"ქუჩის პოლიტიკა": ოპოზიცია VS "ოცნება" ანუ რა მოხდება ამ დღეებში - "რევოლუციის ნიშნებს ვერ ვხედავ...ნაადრევია პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა"
რამდენად სწორად და წინდახედულად მოქმედებდა ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, ამ საკითხზე ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ.
- არის რაღაც მოცემულობები, რისი განეიტრალებაც ვერ მოხდებოდა. მაგალითად, ის, რომ არსებობს "ნაციონალების" ფაქტორი. არის საზოგადოების ნაწილი, და როგორც გაირკვა, არც ისე ცოტა, რომელზეც პროპაგანდა, "ნაციონალები" მობრუნდებიან და ომი იქნებაო, მოქმედებს. ეს ობიექტური მოცემულობაა და არა ჰაერიდან მოტანილი - რომ "ნაციონალები" არსებობენ და ბევრ მათგანს აქვს რევანშისტული განზრახვები. როდესაც უკრაინაში რუსეთმა დაიწყო ომი, მათ ნაწილს საკმაოდ აგრესიული განცხადებები ჰქონდა. მე ისეთი კომენტარებიც მახსოვს, ახლა აფხაზეთის აღებაც იქნება შესაძლებელიო და ა.შ. ეს "ოცნებამ" გამოიყენა. ბოლოს კი აღარ ამბობდნენ, მაგრამ ეს პროპაგანდა უკვე ამოქმედებული იყო. ამიტომ იმის დაშვებას, რომ შეიძლება მთავრობაში ისევ ეს აგრესიული ნაწილი მოვიდეს, არაფერი ეშველა. სანამ ეს ფენომენი არსებობს საქართველოში, ეს მიდგომაც იქნება.
მეორე მოცემულობა - ომი და მშვიდობა. რატომ ეშინია ხალხს ომის? იმიტომ, რომ ფიქრობენ, მოვა "ნაცმოძრაობა", გაბრაზდება პუტინი და დაგვიწყებს ომსო. შეცდომა იყო, რომ ოპოზიციამ ამ კითხვებს არ გასცა საფუძვლიანი პასუხი, თუმცა, რა პასუხი უნდა ჰქონოდათ, როცა ჩვენი ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი. ფაქტია, "ნაცმოძრაობა" და მათგან გამოსული პარტიები ჯერ კიდევ არიან წამყვან პოზიციებზე. ამ კონტინგენტით შეუძლებელია მილიონი ხმა აეღო ოპოზიციას. უნდა იყოს ძალა, ვიღაც ფიგურა, ბელადი, ვისაც დაუჯერებს ხალხი, ბრმად ენდობა და გაჰყვება. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება თვითონ ვერ აკეთებს არჩევანს...
2012 წელსაც იყო შიში, მაგრამ იყო იმედიც - ბიძინა მოვა, მოიგებს და ყველაფერი კარგად იქნებაო. ლიდერის სწამდათ. ახლა ასეთი ლიდერი არავინ იყო. რა ვქნათ, ასეთი საზოგადოება ვართ, ლიდერი გვინდა, ბიძინას საპირწონე.
ხელისუფლებას ხალხზე დიდი კონტროლი აქვს. მოახერხეს მისი მაქსიმალური მობილიზება, პლუს გაყალბების მეთოდები გამოიყენეს. თუმცა ფაქტი ერთია - ოპოზიციამ 784 ათასზე ოდნავ მეტი ხმა აიღო. ეს ხმები ხომ არ მოუკლია ოპოზიციისთვის ხელისუფლებას? 800 ათასი ხმით ხომ ვერ მოიგებდა?
მე არ მჯერა, რომ "ოცნებამ" ამდენი ხმა მოიპარა - ვიღაცებმა მართლა მისცეს ხმა, ზოგმა მოსყიდვით, ზოგმა დაშინებით. როგორც ჩანს, ამ საზოგადოებას ურჩევნია ეს პოსტსაბჭოური წუმპე.
- ოპოზიციამ ყველა რეგიონში წააგო. ეს იმან ხომ არ განაპირობა, რომ მათ რეგიონებში მოსახლეობამდე ხმა ვერ მიიტანეს?
