეტაცია სულ სხვაა. მაგალითად, "მაგდანას ლურჯას" ფილმში სულ სხვა დასასრული აქვს, წიგნში - სხვა, მაგრამ ძალიან კარგია, რადგან ინტერპრეტაციების მიუხედავად, ეკრანიზაციები ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული ნაწარმოების პოპულარიზებას, არამედ - ისტორიული ამბების: მაგალითად, ბოლოს ფილმი - "ნაპოლეონი" ვნახე. რაღაცებს არ ვეთანხმებოდი. ხანდახან ცოტათი სიფრთხილეა საჭირო მწერლის, სცენარისტის, რეჟისორის მხრიდან - სინამდვილესა და ინტერპრეტაციას შორის ზღვარია გასავლები. ერთი ასეთი მაგალითია, რომ ფართოდ დამკვიდრდა იდეა, თითქოს დიდოსტატს მარჯვენა მართლა მოჰკვეთეს. კონსტანტინე არსაკიძეს მარჯვენა ნამდვილად კი არ მოაჭრეს - რატომ კარგი აგიგიაო? ტურისტებსაც კი ასე უყვებიან ხოლმე, რომ მარჯვენა მოჰკვეთეს. ამიტომ ინტერპრეტაციასა და სინამდვილეს შორის ზღვარი საფრთხილოა, როცა ნაწარმოებს ქმნი მკითხველისთვის თუ მაყურებლისთვის...
- თქვენს მსოფლმხედველობაზე განსაკუთრებული ზეგავლენა რომელმა ნაწარმოებებმა მოახდინა?
- საერთოდ, ნათქვამია, - იმისათვის, რომ გახდე ჭკვიანი, საკმარისია ათი წიგნის წაკითხვა, მაგრამ რომ იპოვო ეს ათი წიგნი, უნდა წაიკითხო ათასიო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წიგნი წამიკითხავს, ჯერ 4 წიგნზე "შორს ვერ წავედი", რომელმაც ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა: "ბიბლია", "ვეფხისტყაოსანი", "დონ კიხოტი" და იაკობ გოგებაშვილის "საგანძური", რომელსაც ბავშვებს ვუკითხავ. აქვე დავასახელებ დეილ კარნეგის წიგნსაც - "როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანებზე". მახსოვს, ბესტსელერი იყო, როცა წავიკითხე... მოკლედ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი წიგნი უნდა წავიკითხო. დღესაც ბევრ ლიტერატურას ვკითხულობ, უმეტესად - ახალს. თუ მწერალი ამოვიჩემე და მისი 1 ნაწარმოები მომეწონა, ვცდილობ, მისი ყველა წიგნი წავიკითხო. ჩემთვის ასეთი მწერალი ლიოსა აღმოჩნდა. ზოგიერთმა ავტორმა ასე "სერიულად" არ გაამართლა, მაგალითად - უელბეკმა, ფამუქმა... ნობელიანტების კითხვაც მიყვარს. მაგალითად, ახლა სამხრეთკორეელმა ნოველისტმა ქალმა - ჰან კანგმა ნობელის პრემია მიიღო, "მისი ინტენსიური პოეტური პროზისთვის, რომელიც უპირისპირდება ისტორიულ ტრავმებს და ავლენს ადამიანთა ცხოვრების სისუსტეს". საინტერესოდ წერს... მის ჯილდოს მთელი კორეა ზეიმობდა. ქართულ ენაზე ჰან კანგის ძალიან ცოტა ნამუშევარია თარგმნილი. "ვეგეტარიანელი" და "ბერძნულის გაკვეთილები" ძალიან საინტერესოა...
- კიდევ რომელი ავტორის წერის მანერა, სტილი მოგწონთ?
- მაგალითად, თავისი წერის მანერით გამორჩეულია სტეინბეკი. წერის განსაკუთრებული მანერები აქვთ ქართველ ავტორებს, მათ შორის - კონსტანტინე გამსახურდიას და ლევან სანიკიძეს. ქართველი მწერლებიდან ჩემთვის გამორჩეული მაინც ჯემალ ქარჩხაძე გახლავთ. 1998 წელს გარდაიცვალა და თითქოს მე-20 საუკუნის ლიტერატურული ეპოქაც კი დაასრულა. გენიალური მწერალია. მგონია, რომ ჯერ კიდევ არ არის სამართლიანად დაფასებული. ერთადერთი, მისი ძალიან საინტერესო მოთხრობა - "იგი" სასკოლო პროგრამაშია შეტანილი... საოცარი ენა აქვს, მისი ნაწარმოებები გულში ჩამწვდომია, ისეთი აქცენტები აქვს დასმული...
- თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებებს თუ ეცნობით?
