"დღეს ფრონტის ხაზი სააპელაციო სასამართლოსთან გადის!" - რას აცხადებს თამარ კორძაია?
დღეს, ოპოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბება და სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გააპროტესტებს - დღეს ფრონტის ხაზი სააპელაციო სასამართლოსთან გადის! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმაა, რომ ყველა კანონიერი გზით და საშუალებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მიაღწიონ.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის სადაო არ არის, რომ ეს არჩევნები ტოტალურად არის გაყალბებული და მიტაცებული. ამიტომ ოპოზიციის გეგმა არის ყველა კანონიერი გზით და საშუალებით მივაღწიოთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ამიტომ დღეს, ოპოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბება. სასამართლო სისტემაშიც აღმოჩნდნენ თავისუფალი მოსამართლეები და სხვებიც ვალდებულები არიან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიბაძონ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაში თეთრიწყაროს მოსამართლეს და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღონ. დღეს ფრონტის ხაზი სააპელაციო სასამართლოსთან გადის!“ - განაცხადა კორძაიამ.
ამასთან, კორძაიას მოლოდინი აქვს, რომ აშშ-ს ყველა იმ მოსამართლის მიმართ ექნება რეაგირება, „ვინც დღეს საქართველოს დემოკრატიას ასამარებს“.
„დარწმუნებული ვარ, რომ თეთრი სახლი კიდევ აძლევს შესაძლებლობას და შანსს საქართველოს მოსამართლეებს, რომ მათ სისტემაში არსებული სანქცირებული მოსამართლეების გზას არ დაადგნენ. ამ შესაძლებლობას უტოვებს, სანამ დავები არ დასრულდება. დავების დასრულების შემდეგ, თუ თეთრიწყაროს მოსამართლესავით ვერ გამოავლენენ სითამამეს და კანონის დაცვის პასუხისმგებლობას მოსამართლეები, ვფიქრობ, რომ რეაგირება ყველასთან მიმართებაში იქნება, ვინც დღეს საქართველოს დემოკრატიას ასამარებს“, - აღნიშნა კორძაიამ.
IPN