- თბილისის და რუსთავის გარდა არსად არ მოუგია ოპოზიციას. სოფლებში იმდენად ცენტრალიზებულია ხელისუფლება, იმდენად დიდია კონტროლი და ბევრი ბერკეტი აქვს, ვერ მოუგებ. ხელისუფლებას ჰყავს აქტივში, ასე ვთქვათ, ავტორიტეტები - ფულს უხდიან, უამრავი აიპები შეიქმნა. 2012 წლიდან დღემდე ასე გრძელდება, პროცესი უფრო ღრმავდება, კონტროლი გაიზარდა... ერთადერთი, ასეთ დროს არის ვარიანტი, რაც 2012 წელს მოხდა, ხალხი დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ცუდია და უნდა წასულიყო. ასეთ დროს იმ სახის კონტროლი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, აღარ მოქმედებს. ამჯერად, სხვაგვარად მოხდა, როგორც ჩანს, ხელისუფლების პროპაგანდამ იმაზე მეტად იმუშავა, ვიდრე ველოდი.
თუმცა უნდა ითქვას, რომ გაყალბების ხარისხი მაღალი იყო და შედეგიც - არარეალური. შეიძლება ხელისუფლებას მაინც მოეგო, თუმცა ძალიან მცირე სხვაობით. ახლანდელი დიდი სხვაობა გაყალბების ნაწილი მგონია, მაგრამ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამის პრევენცია. არჩევნების დროს ოპოზიციის კოზირი ქალაქებია. 2012 წელს თბილისში ოპოზიციის უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რეგიონებში გაყალბების ხარისხმაც ვერ უშველა. ახლა ყველგან წააგეს.
- ოპოზიციამ არჩევნების დღის შემდეგ რეაგირება ხომ არ დააგვიანა?
- საყვედურის თქმა არ მინდა, რადგან ყველანი ძალიან შოკირებული ვიყავით. "გორბიმ" რომ დაწერა 56 პროცენტი, გაგვეცინა, საბოლოოდ კი დაიწერეს თითქმის 54 პროცენტი. საჭიროა მყარი მტკიცებულებები, თუ როგორ გაბერეს ამდენად ხმები. არჩევნების დღეს მოსახლეობის მაღალი აქტივობა ყველას მოსწონდა, მაგრამ მე ცოტა შიშით ვუყურებდი. მე ახლოს ვცხოვრობ საარჩევნო უბანთან და ახალგაზრდობა არ იყო ბევრი. ძირითადად, უფროსი და საშუალო თაობის წარმომადგენლები მიდიოდნენ. აქტივობა ხელისუფლების მიერ მიყვანილი ხალხის ხარჯზე გაიზარდა.
კიდევ არის ერთი გაყალბების მეთოდი - ხალხი სოფლებიდან გადმოწერეს ქალაქში ანუ ერთი ამომრჩეველი დარეგისტრირებულია როგორც რაიონში, ასევე, თბილისში. ჩამოვიდნენ თბილისში, აქ მისცეს ხმა და მათ მაგივრად რაიონში სხვამ მისცა ხმა ისე, რომ ვერც გაიგო ვერავინ. როგორც წესი, ასეთი ხალხი ისეთი სოფლებიდან მოჰყავთ, სადაც დიდი კონტროლი არ არის და 4-5 ხმის მიმატება არ არის პრობლემა. ვფიქრობ, ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი იქნებოდა, თუმცა ამის დამტკიცება რთულია.
ასევე, დიდია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა, რამდენიმე ათეული ათასი. მათი დიდი ნაწილი ხელისუფლებას აძლევს ხმას, იმიტომ, რომ ეუბნებიან, შესაძლოა მოგიხსნათ დახმარებაო. ამას დაუმატეთ კრიმინალური სამყარო, ე.წ მეტადონშიკები - მხოლოდ თბილისში 200 ათასამდეა და ჩათვალეთ, რომ ყველა ხელისუფლების მხარდამჭერია. მე არ ვამბობ, რომ "ოცნებას" ალალად მისცა ხმა მილიონ 100 ათასმა ამომრჩეველმა. ძალიან მაღალი იყო გაყალბების ხარისხი, მათ შორის მოსყიდვის, დაშინების, დამუშავების, სხვისი პირადობის მოწმობების გამოყენების, დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, ბიულეტენის მანქანაში შეცურებამდე ჩანდა, ვის მიეცი ხმა და ეს ცალკეული პირების გარდა, არავის გაუპროტესტებია. თუმცა დასავლეთი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები რამდენად ჩათვლიან ამას იმდენად სერიოზულ დარღვევად, რომ არჩევნების შედეგი ეჭვქვეშ დადგეს, უცნობია.
სიმართლე გითხრათ, იმაშიც არა ვარ დარწმუნებული, ხვალ რომ ხელახლა ჩაატარონ არჩევნები, უფრო მეტი სხვაობით არ მოიგებს ხელისუფლება.