- ყველაფერს აქტიურად ვკითხულობ. ბოლო 10 წელიწადში, განსაკუთრებული ზეგავლენა ჩემზე გოგი გვახარიას "ცრემლიანმა სათვალემ" მოახდინა - შთამბეჭდავი იყო! 2014 წელს წავიკითხე... საერთოდ, ბევრი კარგი მწერალია. ადრე თუ გვიან, ქართველ ავტორებს ნობელის პრემია აუცილებლად შეხვდებათ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ლიტერატურულ პრემიებს, რომლებიც მრავლად გაჩნდა: "საბა", "ლიტერა", ლადო ასათიანის სახელობის პრემია... ადრე თუ გვიან, საუკეთესო ნაწარმოებებსაც "გამოთლის". მთავარია, ქართული ლიტერატურა 90-იანების თემას მოწყდა, როგორც იქნა! ჩემთვის ეს მძიმე და ცოტა ტრავმული შეგრძნებების ლიტერატურაა, ისევე, როგორც ამ თემაზე გადაღებული ფილმები... თანამედროვე უცხოელ მწერლებსაც აქტიურად ვკითხულობ. მაგალითად, შაფაქის "ღირსება" ძალიან მომეწონა. როცა მწერალი ადგილობრივ კულტურას კარგად გაჩვენებს, წიგნი უფრო შთამბეჭდავია, რადგან სიუჟეტის გარდა, ცნობებს გაწვდის ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. შაფაქის "ღირსება" სწორედ ერთგვარი ბრძოლაა ტრადიციებისა თანამედროვეობაში, ისევე - როგორც "ევას სამი ქალიშვილი": გოგონების ერთგვარი ამბოხიცაა წარსულთან, ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან... ასეთი წიგნები უფრო საინტერესოა ხოლმე. ერთი პერიოდი, ავღანეთის თემას მივაწყდი: ძალიან ბევრი რამ წავიkiთხე, უმეტესად - მხატვრული ლიტერატურა, ნამდვილ ამბებზე დაყრდნობილი...
- წასაკითხი წიგნის შერჩევისას მარკეტინგის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?
- როგორც წესი, ბესტსელერების უმრავლესობა ერთჯერადი სახის ლიტერატურაა - უცებ ატაცებული, რომელიც მერე ქრება... გამონაკლისი "ალი და ნინო" იყო, რომელიც 2001 წელს ბესტსელერი გახდა. ბოლოს და ბოლოს, ნაწარმოებში ისეთი თემაა, რომ დაგაინტერესებს მკითხველს... სიმართლე გითხრათ, თანამედროვე ბესტსელერებზე დიდად არ გადავირევი ხოლმე. შეიძლება, წიგნი ბესტსელერი გახდეს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ხარისხიანი ნაწარმოებია, თუმცა "მსხვერპლი" მაინც ცოტათი "ხმამაღალი", კატეგორიული ნათქვამია - უფრო სხვა ფორმით შევაფასებდი...
- რომელიმე წიგნის წაკითხვა გინანიათ?
- ალბათ - ერთადერთი წიგნის. უბრალოდ, დასახელება არ მინდა... 6-7 წლის წინ წავიკითხე. ისეთი იმედგაცრუება დამეუფლა, რომ ამ თემას "ფეისბუკზეც" კი გამოვეხმაურე - დრო რაში დავხარჯე-მეთქი? მთელი ცხოვრება წიგნებს, გამომცემლობებს ვგულშემატკივრობ, რომ მეტი წიგნი გამოსცენ, საზოგადოებამ წაიკითხოს... იმ წიგნის სახელი რომ დამეწერა, შეიძლება, ხალხის უკურეაქცია გამომეწვია. თან, დიდი აუდიტორია მყავს. ამიტომ არც წიგნის სახელი ვთქვი, არც - გამომცემლობის...
- თავად გიფიქრიათ წიგნის დაწერაზე?
- წიგნისთვის 2 თემა მაქვს "აღებული", რომელიც ადრე თუ გვიან, საზოგადოებას უნდა შევთავაზო: ერთი - მე-19 საუკუნის თბილისური ამბავია (მხატვრული, ისტორიული რომანი იქნება), მეორე - ჩემი მოგზაურობების შესახებ, უფრო - დოკუმენტური ხასიათის. ასევე, კიდევ ერთი ნაწარმოების მონახაზი მიტრიალებს გონებაში... საერთოდ, წერა უფრო მიყვარს, ვიდრე ფოტოგრაფია.
- თქვენს შვილს წიგნებთან ურთიერთობას როგორ ასწავლით?
- ჩემი შვილი 8 წლის გახლავთ. წიგნის წაკითხვაში ფულს - 30 ლარს ვუხდი. მევაჭრება. ვეუბნები, რომ თვეში თუ 2 წიგნს წაიკითხავს, მეორე წიგნის წაკითხვაში 40 ლარს გადავუხდი, მესამეში - 50-ს. სექტემბერ-ოქტომბერში უკვე 2 წიგნი "წავიკითხეთ" (იცინის).
- მისთვის ფულის გადახდის საჭიროება რატომ დადგა დღის წესრიგში?
- მაინც უფრო გართობისკენ მიუწევდა გული...
- თავად ურჩევთ, რა წაიკითხოს?
- 3 წელია, წიგნის ფესტივალზე დამყავს. არჩევანის საშუალებას ვაძლევ. როცა ბავშვებს წიგნებს ვუკითხავ, შვილიც ხშირად მიმყავს, რომ თავადაც მოისმინოს. მის მიერ წაკითხულ წიგნებს აუცილებლად განვიხილავთ ხოლმე და ვამოწმებ, ნამდვილად წაიკითხა თუ არა. სხვათა შორის, ორივე წიგნი, რაც წაიკითხა, ძალიან სწორად აღიქვა. ცხადია, საბავშვო ლიტერატურაზე ვსაუბრობ...
ეთო ყორღანაშვილი