"ჩვენ შეიარაღებული ვართ სიმართლით - ამ ხელისუფლებას არაფერს დავუთმობ, ერთხელ დავიბადე ქართველად და ქართველად მოვკვდები"
ამ ხელისუფლებას არაფერს დავუთმობ, ერთხელ დავიბადე ქართველად და ქართველად მოვკვდები, თუ ამ დღეებში სიკვდილი მიწერია, მაგისთვისაც მზად ვარ, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის გეგმაა პარლამენტში არ შესვლა და არჩევნების შედეგების არაღიარება, ასევე, მტკიცებულებების შეგროვება.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, ოპოზიციის გეგმაა პარლამენტის პირველი სხდომა არ ჩატარდეს, ხოლო რაც შეეხება საბოლოო მიზანს, ეს არის არჩევნების ხელახლა ჩატარება.
,,ჩვენ შეიარაღებული ვართ ყველაზე ძლიერი იარაღით - ეს იარაღი არის სიმართლე, რომელიც ჩვენს მხარესაა, ამიტომაც ეშინია ხელისუფლებას. სასამართლო სისტემაში, ჩვენდა საბედნიეროდ, აღმოჩნდა ერთი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. როდესაც მოვისმინე მოსამართლე ხუჭუას სიტყვა, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან, როგორც ჩანს, სისტემაში ჯერ კიდევ გვყავს ასეთი გამბედავი მოსამართლეები, რომლებიც არ ფიქრობენ ისე, როგორც მდინარაძესა და ივანიშვილს გაუხარდებათ. ამ კაცმა აუყირავა ყველაფერი მურუსიძის ქარაქუცებს.
ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ არ ჩაგვიყრია ბიულეტენები და არ მოგვისყიდია არცერთი ადამიანი, ჩვენ არ გვყოლია კაპიტნები და კრიმინალები არ გვირბენინებია არჩევნებზე. მათ ჩაატარეს რუსული ოპერაცია და მოგვპარეს არჩევნები, უფრო მეტიც, ქვეყანას გვპარავენ და რუსეთში მიათრევენ, ამას ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებენ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩააცვეს ზუსტად ის ფორმები, რაც რუსულ ნაციონალურ გვარდიას აცვია, ბოდიში მოუხადეს ოკუპანტებს, რომ ჩვენში გატეხონ ის, რაც გვამოძრავებს - საქართველოს სიყვარული, მოგვკიდებენ მერე ხელს და წაგვასხამენ უკრაინაში, გვაომებენ უკრაინელების წინააღმდეგ, აფხაზებს და ოსებს ხომ მიერეკებიან უკვე, ასე გაგვრეკავენ ჩვენც.
ამ ხელისუფლებას არაფერს დავუთმობ, ერთხელ დავიბადე ქართველად და ქართველად მოვკვდები, თუ ამ დღეებში სიკვდილი მიწერია, მაგისთვისაც მზად ვარ, მე ამ ქვეყნიდან არსად გაქცევას არ ვაპირებ, სადამდეც შევძლებ ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ხელისუფლებები იცვლებოდნენ ხოლმე, როცა მათი დრო წავა.
საერთოდ არ მადარდებს მანდატი, სადამდეც შემიძლია ვიბრძოლებ, ამათ არ დავუთმობ არაფერს, ესენი არიან რუსები და ნელ-ნელა გვაგუებენ, რომ გაგვარუსონ. რუსეთს უკრაინის ომში ადამიანური რესურსი ეწურება და ახლა ჩვენგან ცოცხალი ძალა სჭირდებათ. ბიძინა ივანიშვილს სულ არ ადარდებს, არც ეს ქვეყანა და, არც რომელიმე პოლიციელი, მას თავის ფულის გარდა არაფერი ადარდებს.
ყველა გვეკითხება, გვაქვს თუ არა გეგმა. დიახ, გვაქვს. პარლამენტში არ შესვლა და არჩევნების შედეგების არაღიარება, მტკიცებულებების შეგროვება, რაც უკვე საკმარისზე მეტი შეგროვდა, სამართლებრივი პრეცედენტებიც შეიქმნა, რომ არჩევნების მთავარი პრინციპი - ფარულობის შენარჩუნება იყო დარღვეული. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არცერთი ქვეყანა, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ, ვენესუელა, ნიკარაგუა და რუსეთი ულოცავს კობახიძეს გამარჯვებას და ისიც ბედნიერია, ამათ გარდა მოკავშირე აღარ დარჩათ. ჩვენს გეგმაშია ასევე ბრძოლა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა არ ჩატარდეს, მივაღწიოთ საერთაშორისო გამოძიებას. ჩვენი გეგმის ბოლო იქნება, რომ ჩატარდეს პატიოსანი არჩევნები, სადაც კოალიციური მმართველობა გაიმარჯვებს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია "მოქალაქეების" პრესსამსახური ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"