მძიმე დღეები ზელენსკისთვის: პუტინის ჯარები უკრაინაში წინ მიიწევენ - რა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა უკრაინის სარდლობამ?!
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „სანამ აშშ-ში პრეზიდენტს ირჩევენ, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ შეტევას აძლიერებს“ (ავტორები - ჯეიმს კილნერი და როლანდ ოლიფანტი), რომელშიც განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე შექმნილი სიტუაცია, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. მოქმედებს თუ არა არჩევნები ომის მსვლელობაზე?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რადგან რუსეთის ჯარებმა უკრაინაში, ფრონტის ხაზის გასწვრივ, შეტევები გააძლიერეს, აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა შეიძლება, ომის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინონ, მისი შესაძლო დასრულების თვალსაზრისით.
რუსეთის საარმიო ქვედანაყოფებმა, თითქმის ნახევრად, ალყა შემოარტყეს ქალაქ კურახოვოს, რომელიც, სამხედრო დამკვირვებლების აზრით, დონეცკის ოლქის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ პუნქტად ითვლება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო კვირაში რუსეთის ჯარებმა რეგიონში ზოგიერთი მიმართულებით წინ წაიწიეს, დაახლოებით 7-8 კილომეტრის მანძილით. ანალიტიკოსების თქმით, ოქტომბერში რუსეთმა უკრაინის ყველაზე მეტი ტერიტორია დაიპყრო, ვიდრე სხვა ნებისმიერ თვეში - იმის მიუხედავად, რომ ომმა გაჭიანურებული ხასიათი მიიღო.
როგორც კიევში მყოფ „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტს ერთ-ერთმა ექსჩინოვნიკმა აცნობა, რუსეთის ჯარებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფრონტის ხაზზე შეტევები გააძლიერეს: „სამწუხაროდ, ჯო ბაიდენი არასწორად იქცევა, როცა უკრაინისათვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემაში თავს იკავებს“, - ამბობს ალექსანდრე დანილიუკი, რომელიც ქვეყნის ფინანსთა მინისტრი 2018 წლამდე იყო, - „ამიტომაც რუსები სიტუაციით სარგებლობენ და თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ მისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებს, რათა ჯო ბაიდენის გაუბედაობის წყალობით, რაც შეიძლება მეტს მიაღწიონ“.
კიდევ ერთი ჩინოვნიკის თქმით, რუსეთის არმია თავისებურად მოქმედებს და ხშირად არ შეესაბამება ამერიკულ სტანდარტებს.
პაველ ფედოსენკო - უკრაინელი ოფიცერი, რომელიც ამას წინათ რუსების ოკუპირებულ ქალაქ სელიდოვოს ახლოს იბრძოდა, ამბობს, რომ მოსკოვის ჯარები ამჟამად უფრო მეტად გააქტიურდნენ იმის გამო, რომ მათმა სარდლობამ გარკვეული ვადები დაუწესა, თუმცა მას არ სჯერა, რომ რუსი სამხედროების გაფართოებული მოქმედება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. „რუსებისათვის სულ ერთია... საეჭვოა, რომ რუსმა ქვეითებმა ამერიკის არჩევნების მიმდინარეობა იცოდნენ. მათ აქვთ ამოცანა და იძულებულები არიან, სარდლობის მითითებები შეასრულონ. რუსებს რაიმე მოტივაცია უკვე აღარ აქვთ“.
ემილ კასტეჰელმი, ფინელი ანალიტიკოსი, ვარაუდობს, რომ რუსეთის წარმატებები, ალბათ, უკრაინის არმიის თავდაცვითი ზღუდეების სისუსტით, იარაღის უკმარისობით და ცოცხალი ძალის დეფიციტით არის განპირობებული. მისი თქმით, „უკრაინის არმიას ახალწვეული ჯარისკაცები არ ჰყოფნის, რომ ფრონტზე დაღლილ-დაქანცული ქვედანაყოფები ჩაანაცვლოს, მათი როტაცია განახორციელოს და წინა ხაზზე რეზერვები გაიყვანოს... ეს ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს საერთო მდგომარეობაზე“.