საერთოდ, განმეორებითი არჩევნები და მეორე ტურები არ მთავრდება ოპოზიციისთვის სასურველი შედეგით, რადგან ამისთვის საჭიროა მობილიზების რესურსი, რაც ხელისუფლებას ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. მეორეჯერ ხალხის ენთუზიაზმის გაღვივება ძნელია, მით უმეტეს, როდესაც ერთხელ წაგებული გაქვს.
- არსებობს შანსი, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს?
- რა უნდა შეიცვალოს, არ ვიცი. რევოლუციის ნიშნებს ვერ ვხედავ, არ არის. სხვა რა უნდა შეიცვალოს?! ბევრი რამ ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული ანუ რა უნდა ხელისუფლებას. ევროპა დაგვიწესებს სანქციებს, მერე მთავრობა იტყვის, აღარ ვუნდივართ ევროპას, მოვიგეთ არჩევნები, თუმცა დასავლეთს ქვეყნის სათავეში ისევ "ნაციონალების" მოყვანა სურს, ომში უნდათ ჩაგვითრიონო, და მსგავსი პროპაგანდა. თუმცა არა მგონია, ხელისუფლებამ ჯერ ასეთი რამ მოიმოქმედოს, არა მგონია, რომ მისი მიზანი ეს იყოს. ამაზე წამსვლელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გაუჭირდა, თუ მართლა იზოლაციაში მოექცა ქვეყანა. ჩემი აზრით, ბიძინას მიზანია და უნდა რუსეთთანაც კარგად იყოს და, ასე თუ ისე, ევროპასთანაც. ისე დაალაგოს სიტუაცია, რომ შიდა დემოკრატიაში დასავლეთი არ ერეოდეს. ხელისუფლების ქმედებები შეერთებული შტატების არჩევნებზეც არის დამოკიდებული. თუ ტრამპმა გაიმარჯვა, იმედი აქვთ, რომ უკრაინაში სწრაფად დაასრულებს ომს, ამის შემდეგ კი დასავლეთს მეტი ინტერესი ექნება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან გამონახოს საერთო ენა. ამ შემთხვევაში ევროკავშირში შევალთ თუ არა, კაცმა არ იცის, შეიძლება გადავადდეს, თუმცა დასავლეთთან ურთიერთობა ასე თუ ისე, გაუმჯობესდება. თუ ჰარისმა გაიმარჯვა, შესაძლოა უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს "ქართული ოცნება". დასავლეთმა თუ ჩათვალა, რომ ოპოზიციას არაფერი შეუძლია, პირდაპირ ხელისუფლებასთან დაიჭერენ საქმეს. ამიტომ სინქრონიზება დასავლეთსა და მის მოთხოვნებთან ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, ნაადრევია პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა. პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს პარლამენტისა და არჩევნების ლეგიტიმაციას. რატომღაც ამ ორ რაღაცას უკავშირებენ ერთმანეთს. ეს შეცდომაა. ოპოზიციის ხმები ხომ ნამდვილია, პარლამენტში შენი ამომრჩევლის გამო ხარ. ოპოზიციის დეპუტატი ხალხის წარმომადგენელია. გარდა ამისა, პარლამენტს აქვს ბერკეტები საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, პარტიების დაფინანსებისთვის. თუ პარტიების შენარჩუნება სურთ, დაფინანსება ხომ სჭირდებათ? ამიტომ მე არ ვიჩქარებდი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხის გადაჭრას. დასავლეთის აზრიც, არა მგონია, ბოიკოტისკენ მოწოდება იყოს, უფრო პირიქით.
რეალობა ასეთია - გაიმარჯვა სახელისუფლებო ძალამ. ვიღაცას არ უნდა ამის მიღება და, კი ბატონო, ვიბრძოლოთ, გავიდეთ ქუჩაში, მაგრამ მერე რა? თუ არა გაქვს დაგეგმილი რას აპირებ და რის მიღწევას ცდილობ, არაფერი გამოვა. პირველად ხომ არ ვუყურებთ ამ სიტუაციას?! თუ ვერ მიაღწევ წარმატებას, ეს დიდ იმედგაცრუებას იწვევს, ხდება ემოციური ვარდნა და ხელისუფლება უფრო მეტს იგებს...
წაიკითხე ვრცლად: „ამ კონტინგენტით შეუძლებელია მილიონი ხმა აეღო ოპოზიციას“