როგორც ემილ კასტეჰელმი აღნიშნავს, ფრონტის ხაზის გასწვრივ არსებული უკრაინული თავდაცვითი ზღუდეების არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება. ზოგიერთ ადგილზე თავდაცვითი გამაგრებული ზღუდეების ქსელი საერთოდ არ არსებობს. რუსებმა მოახერხეს სუსტი ადგილების მოძიება და წარმატებით სარგებლობენ: „ამჟამად ისინი, დაახლოებით, 225 კვადრატული კილომეტრის ფართობით ისეთ ადგილზე იმყოფებიან, სადაც არავითარი ბარიერი არ არსებობს, მათ გვერდი აუხვიეს უკრაინელთა სანგრებს და ქალაქს მიუახლოვდნენ“.
„ეს რუსული სამხედრო დოქტრინის ნაწილია, რომლის თანახმად, ეძებენ სუსტ ადგილს, მასზე ზეწოლას ახდენენ და უკრაინის არმიის რესურსებს იზიდავენ“, - ამბობს ემილ კასტეჰელმი.
ასეთივე თვალსაზრისი აქვს ჯონ ფორმანს - დიდი ბრიტანეთის ყოფილ სამხედრო ატაშეს მოსკოვში და კიევში, რომელიც ასევე ამბობს, რომ უკრაინის არმიამ, კურსკის ოლქში შეჭრით, ზედმეტად გაფანტა თავისი ძალები.
„კიევის არმიის სარდლობა მოტყუვდა. კურსკის ოპერაცია რუსეთისათვის რაიმე მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ გამხდარა. მოსკოვმა თავისი ძალები არ დაქსაქსა და დონბასიდან კურსკში არ გადაისროლა. კრემლი შეეგუა კურსკის ოლქის მცირე ნაწილის დროებით ოკუპაციას, ფრონტის სხვა მონაკვეთზე უფრო დიდი წარმატების მიღწევის სანაცვლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, კურსკის ოლქში შეჭრა უკრაინის არმიის სარდლობის სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს", - ამბობს ჯონ ფორმანი.
ომის მსვლელობაში ამინდს თავისი კორექტივები შეაქვს. გვიანი შემოდგომა უგზოობას, წვიმას და ღრუბლიანობას ნიშნავს. როგორც ალექსანდრე ბოროდინი, მე-3 შემტევი ბრიგადის წარმომადგენელი ამბობს (ბრიგადა ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში იბრძვის), ბოლო დროს, ამინდის გაურესების გამო, რუსების დრონების აქტიურობა შემცირდა: „რაც უფრო უარესდება ამინდი, მით უფრო ძნელდება მოწინააღმდეგისათვის ავიაციისა და დრონებით სარგებლობა...“, - ამბობს უკრაინელი ოფიცერი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ფრონტისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენად თვლის. „მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენები კურსკის ოლქში როცა შეიჭრნენ, რუსებმა დონბასში თავიანთი შეტევები, პასიურობის ნაცვლად, უფრო გაააქტიურეს“.
უკრაინის ნეგატიური პერსპექტივა ფრონტზე განმტკიცებულია რიგითი ჯარისკაცების ნათქვამითაც, რომელთა მიხედვით, „სიტუაცია კრიტიკულია“. აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს, რომ ამჟამად კურსკის ოლქში თავმოყრილია ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის 12-ათასიანი დაჯგუფება, რომელიც ამ ტერიტორიიდან უკრაინის არმიის ქვედანაყოფების გასადევნად ემზადება.
აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლის, რობერტ ლის თქმით, კორეელი ჯარისკაცების არსებობა კიდევ უფრო გაფანტავს უკრაინის არმიის ძალებს.
„დღეს რუსეთის ყველაზე დიდი უპირატესობა ცოცხალ ძალაში გამოიხატება. კრემლმა დახმარება ფხენიანიდან მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ კორეელებს საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ, ისინი რუსებისათვის წარმატების ერთგვარ იმედს ქმნიან“, - ამბობს ანალიტიკოსი და ხაზს უსვამს, რომ კორეელი ჯარისკაცების მეშვეობით, უახლოეს დღეებში სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.